ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
დასასრული. იხილეთ მეხუთე ნაწილი
1 სექტემბერი, ოთხშაბათი. 1993 წ. დღეს სწავლა არ დაგვეწყო. მამა სვანეთში იყო და გუშინ დაბრუნდა, ბიცოლაჩემიც ჩამოიყვანა.
ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ზვიადისტები მაგრად იმუქრებიან. დაიკავეს ფოთი და სენაკი. ამბობენ, რუსეთის ჯარი შემოვაო და მაშინ კი მოგვეხაზება. პურის მარაგიც არ არის, ერთმანეთს აწყდება მოსახლეობა. ახლა კიდევ თქვეს, ქოლერაა გავრცელებულიო. პირდაპირ საშინელებაა!
ერთი კვირის წინ მამამ გიოს პატარა მამლუკა მოუყვანა. გიომ წიპატა დაარქვა. ძალიან საყვარელია. სულ გულში იხუტებს. დილას, ზუსტად 7 სთ-ზე ყივის ჩახრინწული ხმით, ჩვენმა მეზობლებმა უკვე თავიანთ დედლებთან მიიწვიეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეები ზოზინით გამყავს. წიგნებს ვკითხულობ ან ვხატავ. გუშინ "ანა კარენინა" დავამთავრე. საოცრებაა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი დღე ვფიქრობდი, მაგარი ქალია. საერთოდ რუსული კლასიკა ძალიან მომწონს, დოსტოევსკი ხომ ჩემი იდეალია. მე მგონი, რასკოლნიკოვი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურაში... ახლა უკვე ძალიან გვიანია, უნდა დავიძინო.
14 სექტემბერი, სამშაბათი. ისევ არეულობაა, პარლამენტში ყველა ჯაბა იოსელიანს დაესია და კიდევ ზოგიერთ ბანდის მეთაურს. ამ დროს შევარდნაძემ გადადგომის შესახებ წამოაყენა განცხადება. მაშინვე გაცუქცუქდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის წინ და სთხოვენ, რომ დაბრუნდეს, დარჩეს თავის თანამდებობაზე, არ მიატოვოს საქართველო (ახლა ტელეივზორი მაქვს ჩართული, პირდაპირი ტრანსლაციაა). როგორც იქნა, გამოვიდა, ვნახოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გადაგვარდა საქართველო, არაფერი კარგი არ გაკეთებულა. თუმცა ახლა რომ გადადგეს, ვინ აპირებს მისი ადგილის დაკავებას, ნამდვილად არ ვიცი.
შევარდნაძემ თქვა, რომ დილამდე უნდა გადახარშოს ყველაფერი და პასუხს მერე იტყვის (რა ფარისევლობაა), მაგრამ ახლა ხალხი აყვირდა. ტაშს უკრავენ და სთხოვენ, ახლავე უპასუხოს. ის კი ამბობს, დრო მომეცით ხვალ დილის 10 საათამდეო. და... ღმერთო ჩემო! ამ დროს ხდება საზიზღრობა! ეს დაბეჩავებული ხალხი ამ კაცის წინ იჩოქებს, რა მკრეხელობაა!!! რა სიმდაბლეა! ამაზე უარესი რაღა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს... არაფერს აღარ ვამბობ, აღარაფერი მაინტერესებს!... ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!
მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!!!
20 სექტემბერი, ორშაბათი. სწავლა დღეს დაიწყო და გიოც დღეს შევიდა სკოლაში. უკვე პირველკლასელია. ისეთი საყვარელი იყო ჩანთით, გაოცებული, გაფართოებული თვალებით. ძალიან მოეწონა ყველაფერი, სახლში რომ მოვიდა, შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანა, დახატა მერხები, საკლასო ოთახი, მასწავლებელი. ის ხომ კარგად ხატავს.
ორი კლასელი გამითხოვდა, ისე კი ძველებურადაა ყველაფერი. გაშეშებული, გამოყინული მასწავლებლები... პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. აფხაზეთში ერთი ამბავია, შევარდნაძე სოხუმშია. ჩვენი საუკეთესო ბიჭები კი კვლავ იხოცებიან.
25 სექტემბერი, შაბათი. ოცის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ვითარება სოხუმში დაიძაბა და ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, სოსო 21-ში აფხაზეთში წავიდა. უსაზღვროდ განვიცადეთ, მთელი კლასი ვტიროდით.
