"ბიჭი რომ ვიყო და ცოტათი დიდი, აქამდე ალბათ ოცჯერ მოვკვდებოდი ამ სხვადასხვა ბრძოლებში..." ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
მეოთხე ნაწილი. იხილეთ მესამე ნაწილი
8 აპრილი, ორშაბათი. უკვე ერთი კვირაა თბილისში ვცხოვრობთ, ახალ სახლში. ძალიან კმაყოფილი ვარ. სახლიც მომწონს და სკოლაც. ბებოსაც უფრო ხშირად ვხედავთ. მე-8 კლასში ვარ, 31 ბავშვია ჩვენს კლასში. ისე კი, ხუთი მე-8 კლასია. სვანეთში რომ ვიყავი, ჩვენს სკოლაში ერთი მე-8 კლასი იყო და იქაც სულ 22 მოსწავლე ვიყავით.
ჯერჯერობით ძალიან დაბნეული ვარ, დაკომპლექსებული. აქ ცოტა უფრო თამამი ბავშვები არიან და რაღაც სხვანაირი ურთიერთობებია. იქ უფრო მეგობრულად ვიყავით გოგონები და ბიჭები. ხანდახან დალაპარაკებაც მრცხვენია, მგონია, რომ კილო მაქვს.
ინგლისურის და ქართულის მასწავლებლები იქ უფრო მცოდნეები და კარგები მყავდა, ვიდრე აქ. ქიმია კი აქ არის გაძლიერებული და არ ვიცი, რა მეშველება. ვერ ვიტან მაგ საგანს.
ჩვენს კორპუსში უმთავრესად სამხედროები ცხოვრობენ, რუსები. მაგრამ თანდათან წასვლას აპირებენ და ალბათ ქართველები შემოგვემატებიან.
9 აპრილი, სამშაბათი. დღეს ცრემლნარევი სიხარულის დღეა. 9 აპრილს დაღუპულთა სულები ალბათ ხარობენ. დღეს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ყველა გახარებულია. საქართველო განთავისუფლდა! ლექსიც კი დავწერე სიხარულისგან.
ყველა ზეიმობს, რუსთაველზე მიტინგია. ჩვენც საზეიმო სუფრა გავშალეთ და ოჯახურ ატმოსფეროში აღვნიშნეთ ეს დღესასწაული.
კრემლი კი არ ისვენებს. ოსებმაც წინა დღებში ცოცხლად დაწვეს 4 ქართველი. შინაგანი ჯარების რაოდენობა ყოველდღე მატულობს. დღეს ერთ-ერთ რაზმს რომელიღაც სოფელში ეკლესიები დაუწვავს. ოსი ქალები კი, ვინც ქართველ კაცებზე არიან გათხოვილნი, ბავშვებს ტოვებენ და რაზმებში მიდიან. საშინელებაა!
2 აპრილიდან ყველაფერი გაძვირდა, სამმაგი ფასი დაედო...
გიოს უცებ თვალები დაებრიცა, ხან ერთს აელმებს, ხან მეორეს. ჯერ გვეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ ექიმმა თქვა, სიელმე აქვსო. თურმე ფიზიკურ ტრავმას და მაღალ სიცხეს მოჰყვება ასეთი რამ. ახლა სათვალე უნდა გაუკეთონ. ძალიან ვნერვიულობთ. შეიძლება გაუაროს, რადგან შეძენილია და დაბადებიდან არა აქვსო. ვნახოთ.
ჩვენს სკოლაში დიფერენცირებული სწავლება შემოიღეს. მე ჰუმანიტარულზე მინდა შესვლა.
ხო, გუშინ ჩემი ნათლია და იმის მეგობარი იყვნენ. საღამოს მამასთან ერთად ფანდურის თანხლებით ისე კარგად იმღერეს ხალხური სიმღერები, მთელი კორპუსი გუგუნებდა. ფანჯრები გამოვაღეთ, რომ უფრო უკეთ გაეგოთ "ჩვენს" რუსებს და სხვებსაც. დავტკბი მათი ხმით.
საღამოს ჩემი მეგობრის წერილი მივიღე მესტიიდან და სიხარულისგან ლამის დავფრინავდი.
