მეზობელმა ქალმა გვითხრა, ბარგი შეკარით და თუ რაღაც იქნება, ჩვენს საგვარეულო კოშკს გავაღებ და იქ შევიმალოთო... კუვეიტში ერაყს ქიმიური იარაღი აუფეთქებია და შავი წვიმა მოდის თურმე ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
მესამე ნაწილი. იხილეთ მეორე ნაწილი
20 ნოემბერი, სამშაბათი. პარლამენტში პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. მთელი ქართველობა გახარებულია. მოსკოვში სესია ჩატარდა. იქ პრეზიდენტის პირველი მოადგილე ასათიანი წავიდა. მისი გამოსვლის მერე, გორბაჩოვმა თითქმის მუქარით თქვა, ყველა რესპუბლიკა ერთად უნდა იყოსო; არავის აქვს უფლება, გავიდეს და შემოვიდეს თავის ნებაზეო. ოჰ, ეს საზიზღარი, თავისი დიდი ლაქით!
წინა დღეს გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელი. ემიგრაციაში იყო და ოქტომბერში დაბრუნდა. 66 წელი ინახავდა ქაქუცას დატოვებულ დროშას. ჩამოიტანა და მთავრობის სახლის თავზე გამოკიდეს. ახლა კი სულხანიშვილი ქართულმა მიწამ მიიბარა.
ახლა "ჯეინ ეარს" ვკითხულობ. უკვე ვამთავრებ. ძალიან მომწონს.
ხო, მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა წმინდა, რელიგიური დღე უქმედ უნდა გამოცხადდეს. ამიტომ გიორგობას დავისვენებთ.
გუშინ შეშა მოგვიტანეს და ახლა მამა ხერხავს.
სკოლაში დიდი ბიჭები ძალიან გათავხედნენ. მასწავლებლებს ისე ელაპარაკებიან, როგორც თავიანთ ტოლებს. სკოლის ფორმები უკვე კაი ხანია აღარ გვაცვია; აჭრელებულები დავდივართ.
ამ სამ დღეში სამი დიდი წიგნი წავიკითხე. სამივე კარგი იყო. დედა მიჯავრდება, გადაიღლებიო. თან, როცა წიგნს კითხულობ არც მე მეხმარები და გაკვეთილებზეც აღარ ფიქრობო. ამიტომ გადავდე წეღან "ჯეინ ეარი" და ჯერ ოთახები დავალაგე, მერე კი გაკვეთილები ვისწავლე. ახლა ზუსტად 10 საათია.
17 დეკემბერი, ორშაბათი. მოკლედ, ძალიან იშვიათად ვიცლი საწერად. მაგრამ ხან სულ არაფერი ხდება და არც ვიცი, რა დავწერო ხოლმე.
გუშინწინ მამა ჩამოვიდა. ბებოს უამრავი რაღაც გამოუტანებია ჩვენთვის; მანქანა სულ გატენილი ჰქონდა მურაბებით, კონსერვებით, ჩურჩხელებით, ჩასაცმელით...
დღეს ბარბარობაა, ბედობის დღე. საეკლესიო დღეა. მე ეს მხოლოდ ახლა გავიგე. რამდენი რამე არ ვიცი?!
ოსები ძალიან ურევენ, ცხინვალში კომენდანტის საათია. ჩვენამდე მოვიდა ამბავი, რომ იქ ოსების მაგივრად რუსები მოქმედებენო. ქართველებს ჩხრეკენ და იარაღს ართმევენ, ოსები კი კომენდანტის საათის დროს თავისუფლად დადიან და მიტინგებსაც ატარებენ. რუსების მიერ ქართველების ჩხრეკისას უკვე 4 ქართველი დაიღუპა. ეს ყველაფერი კი წელს, 4 იანვარს დაიწყო. როცა ოსებმა აკვანში მოკლეს 9 თვის ბავშვი ნიკორაშვილი, მერე კი ახალგაზრდა ბიჭი ვეფხვია თუთარაშვილი მიაყოლეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ... ძალიან დაძაბული სიტუაციაა.