მის მაგივრად ერთი უცნაური ქალი შემოგვიყვანეს, ვერ აღვწერ. უბრალოდ, ასეთი ძლიერი მასწავლებლის შემდეგ ეს ქალი საშინელი უკიდურესობაა - სულ ჩხუბობს. გაკვეთილს კი არ ხსნის, წიგნიდან კითხულობს (სურგულაძე ბოლომდე არც ჰქონია წაკითხული?!). ისეთ მონათხრობში წერს ხუთს, სოსო სამსაც რომ არ დაწერდა. მე მგონი, სულ დაგვაჩლუნგებს... თუმცა ახლა ისეთი დროა, შეგვიძლია ხმა ამოვიღოთ, მოვითხოვოთ ხელმძღვანელობისგან, რომ შეგვიცვალონ. იმედი მაქვს...
28 სექტემბერი, სამშაბათი. საშინელი ამბებია! გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა და ევაკუაციაა გამოცხადებული. უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ; ნუთუ ტყუილად დაიხოცა ამდენი ხალხი, ამდენი კარგი ბიჭი?! ნუთუ უნდა შერჩეთ აფხაზებს ეს სისხლისღვრა, ქართველთა შეურაცხყოფა?!
დღეს სკოლაში ვიტირეთ, საშინლად განვიცდით ამ ყველაფერს... ვგიჟდები, როცა ამბობენ იქ, სოხუმში იარაღი არ ჰქონდათო და ამიტომ წააგესო... აქ, თუნდაც ჩვენს ქუჩაზე, ღამე არ ჩაივლის ისე, რომ მთვრალი თუ ფხიზელი კაცები ავტომატებს, თოფებს და "ლიმონკებსაც" რომ არ ისროდნენ. გამოთვრებიან და ერთმანეთს იარაღით აშინებენ... რამდენიმე ჩვენი მეზობელი კი აფხაზეთის ომში გამდიდრდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ორი კვირით წავიდნენ "ომში" და მთელი სახლის შესავსები ავეჯი ჩამოიტანეს. მანქანებიც ზედ მოაყოლეს... ღალატით დამარცხდა საქართველო. აბა, ეს ღალატი არაა?! ის იარაღიც ხომ მოპარულია. ამასწინათ ყვებოდნენ, ერთ ქართველს მეორისთვის ზურგში მხოლოდ იმიტომ უსვრია (ომში), რომ მისი ავტომატი ეგდო ხელთ; რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
წინ გაიგდეს პირტიტველა ბიჭები, რომლებიც ამათთვის თავს სწირავდნენ, თავად კი უკან მისდევდნენ და მათ მიერ გათავისუფლებულ ადგილებს ეუფლებოდნენ, ძარცვავდნენ. მეორე ნაწილი კი ქალაქში იჯდა, "ბირჟებს ამაგრებდა", მზესუმზირას აკნატუნებდა და ყველა "იუბკას" თვალს აყოლებდა... ეს იყო ჩვენი ომი.
იქ ეს ამბებია და თბილისს თითქოს არაფერი ეტყობა. ხალხი ისევ დასეირნობს საზღვარგარეთ და ვაჭრობს. აფხაზეთში საქართველოს მამაკაცების მესამედიც არ იბრძვის. გაერთიანების ნაცვლად, ყველა საკუთარ ტყავზე ფიქრობს... (მე მგონი, უაზროდ ვყბედობ, ეს ჩემი მოკლე ჭკუით ნაფიქრია. მაგრამ რა ვქნა, ძალიან განვიცდი).
ახლა პარლამენტს გადაუწყვეტია სნგ-ში შესვლა. ეს კი თითქმის ისევ რუსეთის გაბატონებას ნიშნავს. არადა, ეს ომი ხომ ძირითადად რუსების მოგებულია და ესენი ისევ მათ ელაქუცებიან. ვერაფერი გავიგე...
3 ოქტომბერი, კვირა. აფხაზებმა ოჩამჩირეც დაიკავეს, უამრავი ლტოლვილი უღელტეხილებით მიდის სვანეთში. საშინელ მდგომარეობაში - ფეხებდასისხლიანებულნი, გაწამებულები. არადა სვანეთიც სულ გაპარტახებულია. ამ არეულობებმა აბსოლუტურად წყობიდან გამოიყვანა; შენობა შენობას არ ჰგავს, ადამიანი ადამიანს. ყველას უჭირს, ფული არა აქვთ. ყველს თეთრ ვალუტას ეძახიან და სხვა საქონელს იმაზე ცვლიან. უმეტესობა თბილისშია გამოქცეული. იქ ან მოხუცები დარჩნენ, ან უმუშევარი ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი "წამალზე ზის"... უპატრონოდაა ეს კუთხე მიგდებული. არ ვიცი, ასე გაუბედურებული სვანეთი როგორ მიიღებს ამდენ ლტოლვილს?!