ძალიან მენატრება სვანეთი. ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. მეგონა, უფრო ადვილად გადავიტანდი, მაგრამ ძალიან ვდარდობ. ვცდილობ არ ვიფიქრო, არ გამომდის. თან სულ არეული სიტუაცია რომ არის... აქაც ვერ ვეგუები, ვერ ვეჩვევი. მერჩივნა იქ; სილამაზეს მაინც ვუყურებდი ყოველდღე, სხვა თუ არაფერი.
30 აპრილი, სამშაბათი. გუშინ მიწისძვრა მოხდა რაჭაში, ყველაფერი დაანგრია. მხსვერპლიც ძალიან დიდია. მგონი ძალითაა მოწყობილი! აქაც იყო, მაგრამ სუსტად. თურმე ჩვენი კორპუსი კარგად არის აშენებული, აქ ხომ სამხედროები ცხოვრობდნენ და მათზე, რა თქმა უნდა, იზრუნებდნენ...
გამსახურდიაზე ძალიან ბევრ ცუდს ამბობენ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. პატიაშვილს აქებენ, თურმე ჩაწერილია კასეტა, თუ რა ხდებოდა 9 აპრილს შიგნით, მთავრობის სასახლეში; თუ როგორ წინააღმდეგობას უწევდათ პატიაშვილი. ყვიროდა, ნუ აკეთებთ ამას, გაჩერდითო. სხვები კი აჩუმებდნენ. ახლა რომელიღაცა საწარმოს უფროსია. ზვიადს რევიზია მიუგზავნია, მაგრამ საწარმოს ერთი გადახრაც ვერ უნახეს, უნდოდა, რომ ციხეში ჩაესვა.
26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია, ალბათ ზვიადი გაიმარჯვებს. ამ ბოლო დროს სულ მეუღლესთან ერთად დადის მიტინგებზე და ამბობენ, ცოლი და ცოლისდა მართავენ ქვეყანასო. შაბათ-კვირას შეჯიბრებაა მკლავჭიდში. ნათლიაჩემი თუ აქ იქნება, ნიკას წაიყვანს საყურებლად.
ახლა სვანეთში გასაგზავნი წერილები უნდა დავწერო.
16 მაისი, ხუთშაბათი. ამ დღებში ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გვესტუმრნენ, შარშან პატარა ბავშვი მოუკვდათ, 2 წლის. ცხელ ქვაბში ჩავარდა და ვეღარ გადაარჩინეს, მეოთხე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა. თბილისში რეანიმაციაში გარდაიცვალა. ანგელოზივით ბავშვი იყო, ძალიან ლამაზი. ჰოდა, ბიცოლაჩემი დედას ელაპარაკებოდა და აი, რა უამბო: - თურმე ბავშვის სიკვდილის შემდეგ, სახლში პატარა, თეთრფეხა თაგვი მიეჩვიათ. ერთ დღესაც ბიცოლაჩემს ბიძაჩემისთვის უთქვამს, ხაფანგი დაუგეო. იმავე ღამეს კი დასიზმრებია, ვითომ ბავშვი ცოცხალი იყო და მამასთან გორაობდა საწოლში. უცებ მოტრიალდა და დედას უთხრა: - დედა, ის თაგვი არ მოკლა, მე ვარო! გადატრიალებულა და თაგვად ქცეულა.
იმ დღის მერე, ბიცოლაჩემი რძეს უდგამს იმ თაგვს. ისიც მოდის და მიირთმევს.
ერთხელ თურმე ბავშვს აგინებდა და თვითონაც აკვანთან ჩასძინებია. რაღაც ფაჩუნმა გამოაღვიძა... ხელზე თაგვი ეჯდა, ეფერებოდა.
გაოგნებული ვუსმენდი, საოცრებაა.
ადრე ტიციან ტაბიძეზე თქვა ნიტა ტაბიძემ, ტელევიზორში. თურმე პოეტის სახლ-მუზეუმში ერთ კუთხესთან მერცხალს ბუდე აქვს გაკეთებული. ერთხელ ნიტას რაღაც წიგნი აუღია, რომლიდანაც ფურცელი გამოვარდნილა; მასზე ხელნაწერი ლექსი იყო, "მე მოვკვდები, მერცხლად მოვალ"... ძალიან უცნაური, აუხსნელი მოვლენები ხდება გარშემო. ადამიანებს ჯერ კიდევ რამდენი რამ აქვთ გამოსაცნობი...
