სამი თვის გოგონას დედა მოუწოდებს ყველას, ნუ კოცნიან ჩვილ ბავშვებს! პაწაწინა ჩვილის დანახვისას ყველას მოუნდება ხოლმე მისი კოცნა – ახლობელ-ნათესავებს და ხან, უბრალო შემხვედრებსაც კი. არადა, ჰიგიენის თვალსაზრისით ეს არც ისე კარგი ჩვევაა. 3 თვის გოგონას დედა მოგვიწოდებს, ახალშობილს, სანამ ის ჩვილი და უსუსურია, სულაც არავინ აკოცოს – არც ახლობელმა, მათ შორის მშობლებმაც კი.
ამერიკელი კლერ ჰენდერსონი სამი თვის ბრუკის შვილია და კინაღამ დაკარგა თავისი პატარა იმის გამო, რომ რომელიღაც ახლობელმა მას აკოცა – ერთი შეხედვით უბრალო კოცნით ბავშვს ჰერპესის ვირუსი გადაედო და ინფექციას სერიოზული შედეგები მოჰყვა.
"გთხოვთ, უთხარით ყველა ახალბედა დედას და ორსულ ქალს, ვისაც იცნობთ... ერთი შეხედვით უწყინარი გამონაყარი თქვენს ან თქვენი ახლობლის ტუჩზე, შეიძლება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვისთვის!" – დაწერა კლერმა თავის ფეისბუქზე მას მერე, რაც მისი გოგონა ორალური ჰერპესული ინფექციის დიაგნოზით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა საკმაოდ მძიმე გართულებები ჰქონდა. ახლა გოგონა უკეთ არის.
კლერის პოსტი, რომელსაც თან ახლდა მისი ბავშვის ფოტო, ტუჩზე გამონაყარით, სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანმა გააზიარა.
როგორც ამერიკელი პედიატრი ჯულია კაპიოლა ამბობს, კლერის მოწოდება საკმაოდ მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. უბრალო ჰერპესის ლაბიალური (ტუჩის) ფორმა, რომელსაც ვირუსი HSV-1 იწვევს, ინფექციის მატარებლის ნერწყვით გადადის. ეს საკმაოდ გადამდები ვირუსია და ადრე თუ გვიან მთელ ორგანიზმზე ვრცელდება. წამოზრდილი ბავშვებისა და უფროსებისთვის ის არ არის საშიში – ტუჩზე გამონაყარი მცირე დისკომფორტს ქმნის, თუმცა პატარებისთვის ძალიან სახიფათოა. 2 თვემდე ჩვილის იმუნური სისტემა დასუსტებულია და ვირუსს სათანადოდ ვერ ეწინააღმდეგება. რაც ყველაზე საშიშია, თუ ჰერპესით ახალშობილი დასნებოვნდება, მას შეიძლება განუვითარდეს ჰერპესული ენცეფალიტი (თავის ტვინის დამაზიანებელი), რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
ამიტომ ექიმი გვაფრთხილებს, რომ მკაცრად უნდა შევზღუდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ბავშვთან აქვს კონტაქტი მისი სიცოცხლის პირველ თვეებში და ვაკონტროლოთ ისიც, რომ არავინ აკოცოს ბავშვს სახეზე, განსაკუთრებით – ტუჩებზე. ამ უკანასკნელს არც მშობლებს ურჩევს, თუნდაც არ ჰქონდეთ მათ ჰერპესი – გამორიცხული არ არის, ვირუსის მატარებელი იყოთ და ტუჩებზე კოცნით ბავშვი დაასნებოვნოთ.
გაივლის ცოტა დრო, წამოიჩიტება და მერე აკოცეთ თავისუფლად, მანამდე აცადეთ პატარას, მოძლიერდეს და შეეგუოს ბაქტერიებითა და ვირუსებით დახუნძლულ სამყაროს.