ახლა ეს ზვიადიც აწყალებს გულს. ვითომ ფოთი დაიკავაო, ნეტა რას აპირებს ეს ხალხი?!
ჩვენი სულელი მასწავლებელი, როგორც იქნა, გავაგდეთ. ახლა სხვა შემოიყვანეს; არც ესაა გადასარევი, მაგრამ იმას კი ჯობია.
დედა ისევ ავადმყოფობს. 3 დღის წინ უცებ ცუდად გახდა, გული აუჩქარდა. არ ვიცოდი, რა მექნა. კიდევ კარგი, ჩემი მეგობარი მოვიდა და იმასთან დავტოვე. მე მეზობელთან გავიქეცი, მერე მამიდაჩემიც მოვიყვანე. წნევა 180-120-ზე ჰქონდა. წამლები დაალევინეს, მაგრად შემეშინდა. ორი დღე კიდევ იწვა ამის მერე, ამ ბოლო დროს თითქოს გამოკეთდა და უცებ ისევ ცუდად გახდა. ერთხელ მაინც ნორმალურად უნდა იმკურნალოს, მაგრამ რომ აღარ დაადგა საშველი...
ჩემს კლასში ხუთი გოგო ეწევა. არ ვიცოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე. რა თქმა უნდა, გამიკვირდა, არ მოველოდი. აზრზე არა ვარ, რად უნდათ მაგით პირის აყროლება. მე მგონი, უბრალოდ "მოდას" მისდევენ, მაგრამ ეს რა მოდაა?! მე კი ვერც სუნს ვიტან და არც მომწონს, ქალი სიგარეტით ხელში... ამიტომ არასდროს არ მოვწევ.
16 ნოემბერი, სამშაბათი. ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა, ახალი ეტაპი დაიწყო.
ერთი კვირაა, ჩვენთან ლტოლვილები ცხოვრობენ, მამას შორეული ნათესავები არიან - ცოლ-ქმარი ოთხი შვილით. სოხუმში მდიდრები ყოფილან (თუმცა ახლა ყველა ამბობს, რომ იქ მდიდარი იყო). დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ახლა არაფერი აქვთ და ჩვენ ვუყოფთ (ოღონდ, ჩვენ რა გვაქვს?!).
მთელი სახლი ყირაზეა, კარი სულ ღიაა. აბსოლუტურად არამყუდრო და აუტანელი ატმოსფეროა. უბრალოდ, ალბათ უნდა შევეგოუთ ამ სიტუაციას.
ძალიან მეცოდებიან, განსაკუთრებით ბავშვები. რა საშინელებაა, როცა უცებ მოიხედავ და აღარაფერი გაქვს: არც სახლი, არც კარი; რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი, ყველაფერი წაგართვეს. და რაც მთავარია, აყრილი ხარ საკუთარი მიწიდან, გამოგდებული, დამარცხებული, შეგინებული, ვიღაცის მოწყალების შემყურე...
სახლში ძალიან ცივა. ღუმელი გვიდგას, მაგრამ ყოველ მეორე დღეს შეშაა მოსატანი. თანაც ეს ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მთელი დღე სახლში არიან და ღუმელიც სულ უნდა ენთოს.
მამა მთელი დღე დარბის. ახლა უფრო მეტ ადამიანზე უნდა იფიქროს და აღარ იცის, რა ქნას. ფულიც კაპიკი აღარ გვაქვს.
დედას მთელი დღე ცომში აქვს ხელები, ყოველდღე პურს აცხობს და მაინც არ გვყოფნის.
საქმე მეც მომემატა. მთელი დღე წინ და უკან დავრბივარ: ვალაგებ, ვამზადებ, ვემსახურები...