ქიმიაში 3-იანი გამომყვა, პირველადაა ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, 3-იანი არასოდეს მქონია.
მომავალ წელს როგორმე ავქაჩავ მაღლა...
მალე დაგვითხოვენ და ძალიან მიხარია, თუმცა არ ვიცი, სად გავატრებ არდადეგებს.
26-ში არჩევნებია. ზვიადი სულ აქეთ-იქით დადის და ხალხს ისეთ რამეებს ეუბნება, რომ ხმა მისცენ. მე არავისკენ არა ვარ. დედა, ალბათ, არ წავა ხმის მისაცემად. უკვე მომბეზრდა ყველაფერიო, არადა, ადრე როგორი აღტაცებული იყო ამ ახალი ამბებით; თავისუფლების მოპოვებით, სულ ბედნიერი დადიოდა, გაზეთებიდან ჭრიდა სტატიებს და საგულდაგულოდ ინახავდა. ნათლიაჩემის მოტანილ დროშას თვითონ გაუკეთა ტარი და 26 მაისს აივანზე გამოკიდა... ახლა კი მობეზრებული აქვს ყველაფერი.
კიდევ რაღაც მოხდა, დღეს პირველად გავიპარსე ფეხები (ისე კაცმა რომ თქვას, სულ არ იყო ამის საჭიროება, მაგრამ "კუმ ფეხი გამოყო და მეც ნახირ-ნახირო", ხომ გაგიგონია...). ისე ლამაზად მოჩანს!
გიო პროფესორივით სათვალით დადის და დროდადრო ასაკისთვის შეუფერებელ ბრძნულ აზრებს აფრქვევს.
ხო, ნოეს კიდობანზე რომ ვამბობდი ადრე, ვითომ საქართველოშიაო... ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, შემდეგ სტატიებში იმ კაცმა თავი მესიად გამოაცხადა და მაგრა დაუშვტინაო. ასე რომ, ალბათ არც კიდობანზე დაწერა სწორი. ე.ი. არ არის დასაჯერებელი?!
ისე, თვითონ დიდი მორწმუნეა, ბერად შედგომა უნდა. დეიდაჩემი კი თავს იგიჟებს, არ ვიცი, რით დასრულდება ეს ამბავი.
26 მაისი, კვირა. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! სულმნათი მერაბ კოსტავას დაბადების დღე, საპრეზიდენტო არჩევნების დღე. სულთმოფენობა და... ჩემი დღიურის 1 წლის იუბილე.
დედა და მამა არჩევნებზე მაინც წავიდნენ, ოღონდ არ ვიცი, ვის მისცეს ხმა.
მე და დედამ ბებო ჩვენთან წამოვიყვანეთ ცოტა ხნით, მოვისურვილებთ. როცა ჩვენთანაა, დედაც უფრო გახარებულია და თავს კარგად გრძნობს.
ისე დღეს ადრინდელი აღტაცება აღარ არის ამ დღესთან დაკავშირებით, თუმცა, მე მაინც მიხარია, საქართველოსთვის ეს ძალიან ბედნიერი თარიღია.
1 ივნისი, შაბათი. არჩევნებში გამსახურდიამ გაიმარჯვა. ზოგი ამბობს, გაყალბება იყოო. უკვე შემძულდა პოლიტიკაზე ლაპარაკი (თუმცა როდის მიყვარდა?!).
ამჟამად გატაცებული ვარ ერთი პიროვნებით, ძალიან ლამაზია. მგონი ზედმეტადაც, ისე მომწონს, მსიამოვნებს რომ ვუყურებ, თორემ გაცნობა ან სხვა რამ არ მინდა. უბრალოდ, მინდა მასზე ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ საიდან გავიგებ?! გითხრა როგორია? - მაღალი, თეთრი პირი-სახის, ღია წაბლისფერი, უკან გადავარცხნილი თმებით, სწორი ცხვირით. თვალები არ ვიცი, რა ფერი აქვს, ასე ახლოს არ მინახავს. თუმცა ღია ფერის რომ ჰქონდეს, ვთქვათ ცისფერი, უცებ შევამჩნევდი. ალბათ მუქი ფერის თვალები აქვს; ისე, ძალიან ლამაზია და სერიოზული.
