ორსულობისას წონაში 8 კილოგრამი მოვიმატე, მშობიარობის შემდეგ ვიყავი ზუსტად იმდენი, რამდენიც ორსულობამდე ორსულობის დროს ფიზიკური აქტიურობა, სეირნობა და მსუბუქი ვარჯიშები რომ სასარგებლოა, ამაზე ბოლო დროს ბევრი საუბრობს - სპეციალისტიც და არასპეციალისტიც. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჯერ მაინც ცოტანი არიან ისეთი ორსულები, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას განაგრძობენ დაორსულების შემდეგ, გულმოდგინედ აკვირდებიან კვების რაციონს და ფიზიკურ ვარჯიშებსაც ატარებენ საკუთარი სიჯანსაღისთვის, ფორმის შესანარჩუნებლად და ასევე მშობიარობის შემდეგ ფორმის სწრაფად აღსადგენად. ჩვენ ერთი ასეთი გოგონა ვიპოვეთ, რომელიც მთელი ორსულობა არ წყვეტდა ვარჯიშს, იოგის ასანებს დიდი გულმოდგინებით ასრულებდა და ჯანსაღად იკვებებოდა. შედეგად, მისმა ორსულობამ შესანიშნავად ჩაიარა, არც წონაში მოუმატია, არც ნაყოფი გაზრდილა მეტისმეტად დიდი, მშობიარობაც იოლი ჰქონდა და მშობიარობის შემდეგაც სწრაფად ჩადგა ფორმაში. 21 წლის სტუდენტი, ახალგაზრდა დედა თამუნა ჩალაძე სხვებსაც ურჩევს, ჯერ კიდევ დაორსულებამდე დაიწყონ აქტიური ცხოვრება და შემდეგაც, ორსულობის პერიოდში, განაგრძონ.
- ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ და სულ მიყვარდა ვარჯიში. განსაკუთრებით მაინტერესებდა იოგა. ბევრს ვკითხულობდი მის სასწაულებრივ შედეგებზე და მოგვიანებით მისვლაც გადავწყვიტე ნონა ჟღენტთან - სპეციალისტთან, რომელიც არის ექიმი, ფსიქოლოგი და რაც მთავარია, უაღრესად დადებითი პიროვნება. სანამ დავორსულდებოდი, ერთი წლით ადრე დავიწყე მასთან იოგაში ვარჯიში. სხვათა შორის, ჩემი იოგის მასწავლებელი არ ღებულობს ისეთ ორსულებს, რომლებსაც მანამდე არ უვარჯიშიათ. ორსულობის პერიოდში უკვე კარგად გავარჯიშებული ვიყავი და შეზღუდვების გარეშე გავაგრძელე.
მასწავლებლის კონტროლის ქვეშ განვლო 9 თვემ და შემდეგ მშობიარობამაც. სწორი კვების, გაძლიერებული იმუნიტეტის წყალობით არ დამჭირვებია არც ერთი მედიკამენტის მიღება, ელასტიური სხეულის წყალობით მთელი ცხრა თვე თავს ვგრძნობდი ენერგიულად და მსუბუქად. ჩემში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იზრდებოდა ჯანმრთელი ნაყოფი. სუნთქვის კონტროლი დამეხმარა სამშობიარო ტკივილების დაძლევაში. ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე გავაჩინე გოგონა, წონით 3.100 კგ.
- თუ ყოფილა უარყოფითი მოსაზრებები? საქართველოში მაინც არც ისე ხშირია ორსულო~ები, რომლებიც ვარჯიშობენ და ზოგი სკეპტიკურადაც უყურებს ამას...
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ უარყოფით მოსაზრებებს ვისმენდი, თუმცა გულთან ახლოს არ მიმქონდა, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რისთვის.
- ზოგს პირიქით ჰგონია, რომ ამით ვნებს ნაყოფს ან საკუთარ თავს. რას ეტყოდი ამ ადამიანებს?
- ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ მეტი წაიკითხონ ამ საკითხზე, სანამ უარყოფით მოსაზრებებს მოახვევენ სხვებს.
- ახლა ალბათ ბავშვსაც ავარჯიშებ... თავად თუ აგრძელებ ვარჯიშს?
- ვარჯიში გავაგრძელე მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ. ბავშვს ვუტარებ ჩვეულებრივ საბავშვო ვარჯიშებს.
- როგორც ვიცი, წონაშიც ნაკლებად მოიმატე და ფორმაში ჩადგომაშიც დაგეხმარა ვარჯიში ორსულობის დროს?
- ორსულობისას წონაში მოვიმატე 8 კილოგრამი, მშობიარობის შემდეგ ვიყავი ზუსტად იმდენი, რამდენიც ორსულობამდე. ვარჯიშის წყალობით ფორმაში ძალიან სწრაფად ჩავდექი.
- რას ურჩევდი ზოგადად საქართველოში მყოფ ორსულებს ვარჯიშთან და ფორმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და თუ შეიძლება, რომ სახლში, დამოუკიდებლად ივარჯიშონ?
- ყველა ორსულს ვურჩევ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდს. იკვებონ ჯანსაღად და რაც მთავარია, ივარჯიშონ სანდო სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. იოგას ასანები იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ ორსული სპეციალისტის გარეშე არ უნდა დაკავდეს სახლში ამ ვარჯიშებით.
ციცი ომანიძე