15 დეკემბერი, ოთხშაბათი. დღეს საახალწლო არდადეგები დაგვეწყო. გიო გაციებულია და წევს. ვცხოვრობთ წვალებით. რამდენი ხანია სინათლე არ გვქონია. ჩვენ ღუმელი მაინც გვიდგას და იმით ვთბებით; არ ვიცი, სხვები რას შვრებიან, რით თბებიან, საჭმელს რაზე ამზადებენ. აქაურები გაიფიცნენ, მაგრამ მაინც არაფერი გვეშველა.
ჩვენი ლტოლვილები ისევ ჩვენთან არიან...
მე ოდნავ გატაცებული ვარ ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭით. ჩემი მეგობრის კორპუსში ცხოვრობს და დღეში სამჯერ მივდივარ ანისთან სხვადასხვა საბაბით. მიზეზი კი ყოველთვის ერთია – იქნებ ეზოში იყოს და დავინახო. ძალიან სულელურად ვიქცევი, მაგრამ თავს ვერ ვერევი, თანაც სახლში ჯდომა მომბეზრდა. სულ რია-რიაა, ვერ იფიქრებ, ვერ დამშვიდდები, წიგნსაც ვერ წაიკითხავ...
3 იანვარი, ორშაბათი, 1994 წელი. ისევ დაგვიდგა ახალი წელი. 12 სათზე ისეთი სროლა იყო, ომი გეგონებოდა ან საბრძოლო იარაღის გამოცდა.
თბილისში ცუდი ამბებია. შევარდნაძემ რუსეთთან ხელშეკრულება უნდა დადოს (თითქმის იგივე 1783 წლის ტრაქტატი), მერე კი გერმანიაში აპირებს წასვლას და აქ ჯაბას ტოვებს თავის მაგივრად. ამბობენ, გადატრიალება მზადდებაო.
ეს წელი "ძაღლისაა" და არ ვიცი, როგორი იქნება... ავტოკალამი გამეყინა და საშინლად ვწერ.
ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სინათლე არა გვაქვს. მთელი დღე ღუმელი გვინთია (რა თქმა უნდა, თუ შეშა არის). პური წესიერად არ გვხვდება. საზიზღარი ამინდებია. გუშინ შეშა გაგვითავდა და ახლა საწოლში ვწევარ, თან საღამოვდება და ნახევრად ბნელა.
ჩემი გატაცება ჯერ არ ჩამქრალა, ნახევრად შეყვარებული ვარ. მასზე თითქმის ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ ვიცნობ და ეს ყველაზე დიდი სისულელეა.
ქართულის მასწავლებელი საშინლად მავიწროვებს. არ ვიცი, რატომ. ასეთი რამ, ამ ქალთან რომ მაქვს, არასდროს მქონია. არ ვიცი, რატომ არ მოვწონვარ. ყოველთვის ვუყვარდი ხოლმე მასწავლებლებს, ეს კიდევ რა ჩამოსხმაა, ვერ გავიგე. რაც მეტ ცოდნას ვავლენ, თუნდაც სხვა საკითხებში, უფრო მეტად იბოღმება. ყოველდღე მე მაყოლებს გაკვეთილს (ჩემს მეტმა არავინ იცის, რადგან ან ძალიან ცოტანი ვართ, იმათ კი სწავლა ეზარებათ. ვინც ცოტა ნორმალურად სწავლობდა, გაკვეთილებს აცდენენ და კერძო მასწავლებლებთან დადიან. მე ამის ფული არ მაქვს, თანც ზედმეტად მაქვს გამახვილებული პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს მღუპავს კიდეც). ხომ ყოველდღე მეკითხება და ჟურნალში არ წერს ნიშნებს. საკონტროლოებში, ცუდი კალიგრაფიის გამო (ვითომ) ოთხებს მიწერს. სემესტრის ბოლოს ჟურნალში ჩანს ეს ოთხები და არა ის, რომ მთელი სემესტრი ვსწავლობდი, სემესტრის ბოლოს მაყოლებს ოთხებს და ისეთებს უწერს ხუთებს... ზოგი მეუბნება, ალბათ ქრთამებს იღებს და შენგანაც ელოდებაო. მე კი ასეთი რამ არ შემიძლია... დამსწრე თუ გვყავს, მაშინაც მე მიძახებს, რაღაც კითხვებს მისვამს, თავის ჭკუით, თავს იწონებს ჩემით... ბოლოს კი მე ვრჩები დაჩაგრული. ახლა ქართულის გარდა, ყველაფერში ხუთი მყავს, არადა ყველაზე მეტად ქართული მიყვარს. ბავშვებიც ხედავენ ყველაფერს და მეჩიჩინებიან, უსაყვედურეო. მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, აშკარა კონფლიქტს ვერიდები, ხომ ვიცი, ბოლოს მაინც ის გამოვა მართალი.