სულ დამავიწყდა მეთქვა, მამა მთელი დღე დაღვრემილია. წუხელ მანქანა გარეთ დატოვა, უბრალოდ ჯაჭვით მიაბა ძელზე და გამთენიისას მოპარეს. ძალიან განერვიულებულია. ამ უფულობასა და გაჭირვებაში კიდევ ეს დაემატა. მთელი დღე აქეთ-იქით დადის, რომ იქნებ რამე გაიგოს მანქანის შესახებ... რამდენი იწვალა მის შესაძენად, ერთი წელიც არ ჰყავდა ნორმალურად, მეცოდება, მაგრამ რა...
19 ივნისი, ოთხშაბათი. რამდენიმე დღე კახეთში ვიყავი, ერთ პატარა სოფელში, მამიდაშვილთან ერთად. კარგად დავისვენე, ცოტა ხნით მოვცილდი ამ დაძაბულ ატმოსფეროს.
დღეს დილაუთენია მიწისძვრა იყო. ჯავაში შენობები დაანგრია. უკვე საჯაროდ თქვეს, რომ რუსი სამხედროების გაკეთებულიაო. მე ვერ ვიგრძენი, ჩვენი მეზობლები ეზოში ჩაცვენილან და ორი საათი იქ უყურყუტიათ.
ამასწინათაც იყო მიწისძვრა, 15-ში. რამდენიმე ღამე ეზოებში იყო ხალხი გამოფენილი. საბურავებს წვავდნენ, რომ არ შეცივნოდათ ღამით და დილამდე იქ რჩებოდნენ. მიწისძვრას ემალებოდნენ (!). ზოგიერთმა ხელმრუდემ კი ეს დღეები "კარგად გამოიყენა" და ამ ღამეების განმავლობაში ბლომად გაიძარცვა უპატრონოდ დატოვებული ბინები.
ნიკას ყურში "საცობი" ჰქონია და ხვალ ექიმთან მიჰყავთ, უნდა გამოუწმინდონ.
რამდენიმე დღეში მე და ჩემი მამიდაშვილი სოფელში მივდივართ, მეორე მამიდასთან და ორი კვირა დავრჩებით. იმედია, კარგად დავისვენებთ.
16 ივლისი, სამშაბათი. ორი დღეა, რაც სოფლიდან ჩამოვედი, ძალიან მრავალფეროვანი და ემოციებით დატვირთული დღეები იყო, თავი პატარა ბავშვი მეგონა, პატარებთან ერთად ვერთობოდი, დავრბოდი, ვცელქობდი. "ინდიელობანაც" კი ვითამაშე ამხელა გოგომ, საერთოდ, ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი.
საფიქრალადაც ბევრი დრო მქონდა.
იცი, ძალიან არ მინდა გაზრდა. ისე მიხაროდა იქ, ისევ პატარად რომ ვგრძნობდი თავს. მენატრება ბავშვობა, ძალიან მენატრება. ეს ორი-სამი წელი, ბავშვობასთან გამოთხოვების ასაკი, რაღაც ისე უაზროდ წავიდა, ისე სულელურად...
წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი. თუნდაც ჩემს კლასში, ჩემს გარშემო თანატოლი გოგოები სულ სხვა რამეებზე ფიქრობენ. უმრავლესობას ბიჭები და გათხოვება აკერია პირზე, თითქოს მეტი სადარდებელი არა აქვთ. მე კი სულ არ მინდა ასეთ რამეებზე ფიქრი, მეშინია კიდეც, "სადიდო" თემებზე რომ ლაპარაკობენ.
მე მიყვარს კითხვა. ძალიან მიყვარს ოცნება, ფიქრი, მარტო ყოფნა. ხანდახან ცელქობა, თამაში პატარებთან ერთად. არც სიყვარულსა და ქორწინებაზე მაქვს დიდი წარმოდგენა. არ მაინტერესებს, არ არის ჯერ მაგის დრო. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. თუ მართლა ისე ვარ, ჩემი რუსი მეზობელი რომ მეტყვის ხოლმე: "ტი ჟე ეშე ნე დოზრელა".
