აკვანში ჩაკრულ ჩვილს დედა დააკვდა, კაცები ძალის გამოცლამდე აჩხაკუნებდნენ ჩონგურს შატილიდან სამიოდ კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოს წყლის შესართავთან მდებარეობს ანატორის აკლდამა... გადმოცემის თანახმად, სისაურების სოფელს ჟამი (შავი ჭირი) დაერია. სოფელი გარდაცვლილთა დასაფლავებას ვეღარ ასწრებდა, და ამიტომ სნეულთათვის სოფლისგან მოშორებით აკლდამები ააგეს.
ანატორის აკლდამებში სიკვდილამდე დიაცები საქსოვით ირთობდნენ თავს, კაცები ძალის გამოცლამდე აჩხაკუნებდნენ ჩონგურს და ხელში შეაცივდებოდათ საკრავი, აკვანში ჩაკრულ ჩვილს დედა დააკვდა - სიკვდილსაც მამაცურად შეეგებნენ ხევსურთ შვილები. ყოველივე ეს ნაშთად დარჩა მკვდართა ქალაქში, რომელიც ინახავს თავგანწირვის ისტორიას იმ ადამიანებისა, სხვისი სიცოცხლისთვის თავი ცოცხლად რომ დაიმარხეს...
შატილიონი ვაჟა ჭინჭარაულის მონათხრობიდან: - XVII საუკუნეში სოფელ ანატორში, სადაც სისაურების გვარი სახლობდა, შავი ჭირი გაჩენილა. მოსახლეობა სოფელში არც არავის უშვებდა და არც არავინ გადიოდა სოფლიდან. დასნეულებულნი როცა ხვდებოდნენ, რომ სიკვდილი უკვე მოახლოებული იყო, თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ზოგი აკლდამაში შედიოდა, ზოგი კი ქარაფიდან ხტებოდა.
სისაურების გვარმა ასე გადაარჩინა ახლომდებარე სოფლები შავი ჭირისაგან. გადარჩა მხოლოდ ერთი 7 წლის ბავშვი. ყმაწვილს დედა თუში ჰყავდა და თუშეთს იყო ბებია-პაპასთან. 10 წლის შემდეგ, თუშეთში, ამ ბავშვის ოჯახში, შემთხვევით ხევსურები მოხვედრილან სტუმრად. ბიჭის გვარი რომ გაუგიათ, შენ თუში არ იქნები, რომელი სოფლიდან ხარო, - უკითხავთ. მე იმ სოფლიდან ვარ, სადაც მზე ორჯერ ამოდისო (ანატორში უზარმაზარი მთებია, მზე რომ ამოვა, მალევე ეფარება მთას და დიდხანს აღარ ჩანს, შემდეგ საღამოს ისევ გამოდის). წამოიყვანეს ბავშვი ხევსურებმა და შატილში დაასახლეს. მაშინ უფლება არ ჰქონდა არც ერთი გვარის შვილს შატილში დასახლებისა თუ ჭინჭარაული არ გახდებოდა - ეს ბავშვი სისაური იყო და ჭინჭარაულად მონათლეს. მას "ხევსურების გადამრჩენელს" ეძახდნენ.
იხილეთ მეტი