ნიშანი სულ არ მაინტერესებს, არ მაქვს ამის პრეტენზია; ვსწავლობ, მინდა და იმიტომ, და მაქვს ხუთები; არა, ნიშანი რა შუაშია?! ვერ ვიტან, თავმოყვარეობას რომ გილახავენ და ზედ გალაჯებენ, ფეხებით გთელავენ. ატესტატში რა ეწერება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ჩემს გზას მაინც ვიპოვი და ვეცდები რაღაცას მივაღწიო, მაგრამ რატომ უნდა გადამიარონ, რატომ???
9 თებერვალი, ოთხშაბათი. არც წყალი მოდის (გაიყინა), არც სინათლეა. ნამდვილი პაპუასებივით ვცხოვრობთ.
სკოლიდან გამოვიარეთ და არც ხვალ მივდივართ... დღეს მოთოვა.
რამდენიმე დღეში 17 წლის ვხდები და სასტიკად არ მინდა. ყოველ დაბადების დღეზე ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედავ, ან თუნდაც წინა წელს, საშინელი გრძნობა მეუფლება. რა უაზროდ გადის წლები, ერთფეროვნად და ძალიან სწრაფად. მიიხედავ, მოიხედავ და უკვე ახალი წელია, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ძალიანაც რომ გინდოდეს, დროს ვერ შეაჩერებ. ცუდია! თუმცა, რომ დაუფიქრდე, დროის შეჩერება არც ღირს. მისი შეჩერება მაშინ შეიძლება გინდოდეს, როცა კარგი ცხოვრებაა, რაღაც გიხარია, ყველაფერი ლამაზია, როცა გიყვარს და უყვარხარ... მაგრამ ახლა, დრო რომ შეაჩერო, სულ ეს აუტანელი ყოფა უნდა იყოს, ამიტომ უმეტესობა ნატრობს, დრო მალე გავიდეს. ჰგონიათ, რომ დროს გაჰყვება ყველაფერი ცუდი და ახალ ცუდს აღარ მოიტანს; ამ სიჩქარესა და ნატვრაში წლები მართლაც გადის და რა რჩება? - არაფერი?!
გუშინ ისტორიის მასწავლებელი სოსო, ჩვენს სანახავად მოვიდა. ყველას დიდი სიყვარულით გვიყურებდა. ისე გამიხარდა, უცებ, სრულიად მოულოდნელად ცრემლები წამომცვივდა და საკლასო ოთახიდან გავედი, რომ არ შეემჩნიათ. სოსომ თქვა, სკოლაში აღარ დავბრუნდებიო. მგონი, უფრო ზვიადის ორიენტაციისაა და იმიტომ. შეიძლება რუსეთში წავიდეო... ჩვენ კი ძალიან დაგვაკლდება.
დღეს ჩემი "გატაცება" დავინახე. ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად მიყურებს, მგონი გაცნობა უნდა. მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობ, ეს მომენტი არ დავაჩქარო. პირიქით... რომ ვუფიქრდები, არც მინდა, რომ გავიცნო, ან იმას მოვეწონო და ა.შ. მინდა, უბრალოდ, მე მომწონდეს, მქონდეს შექმნილი მასზე რაღაც წარმოდგენა, ვუყურო ხოლმე, ვიფიქრო. ვიცი, რომ გავიცნო, ის არ აღმოჩნდება, რაც მე მეგონა და იქნება საშინელი იმედგაცრუება, რაც ყველაზე მეტად მძულს. ასე რომ, მირჩევნია ჩემთვის მომწონდეს, როგორც მე მინდა, ისეთი მყავდეს წარმოდგენილი...
2 მარტი, ოთხშაბათი. გუშინ სწავლა არ დაგვწყებია, 7-ისთვის გადადეს, მე მგონი 15-მდე გაწელავენ.