ჯარისკაცების შემოსვლაში ჯაბას ხალხი ბრალს პარლამენტს სდებს. ხალხი დაბნეულია, ყველა თავს იმართლებს, ვის დავუჯეროთ, აღარ ვიცით...
გუშინწინ 9 აპრილს მოწამლული გოგო გარდაიცვალა, ამდენი ხანი სულ ავად ყოფილა...
აი, ახლაც ტელევიზორში ამ ჯარის შემოყვანის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს ირინა სარიშვილი.
ჩემი კლასელები, მარი და ლია სულ გადაირივნენ, ძალიან სულელურად იქცევიან. წინა დღეს ზურიკოსთვის დაურეკიათ და უთქვამთ, მამაშენი მექრთამეაო; მერე გიას დაურეკეს და უთხრეს, მამაშენი ქურდი იყოო. დღეს დიდი გარჩევები ჰქონდათ. მშობლებიც ჩაერივნენ და... მარი იმხელა ქალებს ხელებით ელაპარაკებოდა...
24 დეკემბერი, ორშაბათი. გუშინწინ დაგვითხოვეს. იმავე დღეს დიდი უბედურება მოხდა. მესტიისკენ მიმავალი სამი კაცი ავარიაში მოჰყვა. ერთი გარდაიცვალა, ორი მძიმედაა. მთელი დღეები წივილ-კივილი ისმის.
საზიზღარი ამინდია, მოჟამული. სამი დღეა თოვს. სინათლეებს ხშირად აქრობენ, ძალიან ცივა. გარეთ რომ გავდივარ, ყინვისაგან თმები და წამწამები მითეთრდება. ეზოდან რომ ამოვდივართ, ჩექმები სულ თოვლით გვაქვს სავსე, ხელები კი - დაწითლებული და გაყინული. ღუმელს რომ მივუშვერთ, საშინლად გვტკივა. მამა გვიყვირის, ჯერ ცივ წყალში ჩაყავით ხელები და მერე გაითბეთო, მაგრამ ვის ესმის?! დილას, სანამ დედა ღუმელში ცეცხლს არ აანთებს, არ ვდგებით. მერე ავკრიფავთ ტანსაცმელს და ღუმელთან ვიცვამთ, სითბოში.
დღეს სახურავებს თოვლავდნენ; კაცებს კისრამდე სწვდებოდათ თოვლი. მამამაც გადმოთოვლა... ფანჯრის მინები გაყინულია. იმ ოთახებში, სადაც ღუმელი არ გვინთია, ისე ცივა, ვერ გაჩერდები.
ნათესავებს და მეგობრებს საახალწლო მოსალოცები გავუგზავნეთ, მართალია ჯერ ადრეა, მაგრამ გზები ჩაკეტილია და როდის მიაღწევს, კაცმა არ იცის.
ახლა რადიოში ექსტრასენსი კაცი რაღაცას ლაპარაკობს და დედა უსმენს.
ხო, მართლა, ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა საუბრები უცხოპლანეტელების შესახებ. ხან სად ხედავენ მფრინავ თეფშებს, ხან სად. ზოგი ვითომ კონტაქტში შედის მათთან. არ ვიცი დავიჯერო თუ არა... აქ კიდევ, ტყის კაცებზე ლაპარაკობენ, ვითომ ტყეში ხვდებიან ადამიანებსო. კახიმ მომწერა, ეს ყველაფერი ურწმუნოების გამო ხდებაო. ალბათ ასეა.
ახლა წავალ დავიძინებ, სანამ ცეცხლი არ ჩამქრალა.
9 იანვარი, ოთხშაბათი, 1991 წ. ახალი წელი ცოტა უფერულად გავატარეთ, დღეს კი უკვე სწავლა დაგვეწყო.
