გავიხსენოთ გამქრალი თამაშები, რომლებიც ბევრ რამეში დაგვეხმარნენ, რათა გავზრდილიყავით ისეთები, როგორებიც ვართ ახლა XXI საუკუნეში ბავშვები შეუმჩნევლად გაქრნენ დიდი ქალაქის ეზოებიდან. ახლა ისინი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ. ბავშვებთან ერთად დაიკარგა ეზოს სოციალიზაცია თავისი თავისებურებებით. მოდით გავიხსენოთ გამქრალი თამაშები, რომლებიც ბევრ რამეში დაგვეხმარნენ, რათა გავზრდილიყავით ისეთები, როგორებიც ვართ ახლა. გავიხსენოთ და ბავშვებსაც მოვუყვეთ, იქნებ შთააგონოს რომელიმე მათგანმა და ისევ დაიწყონ მათი თამაში.
„რეზინობანა“
როგორ ვითამაშოთ? მთავარი ატრიბუტი ამ თამაშისა არის ე.წ. „რეზინა“, რომელსაც ტანსაცმლისთვის იყენებენ. მოთამაშეების იდეალური რაოდენობა 3-4 ბავშვია. თითოეული მონაწილე ასრულებს სხვადასხვა ხტუნვით კომბინაციას სხვადასხვა სიმაღლიდან: თამაში იწყება კოჭიდან და მთავრდება ყელის დონეზე. როგორც კი მოთამაშეს შეეშლება, მის ადგილას დგება მეორე მოთამაშე. თუ 4 ბავშვი იღებს მონაწილეობას, მაშინ წყვილში თამაშობენ.
რას ავითარებს ეს თამაში? ვესტიბულარულ აპარატს, კოორდინაციას, მოქნილობას და ყურადღებას. ბავშვი ეჩვევა ვარჯიშს, მოგებას, ღირსეულ წაგებას და მეგობრობას, მაშინაც კი, თუ თამაშში მოწინააღმდეგები არიან.
„კლასობანა“
თამაშის წესები: საჭიროა ცარცი, მოასფალტებული სწორი ადგილი და ბრტყელი ქვა. ხაზავთ ოთხკუთხედებს და შიგნით წერთ ციფრებს ერთმანეთის მიყოლებით. შეიძლება მარტო თამაშიც. მთავარია ქვა მოახვედროთ კვადრატში. იმ ადგილამდე კი ასკინკილით ან ერთდროულად ორივე ფეხით უნდა მიხვიდეთ. უკან ბრუნდებით ისევ იმავე გზით. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც შეუცდომლად გაივლის ამ გზას 1-დან 10-მდე. კლასობანას თამაშში ბავშვების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
რას ავითარებს ეს თამაში? თუ მოთამაშეები პატარები არიან - ციფრების დამახსოვრების კონცენტრაციას, სიზუსტეს და კოორდინაციას.
„ნელა ივლი, შორს წახვალ - სდექ“
თამაშის წესები: მთავარი მოთამაშის ამოცანაა დადგეს ზურგით მონაწილეებთან, ფინიშის ხაზთან (რაც უფრო მეტი დაშორება იქნება თამაშის წამყვანსა და მონაწილეებს შორის, მით უკეთესია) და ხმამაღლა წარმოთქვას: "ნელა ივლი, შორს წახვალ - სდექ“. სანამ მთავარი მოთამაშე ამას ამბობს (ამის თქმა კი ნებისმიერ ტემპში შეუძლია), მონაწილეები ცდილობენ რაც შეიძლება შორს გაიქცნენ ფინიშის მიმართულებით. როგორც კი მთავარი მოთამაშე გაჩუმდება, მოთამაშეები ადგილზე შეშდებიან. ის კი, ვინც ვერ მოასწრო და შემთხვევით გაინძრა - გამოაკლდება თამაშს. იმარჯვებს ის, ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ზოლს და ხელს დადებს მთავარ მოთამაშეს.
თამაში ანვითარებს: კოორდინაციას, სწრაფ სირბილს და რეაგირებას სხვადასხვა სიტუაციაზე.
„წრეში ბურთი“
თამაშის წესები: ორი მოთამაშე დგას ერთმანეთის პირისპირ დიდ მანძილზე. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი, რომელსაც ესვრის შუაში მდგომ ერთ ან რამდენიმე მოთამაშეს. შუაში მდგომმა კი ბურთი უნდა აიცილოს .ვისაც მოხვდება ბურთი, ის ტოვებს თამაშს. დარჩენილ შუაში მდგომ მოთამაშეებს „გავარდნილი“ მეგობრის გადარჩენა და თამაშში დაბრუნება შეუძლიათ, თუ მოწინააღმდეგის ნასროლ ბურთს დაიჭერენ. როდესაც ერთი მოთამაშე დარჩება ცენტრში, მან ბურთი უნდა აიცილოს იმდენჯერ, რამდენი წლისაც არის თვითონ. თუ ყველა ნასროლი ბურთის აცილება შეძლო, თავისი მეგობრები შეუძლია დააბრუნოს ცენტრში.
ავითარებს: სისწრაფით გამოსროლილი ნივთებისგან თავის არიდების უნარს, მეგობრების გატანას და ტკივილის მოთმენას.
კიდევ ბევრი თამაში გაგახსენდებათ ალბათ: შვიდქვაობა, სტოპობანა, დამალობანა, შტაბობანა... და ვინ იცის, კიდევ რა. ეს ყველაფერი ჩვენს ბავშვობას გაცილებით უფრო მხიარულს და ლაღს ხდიდა, მეტ დადებით ემოციას იწვევდა, ვიდრე პლანშეტები და კომპიუტერები.