მოზარდებს მდიდარი კაცები ზოგჯერ მშობლებისგან ყიდულობენ... თუ რომელიმემ გაქცევა სცადა, პატრონი კლავს ან ასახიჩრებს ბრიტანელი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორი რობერტ იანგ ფელტონი თავის წიგნში - ”მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები” წერს: ”გასული საუკუნის 90-იან წლებში, ავღანეთის გზებით სიარულს ვინც დააპირებდა, მოჯაჰედებისგან (მუსლიმანი მებრძოლები) დიდი საფრთხე ელოდა. ისინი ადამიანებს იტაცებდნენ; თუ ხელში პატარა ბიჭი ჩაუვარდებოდათ, პატარძლის კაბაში გამოაწყობდნენ და დაცინვით ქორწინების რიტუალს ჩაატარებდნენ. მანამდე კი, ბიჭს ალკოჰოლითა და ოპიუმით გაჭყიპავდნენ, რის შემდეგაც, ”პატრონი” ანუ მყიდველი, მასთან გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ბიჭის მშობლებისა და ნათესავების თანდასწრებით ხდებოდა...”
გავიდა დრო და ეს უკუღმართი ტრადიცია ავღანეთის პროვინციაში - ბაჩა-ბაზი (რაც სპარსულ ენაზე ”ბიჭებთან თამაშს” ნიშნავს) სექსუალური მონობის, ბავშვების პროსტიტუციის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბდა და ახლა ადგილობრივი, მდიდარი ავღანელებისთვის ფუფუნების საზომადაც კი მიიჩნევა: პატარა ბიჭები საყვარლებად მაღალჩინოსან, მიწის მეპატრონე, ფერმერ, ავტორიტეტულ ავღანელებს ჰყავთ.
დროთა განმავლობაში ამ ტრადიციას უამრავი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, მათ შორის, გაბედული ჟურნალისტები, რომლებიც მოზარდ ბიჭებზე სექსუალურ ძალადობას სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ავღანელი ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი ნაჯიბულა ქურაიში, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა, ავღანეთთან ურთიერთობას არ წყვეტს. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.
ნაჯიბულა ქურაიში:
- ავღანეთში კანონი არის ცნება, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ასე იქნება კიდევ რამდენიმე საუკუნე. მთელმა მსოფლიომ იცის, რა ხდება ამ ქვეყანაში. მე მოგიყვებით იმ საშინელ ტრადიციაზე, რის გამოც ჩემთან საუბარი მოისურვეთ: ბაჩა-ბაზის პროვინციაში მცხოვრები მდიდარი ავღანელები, 6 წლის ასაკიდან ბიჭებს მშობლებისგან ან მათი მფარველებისგან ყიდულობენ და ”ბაჩებად” (საყვარლებად) მიჰყავთ. ამ საქმისთვის ასაკის ზედა ზღვარი 8 წელია. თუ ბავშვი გარეგნულად მოეწონათ, იტაცებენ კიდეც. ფულიანი კაცები თავად არასდროს მიდიან ბავშვთან, ამისთვის კარგად გამოწვრთნილი ”ხელის ბიჭები” ჰყავთ, რომლებსაც პატარების მანქანაში შეტყუება არ უჭირთ. ჰოდა, ხშირად, ისინი პირდაპირ ქუჩიდან აჰყავთ.
- თქვით, რომ ზოგჯერ მშობლებისგანაც ყიდულობენ მოზარდებს...
- ამაზე მშობლები ფულის გამო თანხმდებიან, რადგან სხვა შვილები შიმშილით უკვდებიან. თუმცა, ზოგჯერ მხოლოდ ამის გამო არ აკეთებენ, - ადგილობრივები შეჩვეული არიან ამ ტრადიციას და ისე ტრაგიკულად არ აღიქვამენ, როგორც დანარჩენი, ცივილიზებული სამყარო. ამიტომაც, ისინი საკუთარი ნებით ყიდიან შვილებს მდიდარ კაცებზე, - საჭმელი და ჩასაცმელი მაინც ექნებაო... ”პატრონები” მათ ქალებივით აცმევენ, სიმღერასა და ცეკვას ასწავლიან, შემდეგ კი ზრდიან ტრანსვესტიტ მოცეკვავეებად და ”ბაჩებად” აქცევენ. ზოგიერთ ”პატრონს” რამდენიმე ”ბაჩა” ჰყავს და მათთვის ცეკვისა და მუსიკის მასწავლებელს ქირაობს. ისინი სწავლობენ, როგორ იცეკვონ ავხორცად და ნაზად, რათა ბატონსა და მის სტუმრებს ასიამოვნონ. დროთა განმავლობაში გამოცდილი ”ბაჩები” ხდებიან და მათზე მოთხოვნა იზრდება. ზოგჯერ ფულიან და გავლენიან ავღანელ მ
ამაკაცებს შორის, ამ ბიჭების გამო ნამდვილი ბრძოლა იწყება. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კაცებმა ერთმანეთი დახოცეს ან ერთმა მეორეს ”ბაჩა” მოუკლა, გასამწარებლად... განაგრძეთ კითხვა