დღეს მეგობართან მივდიოდი და ჩემმა მეზობელმა (ახალგაზრდა ბიჭია) "ზედმეტი" ყურადღება გამოიჩინა. მერე მანქანით წაყვანაც შემომთავაზა. ძალიან გამიკვირდა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მაგრამ რომ არ დაგიმალო, გულში მესიამოვნა. უზრდელად და უტაქტოდ არ მოქცეულა, ძალიან გალანტურად და დიდ გოგოებს რომ ესაუბრებიან, ისე მომმართავდა. საერთოდ, ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ყურადღებას მაქცევენ (როგორც ქალს) და ერთი-ორ ისეთ ბიჭს მოვწონვარ, აქ ძალიან "მოდაში" რომ არიან. მე უსაზღვროდ მაკვირვების ყოველივე. საკუთარ თავზე ყოველთვის ცუდი წარმოდგენა მქონდა. სულ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ახლა კი... ვერაფერი გამიგია?! (ისე, ადამიანს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ახლოს ვიღაც, ვისაც ის მოსწონს, ვინც ამას აგრძნობინებს, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა არ დაკარგოს). არადა, ბიჭებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ის კი არა, ხანდახან კიდეც მიბრაზდებიან მეგობრები, ბიჭებს რომ გაუვლი, ნაბიჯებს აუჩქარებ, კომპლექსიანი და მორცხვი ხარო... უბრალოდ, არ მინდა დიდხანს ვიყო მათი ყურადღების ცენტრში.
საერთოდ, მაოცებს ზოგიერთი გოგო თამამად, თავისუფლად, ზედმეტად ახლოს რომ არის ბიჭებთან. ეტყობა, მე ყველაფერს ძალიან სერიოზულად აღვიქვამ, ყოველთვის ვცდილობ რაღაც დისტანცია დავიტოვო, რა თქმა უნდა, თუ მეგობარი არ არის, თუმცა, მე ჯერ ასეთი ბიჭი არ შემხვედრია, რომ ჩემს მეგობრად აღმექვა. კლასშიც ისეთები არ არიან, სულიერად რომ გამიგონ და გავუგო; მე ისეთ საკითხებზე მიყვარს საუბარი, იმათ სიცილად რომ არ ჰყოფნით. სულ ჩხუბი, ქეიფი, გოგოები აკერიათ პირზე. მეც ამ თემაზე ხომ არ ვესაუბრები?!
ოჰ, მგონი გული გაგიწყალე, უნდა დავიძინო, ვიდრე სისულელეები არ გადმომიფრქვევია.
აბა, ნახვამდის!
11 აპრილი, ორშაბათი. გაკვეთილები თითქმის არ გვიტარდება; ალბათ დამამთავრებელი კლასი რომ ვართ, იმიტომ. მოაქვთ გიტარა და მთელი დღეები ასე ვერთობით. ხან გარეთ ვსეირნობთ. აღარავინ გვაკონტროლებს!..
მამა ბიძაჩემის სოფელში დადის ყოველდღე და იქიდან მოაქვს სოკო, მწვანილი, ბოსტნეული. ყოველდღე ეს მენიუ გვაქვს და ლამის ძროხებივით დავიბღავლოთ?!. -რაღაც საცოდავი კუპონები გვაქვს, რაც მარტო პურისთვის გვყოფნის და სხვა არაფრისთვის.
ჩვენი ლტოლვილები გადავიდნენ, სადღაც ადგილი მისცეს, ხანდახან ვნახულობთ.
წინა დღეს სკოლაში ამცრეს, "ტეტანუსი-დიფტერია–დიზინტერია" - ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ. ზოგს ძალიან შეეშინდა. მე და კიდევ რამდენიმემ კი ურეაქციოდ მივუშვირეთ ზურგები (მტრებივით ზურგში გაგვირჭვეს ნემსები). ახლა აცრილი ვარ და იმათი ჭკუით, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები აღარ შემეყრება.
7 აპრილი, ოთხშაბათი. საწერად სულ არ მეცალა. ჩვენი სახლი აბსოლუტურად გამოფხეკილია. შაქარი გაგვითავდა, ხახვიც, კარტოფილიც, ტომატიც... ვსხედვართ ასე, ღვთის ანაბარა. კუპონი უკვე 1/550-ზეა მანეთთან. სულ გაუფასურდა. ფული არსაიდან ჩანს, არადა, მალე ბანკეტი გვექნება. კლასელმა გოგოებმა სულ ახალი კაბები შეიკერეს...
ახლა მაგრად წვიმს. ყველაფერი მოჟამულია.
სკოლაში კონფერენციები ტარდება, რუსულსა და ქართულში მთხოვეს, მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ სასტიკად ვიუარე, ძალიან არ მიყვარს ასეთი რამეები...