საქართველოს ამბებიც ძალიან მადარდებს, ხშირად ამაზეც ვფიქრობ. არა, მარტო მე კი არა, ყველა ქართველს ადარდებს, მაგრამ არ ჩანს, არაფერში არ ჩანს. ყველა ლაპარაკობს ამაზე, კამათობენ. კაცები გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს სვამენ, გულზე მჯიღს იცემენ. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება გულს გარეთ. ამ საუბრის მერე, ამაზე აღარ ფიქრობენ. ეს არის უბრალოდ სალაპარაკო თემა, როგორც ამინდი, გემოვნება... ბიჭი რომ ვიყო და ცოტათი დიდი, აქამდე ალბათ ოცჯერ მოვკვდებოდი ამ სხვადასხვა ბრძოლებში...
ჩემი თითქმის არავის ესმის. ძალიან ხშირად ვარ მარტო, თუნდაც ხალხმრავალ ადგილას. სულ ვფიქრობ, სახლშიც სულ მინდა, რომ მარტო ვიყო. დედა ამბობს, ალბათ შეყვარებული ხარო... რა შუაშია ეს?!.
ვერ ვიტან ხმაურს, საშინლად ვერ ვიტან ხმაურს და ჩხუბს. ადვილად მეშლება ნერვები და არ ვიცი კიდევ რა. მამის და დედის ზოგიერთი საქციელი ძალიან მაღიზიანებს და ადრე რომ მეგონა, იდეალურები იყვნენ, ახლა ასე არ ვფიქრობ. ხანდახან ისეთ რაღაცას გააკეთებენ, იტყვიან, ან ისეთ რამეს ვერ იგებენ, გაოცებული ვარ.
მეგობრებიც მყავს, ძალიან ახლო, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი მიგებს. ჩემზე კი ამბობენ, რა ადვილად უგებ ყველასო. ადვილად მიმხელენ საიდუმლოებებს, ხანდახან დიდი ქალებიც კი გულს გადამიშლიან ხოლმე... მეც ვითომ ყველასთან ყველაფერს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც მრჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
ღამე ცუდად მძინავს, გათენებისას დიდი წვალების შემდეგ ჩამეძინება. სულ უფიქრობ ხან რაზე და ხან რაზე. ერთი წვრილმანიდან გადავალ, გადავალ და სულ სხვა რაღაცამდე მივალ. ამ ბოლო დროს, რაღაც "ახალს დავეუფლე" - ფიქრში უცებ შორს რომ წავალ, მერე მოულოდნელად გავჩერდები და ახლა ბოლოდან ვიწყებ, მოვდივარ იმ პირველამდე, რითაც დავიწყე. მაგალითად, შეიძლება დავიწყო ფიქრი სკოლაზე და დავამთავრო ომით, ან რაღაც ამდაგვარით და ა.შ.
მოკლედ, არ ვიცი, ბევრი რამ მაოცებს, ბევრი რამ სავსებით არ მესმის. ალბათ, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია, არ ვიცი. აი, ახლაც, რაზე დავიწყე წერა და რით დავამთავრე...
მე მგონი, სისულელეები დავწერე. ამას აღარ წავიკითხავ საერთოდ.
21 სექტემბერი, შაბათი. მთელი ამ ხნის განმავლობაში აქეთ-იქით დავდიოდი. ხან ბებოსთან, ხან სოფელში და ამიტომ საწერად ვერ მოვიცალე.
პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ისევ შეეჯახნენ ზვიადი - ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია. ზვიადის გადაყენებას მოითხოვენ. რუსთაველი ხალხითაა სავსე; შიმშილობენ, წერეთლის მომხრეებმა ბარიკადები ააგეს. მათკენ არიან ზვიადის მიერ ახლახან გათავისუფლებული გ. ხოშტარია და თ. სიგუა. კაცმა არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი?!
დღეს მე და დედამ რუსთაველზე გავიარეთ და ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაფერი. არც ტელევიზია მუშაობს, არც სწავლაა დაწყებული.
მოთხრობების წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. თავის გასართობად ვწერ, თორემ არავის წავაკითხებ. ახლა დღის 2 სთ-ია.
P.S. მოსაღამოვდა. დღეს მამაზე ძალიან გავნაწყენდი. იქნებ ზედმეტად მკაცრი ვარ...
დილას ჭანტურიას, წერეთლის ხალხმა მთავრობის სახლის აღება გადაწყვიტა. ზვიადმა მოუწოდა მოსახლეობას და მთავრობის სასახლესთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციონერები განდევნეს. ახლა 11 საათია და ისეთი დიდი მიტინგია... "მარცხნივ შენგელაიას და მისნაირების ხალხია, მარჯვნივ – ჩვენები".