ოსებმა რუსეთის ჯარი მოითხოვეს. ცხინვალში მდგომარეობა დაძაბულია, და ჩვენი მილიცია სიტუაციის მოსაგვარებლად წავიდა. მაგრამ ოსებს რუსების ჩასვლა ურჩევნიათ.
ახლა გორბაჩოვსაც უნდა, რომ რესპუბლიკებს "ხელი მოუჭიროს". გუშინ "ვრემიაში" გამოაცხადეს, რომ უნდა დაძებნონ და დააბრუნონ წვევამდელები. არადა, რუსი სამხედროები ძალიან ცუდად ექცევიან იმ ერის წარმომადგენლებს, სადაც დაწყებულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ახლახან "ვრემიაში" გადმოსცეს, რომ საქართველოს მილიციამ უნდა დატოვოს ოსეთი და რუსული ჯარი შეუშვას იქ. პარლამენტი მგონი წინააღმდეგია. დედამ თქვა, რუსები სულ ლოთები და საზიზღარი ჯარისკაცები არიანო. არადა, თუ ოსეთში შეიყვანენ ჯარს, შეიძლება მთელ საქართველოს შემოესიონ. გოგოები ვლაპარაკობდით დღეს, რომ ძალიან საშიშია, თან ეს ლოთი ჯარისკაცები რა იცი, რას იზამენ, მით უმეტეს გოგოებთან. მე არ მითქვამს, მაგრამ გულში კი გავიფიქრე, სანამ ჩემთან მოვლენ, მანამდე თავს მოვიკლავ-მეთქი. ერთი დიდი დანაც გავლესე.
მოკლედ, ამ ოსებმა გააწყალეს გული, ვეღარ ვიტან. ძალიან მეშინია. ბევრი სალაპარაკო მქონდა, მაგრამ ახლა ვეღარ დავწერ, ხასიათი გამიფუჭდა.
14 იანვარი, ორშაბათი. დღეს ძველით ახალი წელია. სკოლაში არ წავედით, ეზოში ისეთი ლამაზი თოვლის ქალაქები ავაშენეთ, თვალები ზედ დაგრჩებოდა. მე და ნიკა სულ სველები ამოვედით, გიო შორიდან გვიყურებდა პალტოში გამოკრული და სასაცილოდ აფახულებდა თვალებს. ძალიან საყვარელია, მთელი დღე თან დაგვდევს.
გუშინ დილას გამოაცხადეს, რომ კვირას 4 საათზე (ღამე) ლიტველებს რუსის ჯარი დაესიათ. ტელევიზია აუღიათ. ერთი ამბავი ყოფილა. ერთი ლიტველი გოგო კი დილას ტანკით გასრესილი უნახავთ. მოკლედ, მეორე 9 აპრილი დაუტრიალებიათ. "ვრემიაში" თქვეს, რომ ლიტველმა ხალხმა დაიწყო ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის. ქართველი ხალხი ლიტვას სოლიდარობას უცხადებს. თურმე იქაც ნიჩბებით ურტყამდნენ... ეჰ, დიდი რომ ვიყო და ფული მქონდეს, წავიდოდი და შიგ იმ საზიზღარ ლაქაში გავარტყამდი ტყვიას გორბაჩოვს...
ამასწინათ ერთ-ერთ გაზეთში ეწერა, რომ ქართველ არქეოლოგებს სვეტიცხოველთან ახლოს ნოეს კიდობანი აღმოუჩენიათ. ვითომ ქრისტეს ხელნაწერიც იყო და ეს კიდობანი საქართველოს მიაბარაო. ყველას გვიხარია. ალბათ მართალია. ე.ი. ღმერთი ქართველ ხალხს იხსნის წარღვნისაგან.
კუვეიტში კი ერაყს ქიმიური იარაღი აუფეთქებია და შავი ფერის წვიმა მოდის თურმე. ერთი გაზეთი წერდა სადამ ჰუსეინი სტალინის შვილიშვილიაო. ისე, კი გავს სახით.