ჩვენი ახალი დირექტორი ძალიან ყურადღებიანია ჩემს მიმართ, ყოველი შეხვედრისას მიღიმის, მესაუბრება; ისე, კარგი კაცია, მაგრამ მე ძველი დირექტორი უფრო მომწონდა, ძალიან განათლებული კაცი იყო და უსაზღვროდ უყვარდა ლიტერატურა.
24 მარტი, სამშაბათი. რამდენიმე დღეღა დარჩა სწავლის დამთავრებამდე. სულ ბოლო ზარსა და ბანკეტზე ვსაუბრობთ. გამოცდებისთვის ვემზადებით. უსაზღვროდ ვღელავ ამის გამო. ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს მომავლის.
ქართული წერის გარდა, ყველაფერში ხუთები მყვება, სკოლას რომ დავამთავრებ, ან ფსიქოლოგიურზე ჩავაბარებ, ან ფილოლოგიურზე, ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.
გუშინ ჩემთვის "ის" უნდა გაეცნოთ, მაგრამ არ მივედი "პაემანზე". თურმე მოუთმენლად მელოდებოდა. მართალია, ისევ მომწონს, მაგრამ გაცნობა არ მინდა.
ზეგ 26 მაისია!
26 მაისი, ხუთშაბათი. 1994 წ.
დღეს 26 მაისია, მაგრამ არავინ აღნიშნავს, არც უხარიათ.
უსაზიზღრეს ხასიათზე ვარ. მთელი დღე ვფიქრობ 26 მაისზე, საქართველოზე, ამ ბოლო წლებზე და კარგს ვერაფერს ვხედავ, სულ ვერაფერს. წეღან ჩემს დღიურს გადავავლე თვალი და კინაღამ გული გამისკდა, ამ ხნის მანძილზე, ეს წლები, თითქმის მთლეი ჩემი საფიქრალი პოლიტიკა ყოფილა; პოლიტიკა კი არა, საქართველოს მდგომარეობა...
სულელი ვარ, ალბათ, ასე არ უნდა ყოფილიყო. ნერვიულობის მეტი რა შემრჩა? დამახინჯებული ფიქრები, გაუსაძლისი დღეები... მაგრამ, გინდ გაგიკვირდეს, გინდ არა - ახლაც ვფიქრობ, განსაკუთრებით დღეს.
გუშინ გამოცდისთვის ვემზადებოდი. ტიციან ტაბიძის ლექსებს ვიმეორებდი და ყველაზე მეტად მისმა ერთმა ფრაზამ დამაფიქრა: "სჯობს, აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ეგრე ლამაზი!" დღეს სულ ეს მიტრიალებს თავში. ალბათ ტიციანის დროს მართლა ასეთი კარგი და ლამაზი იყო საქართველო. მაგრამ ახლა? - ახლა მგონი, აღარ არის ისეთი ლამაზი, ძველებური ხიბლიც აღარ შერჩენია. თუმცა, თავად საქართველო არსებობს კი, სილამაზეს რომ დავეძებ?! ძველი, ძლიერი საქართველოდან პაწაწკინტელა ნაწილია დარჩენილი, სულ პატარა ლაქა რუქაზე, და... ვჭამთ ერთმანეთს ქართველები, რისთვის, ვისთვის, კაცმა არ იცის.
მახინჯმა ადამიანებმა გააცამტვერეს ყოფილი სილამაზე. თუ ადრე სილამაზის, სიუხვის გამო ჰყავდა საქართველოს უამრავი მტერი, ახლა უკვე იმიტომ იწევენ მის დასაპყრობად, რომ ყველასთვის ცხადია, ქართველობა ისე დაცემულა, ისე გადასულა კუჭის პრობლემებზე, ისე დაბეჩავებულა, რომ ოღონდ კი უცხოური კონსერვები, რაღაც-რუღაცეები და დოლარები დაანახე, სულსაც მოგყიდის; აქ ყველა და ყველაფერი იყიდება.
იმის მაგივრად, რომ ეს ერთი მუჭა ხალხი ერთმანეთს ამოვუდგეთ, რაღაც სულელური ამბიციებისა თუ ქონების გამო ვჭამთ ერთმანეთს, ვანადგურებთ. ყველაფერს ვკადრულობთ, რათა თანამემამულე უბრალო მიზეზის გამო მიწასთან გავასწოროთ, მოვსპოთ.