ყველა ვღელავთ. რადიო ხანდახან გადმოსცემს მიტინგის მსვლელობას. ზვიადი თითქმის ყოველ ხუთ წუთში მიმართავს ხალხს.
მამა კი... ვითომ ძალიან აინტერესებდა ხოლმე ეს ამბები; ახლა თავის ბიძაშვილთანaა და ქეიფობს. ახლა რა დროს ქეიფია?!. არ მეგონა, თუ ამას იზამდა.
ღმერთო, გადაარჩინე საქართველო!
22 სექტემბერი, კვირა. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. გუშინ ძალიან მკაცრი ვიყავი. მამა ბიძაშვილისგან პირდაპირ მთავრობის სახლთან მისულა. სახლში დილის 5 სთ-ზე მოვიდა. მკლავი გაჭრილი ჰქონდა. წუხელ ბარიკადები აუღიათ, ჭანტურიას მომხრეების აგებული. მამაც იქ იყო, მერე შეტაკება მომხდარა. ოპოზიციონერები ქვებსა და რკინებს ისროდნენ. მერე ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. 40 კაცია დაჭრილი. მიტინგზე ერთ კაცს თავი დაუწვია პროტესტის ნიშნად, მაგრამ ამ ხალხს რაღა შეარიგებს?! სულ დაბრმავდა თითქოს ყველა... ხალხი დღესაც ღამეს ათევს...
25 სექტემბერი, ოთხშაბათი. სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ შავნაბადაზე ბიჭმა თავი მოიკლა, ან მოკლეს. იქ კიტოვანი და სიგუა არიან დაბანაკებულნი.
წუხელ, ღამის 4 სთ-ზე, რომელიღაც ელექტროსადგურს კიტოვანის ხალხი დაესხა თავს. სადგურში გვარდიელები იყვნენ, ზვიადის მომხრეები. დიდი შეტაკება მომხდარა. 5-ია გარდაცვლილი, რამდენიმე დაჭრილია.
ცოტა ავად ვარ, თავი და ყელი მტკივა. გიოს წერა-კითხვა უნდა ვასწავლო, სანამ სკოლაში შევა. თვითონაც ძალიან მონდომებულია. მომავალ წელს, სკოლაში რომ წავიყვანთ, უკვე ეცოდინება რაღაცები და არ გაუჭირდება.
3 ოქტომბერი, პარასკევი. ნამდვილი სამოქალაქო ომია. გუშინ თბილისის ზღვაზე შეტაკება მოხდა, ზვიადის მომხრეებს არ უსვრიათ. დაჭრილები მრავლად არიანო.
დღეს ვაჟა ადამიამ ფარ-ხმალი დაყარა და თბილისიდან გავიდა. კიტოვანიც თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.
დესტაბილიზაციის გამო სწავლა არ იწყება. ამბობენ, თუ 17-მდე არ დაიწყება, აკადემიურ წლად გამოაცხადებენო. საშინელი მდგომარეობაა, ამ წუთში გამოაცხადეს, რომ მთავრობის სახლისკენ ჭანტურიას და წერეთლის ხალხი მიდის, მთავრობის სახლის ასაღებად. რადიოთი და ტელევიზიით ხალხს უხმეს. როგორც ჩანს, დღეს დიდი არეულობა იქნება, პირდაპირ საზიზღრობაა!!!
ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ამიტომ დაიწყეს ეს ყველაფერი – ეროვნული ბრძოლა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა და სკამები უნდოდათ, თავისუფლება და ერთიანობა მხოლოდ ნიღაბი იყო?! თუ მართლა უნდათ საქართველოს ბედნიერება, რაღას იბრძვიან და ძმას ძმას რაღას ჰკიდებენ?
არის ერთი ადამიანი და ცუდია თუ კარგი, ცოტა ხანი აცადონ; ცოტა ხნით მაინც შევიგრძნოთ, რომ თავისუფლები ვართ... აბა, რა გამოდის. ეს წლები ხალხისთვის სულ უარესის და უარესის მომტანი გახდა. თავიანთი ბინძური პოლიტიკით ადამიანებს თავისუფლება, ეს სანუკვარი რამ შეაძულეს და კვლავ ის "ბედნიერი მონობა" მოანატრეს. არ ვიცი რა...