ახლა 100-იანები და 50-იანები გაუფასურდა და ხალხმა უნდა გადაახურდავოს. მალე ფულიც გამოიცვლება. პარლამენტში თქვეს, ჯერ ბანკები და საერთოდ, ფულის საკითხი რუსეთზეა დამოკიდებული და ჩვენ ვერ მივდივართ ამის წინააღმდეგო.
მე ყულაბაში ცოტაოდენი ფული მაქვს და დროზე უნდა დავხარჯო, რომ არ გაუფასურდეს.
ახლა 9 საათი ხდება. ისტორიას ვისწავლი, წიგნს წავიკითხავ და მერე დავწვები.
4 თებერვალი, ორშაბათი. ამ ხანში ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში, ძალიან დიდი სიახლეა მთელ ოჯახთან დაკავშირებით. მამამ თბილისში სახლი იყიდა და ძალიან მალე უნდა გადავიდეთ. სამხედროების კორპუსი ყოფილა და ერთ-ერთი სამხედრო (მგონი პოლკოვნიკი) რუსეთში წასულა, მისი სახლი კი მამას უყიდია. ახლა აქ გავყიდითო და წავალთო, - თქვა მამამ. დედა ძლივს დაბრუნდება თავის მშობლიურ თბილისში. მეც ერთი სული მაქვს, როდის გავემგზავრებით, მაინტერესებს ახლი სახლი, ახალი სკოლა, ხალხი. თუმცა თან ძალიან მენანება აქაურობა, თითქოს არც მინდა წასვლა, ვიცი, მომენატრება. მამა კი ძალიან აქებს იქაურობას, სკოლა ახლოსაა, პოლიკლინიკაც და საერთოდ, კარგი ადგილიაო. თან ბებოსთან ახლოს ვიქნებით... სამოთახიანი ბინაა ორი ლოჯით, აივნით; ვნახოთ...
ჩვენი დამრიგებელი, დალი, სულ რელიგიაზე გველაპარაკება. გვიხსნის, გვიკითხავს საღმრთო ისტორიას და "ჯვარი ვაზისას" ნომრებს. ამ დღებში კი კლასის საათი უნდა ჩავატაროთ ბიბლიასთან დაკავშირებით.
გიოს კატუნია ჰყავს, ძალიან საყვარელია. დედა სულ იმის დევნაშია. დილაობით გიოს უხტება ხოლმე ლოგინში და აღვიძებს, კნავის, ეგლისება.
მამამ სამუშაოც თბილისში იშოვა და აქ იშვიათადღა ჩერდება. ჩვენ კი მთელი საღამო მომავალ სახლზე ვლაპარაკობთ და ათას რაღაცაზე ვოცნებობთ...
15 თებერვალი, პარასკევი. გუშინ დაბადების დღე მქონდა; 14 წლის გავხდი, უკვე დიდი ვარ. ჩემი მეგობრები მოვიდნენ და მომილოცეს, კარგად გავერთეთ, ოღონდ ცოტა ნაღვლიანები ვისხედით სუფრასთან, რადგან მალე გავემგზავრები და იშვიათად ვნახავთ ერთმანეთს. სულ მეფერებიან და მკოცნიან. არ უნდათ ჩემი გაშვება. არც მე მინდა მათთან განშორება. მაგრამ აბა, რა ვქნა?!
ოსები ისევ აბუნტდნენ, გააწყალეს გული. ავტონომია უნდათ, სისხლი იღვრება, ახლა აფხაზებმაც დაიწყეს, მოკლედ მტერი და ავის მსურველი არ ილევა. დაიჭირეს ჯაბა იოსელიანი და მისი რამდენიმე "კოლეგა". მათ "მხედრიონი" ჰქონდათ შექმნილი, ვითომ საქართველოს დასაცავად, სინამდვილეში კი, ძარცვის მეტს თურმე არაფერს აკეთებდნენ.
დღეს ცუდი დღე იყო. შატალოზე წავედით. სულ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მარტო მე ხომ არ დავრჩებოდი კლასში, ყველანი წამოვედით. ახლახანს ჩემმა კლასის დამრიგებელმა დარეკა და დედა დაიბარა სკოლაში.
