რატომ არ გამოაგდო დედამ სახლიდან - ტელეწამყვანის გულახდილი ინტერვიუ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ოდესღაც განდეგილობასა და გამოქვაბულში ცხოვრებაზე ოცნებობდა. საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, ბევრს კითხულობდა და ხშირად ეცვლებოდა შეხედულებები, სურვილები... იყო მშობლებთან დაპირისპირება, საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, წაქცევა, იმედგაცრუება, მაგრამ ყველა წარუმატებლობამ გაკვეთილი ჩაუტარა და წამოდგომა ასწავლა. საბოლოოდ ბედმა ტელევიზიაში მიიყვანა. როგორც ბავშვობაში, დღესაც, 40 წლის ასაკში, მარტოობისკენ მიისწრაფვის, საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენა უყვარს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გაბუნიამ გიგი უგულავასთან სტიქაროსნობის დროს გადაღებული ფოტოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამ დღეებში სოციალურ ქსლებში გავრცელდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული?
- ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად, წყალში ხახვს ჩავაგდებდი და ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვლებოდა, როგორ გაიზრდებოდა და ა. შ. ასევე ძალიან მიყვარდა კონსტრუქტორები.
ბავშვობაში ეკლესიური ვიყავი, რადიკალური განცხადებებით გამოვდიოდი. ვამბობდი, სკოლას რომ დავამთავრებ, კლდეში განდეგილად უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო.
- მერე კი განდეგილობა გადაიფიქრეთ.
- რელიგიურ ლიტერატურას ინტენსიურად ვეცნობოდი და რელიგიებზე, მათ შორის - მართლმადიდებლობაზეც, წარმოდგენა შემეცვალა. ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ მოძღვართან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია. ხშირად ადამიანებს ეკლესიაზე ან სასულიერო პირებზე ეცვლებათ წარმოდგენა, მე კი რელიგიაზე შემეცვალა აზრი. არადა თავის დროზე არქიტექტურულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ეკლესიები მეშენებინა.
- ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტა დიდ სულიერ ტრავმებს იწვევს. თქვენში რა მოხდა მაშინ?
- ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.
მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა.
- მაგრამ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი წესები...
- არასოდეს მაკმაყოფილებდა საზოგადოებისგან თავს მოხვეული წესები, მხოლოდ იმის კეთება მიყვარდა, რასაც მე ვთვლიდი მნიშვნელოვნად. შარვალი უკუღმა მეცვა, საყურეები მეკეთა, თმა სხვადასხვაფრად შევიღებე, ისე მქონდა აჭრილ-დაჭრილი, ზოგს ქეციანი ვეგონე.
- მიკვირს, სახლიდან რომ არ გამოგაგდეს.
- გამოგდების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის სიყვარულმა და იმედმა, რომ ოდესმე გამოვსწორდებოდი, გადამარჩინა. როდესაც "კურიერში" დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩათვალეს, რომ ნამდვილად გამოვსწორდი. განაგრძეთ კითხვა