აივსო საქართველო ქურდებით, ავაზაკებით, მეძავებით, ნარკომანებით. ყველაფერს იტაცებენ, მიაქვთ ოსეთსა თუ რუსეთში და მორფის გრამებზე ყიდიან. ამდიდრებენ მტერს და თავს იღუპავენ!
ამ ბოლო დროს მიცვალებულების ამოღება დაიწყეს საფლავებიდან - ზოგს ძარცვავენ, ზოგში კი გამოსასყიდს ითხოვენ...
მტერს კი მეტი რა უნდა? ხახადაღებული შემოგვყურებს, როდის ჩავწყდებით მთლად, რომ დაგვესიოს და სულ ერთიანად მოგვსუნთქოს.
... თვით ქართველი ქალებიც, ოდითგანვე კდემამოსილებით, სინაზითა და სილამაზით, სიწმინდითა და გმირობით რომ იყვნენ განთქმულნი, მიდიან თურქეთში და რაღაც ჯღანებზე, ძონძებზე ჰყიდიან საკუთარ სხეულს, საქართველოს... თან ვისზე, საქართველოს მრავალსაუკუნოვან მტერზე... აღარავის ეამაყება დღეს, რომ ქართველია.
რელიგიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საუკუნეების მანძილზე გადარჩენილ ქრისტეს სარწმნუოებას ახლა ვუღებთ ბოლოს. ისედაც დაყოფილი საქართველო, სხვადასხვა რელიგიებად, სექტებად დაქუცმაცდა, ქრისტეს რჯულს "ბაპტიზმზე", "იეღოვასა" და "ხსნის არმიებზე" ცვლიან, რა არის გამხმარ კუჭს ამოგვივსებსო?!.
ამდენი უბედურება ალბათ ჩვენი ცოდვების გამო გვატყდება. როგორც აღიგავა პირისაგან მიწისა სოდომი და გომორი, ასევე ცოდვის სამყოფლად ხომ არ არის ქცეული დღეს ჩვენი ქვეყანა? - მეშინია, ძალიან მეშინია. ოჰ, ღმერთო ჩემო!
ღმერთო, უფალო იესო ქრისტე! შენ შეიწყალე, დაიფარე და გადაარჩინე ჩვენი სამშოლო. შეგვინდე ცოდვები და ნუ მიგვატოვებ. კიდევ ერთხელ მოგვეცი საშუალება, გონს მოვეგოთ. მჯერა, რომ გაუბედურებული ხალხი ახლა მაინც მორჯულდება, იწამებს შენს სიკეთესა და ძლიერებას და ჩაფიქრდება საკუთარ თავზე.
ღმერთო, დაიფარე, შეიწყალე ჩვენგან წასული ქართველი ვაჟკაცების სულები და დაამშვიდე ისინი. ახლა სარბიელზე ჩვენ გამოვდივართ, მათი შემდგომი თაობა; არ დაღვრილა სულ ტყუილად მათი სისხლი, არ გამქრალა საქართველო. ჩვენ მოვევლინებით მას მხსნელებად. ყველა გააკეთებს თავ-თავის საქმეს, თითოეული აირჩევს თავის გზას ჭეშმარიტებისაკენ და შენი რწმენისკენ.
გთხოვ, მოგვეცი საშუალება წამოვაყენოთ წელში მოხრილი, ჩვენი საყვარელი, საცოდავი და ამავე დროს ძლიერი, მხნე საქართველო! ამინ!
... მგონი ძალიან გავილექსე, მაგრამ უცებ ისე მომაწვა ყველაფერი, წარსული და დღევანდელობა, და თანაც... ეს ჩემი უკანასკნელი ფრაზებია დღიურში; არაფრის დაწერას აღარ ვაპირებ.
მე მგონი დღიურის წერას აზრი აღარ აქვს... ახლა დავამთავრებ სკოლას და დამოუკიდებელი გავხდები, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმას გავაკეთებ...
კარგად, ჩემო დღიურო; გმადლობთ, რომ ერთგულად მიმეგობრე! იქნებ, კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს?! ჯერ კი, მე ჩემს მომავალს ვეგებები - ფართო თვალებით, გახსნილი გულით, ჯერჯერობით შეურყვნელი გონებით და... რა ვიცი, უამრავი იმედით, სურვილით, ოცნებით, რწმენით...
დასასრული