ვნატრობ, მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, ისე მეშინია, ნეტა მამა არ მოვიდეს, თორემ ჩემს ოთხებს რომ ნახავს... თუმცა მამამ თქვა, მე არ ჩავალ სკოლაშიო. მაგრამ შიში სულ არ მიქარწყლდება...
შიშის დროს მუცელი მტკივდება ხოლმე. ახლაც ასეა, რა საშინელებაა... ფუ, რა მშიშარა ვარ, ჩემი თავი მძულს. არა, არ ვნანობ, რომ წავედი შატალოზე!.. ოხ, აღარაფრის დაწერა არ შემიძლია...
11 მარტი, ორშაბათი. დღეს ყველა ძალიან ნერვიულობს. ხმა გავრცელდა, თითქოს აფხაზები საზღვარზე გადმოდიან. თითქმის ყველა მამაკაცი წაიყვანეს. მამაც წავიდა. ყველას ეშინია.
ჩვენი კორპუსელები ერთად შეიკრიბნენ და ბჭობენ. არადა, კაცები უმთავრესად ერთ მხარეს განლაგდნენ, სხვა მხრიდან რომ შემოვიდეს მტერი; იქ სულ 10 კაცამდე თუ დგას დარაჯად, ეგრევე შეესევიან ხალხს. ზოგიერთი ქალი ამბობს, ვედროებით დავდგათ წყალი და ავადუღოთ, თუ მოვიდნენ, სახლებიდან ცხელი წყალი გადავასხათ და თავი დავიცვათო, სახლებში არსებული ყველა დანა, ნაჯახი, ხერხი ერთად არის შეკრებილი. ჩვენი მეზობელი, აზას მამა (ერთადერთი ის შემოგვრჩა მამრობითი სქესისა) აივანზე თავის ორ თოფს ამაგრებს, რომ მზად იყოს... თან, მიუხედავად ყველაფრისა, ხუმრობენ და ერთმანეთს ამხნევებენ, რომ წინასწარ გული არ გაუსკდეთ. ძალიან გულადები არიან.
ჩვენმა მეზობელმა ქალმა გვითხრა, ბარგი შეკარით და თუ რაღაც იქნება, ჩვენს საგვარეულო კოშკს გავაღებ და იქ შევიმალოთო.
პირველადი მოხმარების საგნები შევკარით. დედამ კვერცხები მოხარშა, პური ჩადო. თან ცრემლები მოსდის. მე ყველაზე მეტად გიო მეცოდება, ასეთი პატარა როა, ვერაფერს ვერ ხვდება, გაოცებული გვიყურებს.
ძალიან მეშინია, დაბნეული დავდივარ ოთახიდან ოთახში და ხან გიოს გაფართოებულ თვალებს ვაწყდები, ხან ნიკას თვალებს, რომლებიც ძალიან ძნელად მალავენ შიშს. ის სულ ერთი წლითაა ჩემზე პატარა, მაგრამ მაინც ვაჟკაცობს და არ იმჩნევს.
უფროსები ქვემოთ სხედან და ლაპარაკობენ. აქა-იქ სიცილიც გაისმის, ოხუნჯობაც, მაგრამ მიხვდები, როგორ ეშინიათ და თავს იკავებენ. ნეტავ ღმერთი დაგვიფარავდეს!
12 მარტი, სამშაბათი. მშვენიერი დილა გათენდა. ზეზეურად ვეყარეთ საწოლებზე, უფროსებმა კი გარეთ გათენეს ლაპარაკში. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. კაცებიც სახლებში დაბრუნდნენ. კიდევ ერთმა დღემ განვლო მშვიდობიანად. ამ ბოლო დროს რამდენჯერ ავფორიაქდით, ვინ მოთვლის. სულ რაღაცის გვეშინია. საწყალი მშობლები სულ ჩვენზე დარდობენ. მეცოდებიან.