4 ოქტომბერი, შაბათი. ვარაუდი გამართლდა. წუხელ საშინელება ყოფილა. ოპოზიციონერები ავტობუსებით და ქვეითად ხალხის გარღვევას ცდილობენ. მათ საწინააღმდეგოდ სახანძრო მანქანა გამოსულა, რომელსაც შეკრებილნი წყლით გაუფანტია. მომიტინგეებს კი მანქანებისთვის "შლანგები" დაუძვრიათ და წყლის ჭავლი შეუჩერებიათ. მერე ბათქა-ბუთქი ამტყდარა, ხალხს შეშინებია და გაფანტულა. შემდეგ ისინი ქაშუეთის ეკლესიიდან ზარების რეკვას დაუმშვიდებია, ერთად დამდგარან და წინ გადასდგომიან ოპოზიციონერებს. წინა ხაზზე კაცები იდგნენ. ოპოზიციონერები მთვრალები ყოფილან და პირდაპირ ისროდნენ ქვებს, ბოთლებს. ზოგს დანაც ჰქონია. ხალხი კი უიარაღოდ დახვდა ამ ყველაფერს. მილიცია ჰაერში ისროდა. ბევრია დაჭრილი, 60 კაცამდე. ზოგი ავტომატითაც არის დაჭრილი. გარდაიცვალა წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი გ. ჩეჩელაშვილი, სულ გაფხრეწილი ყოფილა ავტომატის ჯერით, მხეცურად. ეს ამბები ვიდეოკამერით გადაუღიათ და ტელევიზიით აჩვენეს. თავისუფლების მოედანი სისხლით, ქვებით, დაგლეჯილი ლეიბებით არის სავსე.
ვაი, სირცხვილო, ქართველები ერთმანეთს დაერივნენ! რას ხარობს ალბათ რუსეთი...
ახლახან ზვიადი გამოვიდა; ცრემლები მომერია, ისე იყო გაუბედურებული; ღამენათევი, დაღლილი, ჩაშავებული თვალებით, გამხდარი.
ვთქვათ გადადგა, რას იზამენ უკეთესს?! არ ვიცი, ყველა, და ალბათ ზვიადიც, საკუთარ თავზე ფიქრობს. ქვეყანა ჩალადაც არავის უღირს, მაგრამ მაინც, ისევ აცალონ, ჯობია ამ სისხლისღვრას. ეჰ, უკვე ნამდვილი დამოუკიდებლობის პირას ვიყავით და რა ჩაიდინეს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.
ახლაც არ არის დაწყნარებული ვითარება. რადიოში სულ მიტინგების გადმოცემაა. საზიზღარ ხასიათზე ვარ...
24 ნოემბერი, კვირა. გუშინ გიორგობა იყო, შეგვეწიოს წმინდა გიორგის მადლი!
ამ დღის აღსანიშნავად დამრიგებელმა ქალაქში გაგვასეირნა. ქაშუეთში სანთლები დავანთეთ და წირვას დავესწარით, მერე კინოთეატრში ვიყავით. სახლში წამოსვლისას ბავშვებმა აიტეხეს და დამრიგებლის გარეშე მუშტაიდის პარკში წავედით. რომ იტყვიან, "ეკლებზე ვიჯექი". სახლში არ იცოდნენ, რომ ამდენი ხანი დამაგვიანდებოდა. მამასთვის რა უნდა მეთქვა?!
არ შევიმჩნიე; მეც ვერთობოდი, მაგრამ გულში ცეცხლი მიტრიალებდა! როგორც იქნა, საღამოს დაადგათ საშველი და წამოვედით. ჩემი შეკერილი ვიწრო ქვედაბოლო მეცვა და წამოსვლისას ფეხი დამიცდა, წავიქეცი... "კალგოტკაც" გავიხიე და ჩემს დარდს ესეც დაემატა. ნერვებაშლილი მოვდიოდი...
მამა ნასვამი იყო. ნოტაციები მიკითხა; მთელი დღე მომეშხამა. დამწუხრებული დავჯექი და ჩამეძინა.
დღეს არაფერია ისეთი, აღსანიშნავი. ვზივარ სახლში - შუქი როგორც წესი არ არის და საკმაოდ ცივა.