ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებული და საშიშია ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები, ხანდახან მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და რაღაც აკვიატებული აზრებიც აქვთ ხოლმე. ვიღაც მეტისმეტად მსუქნად ან გამხდრად მიიჩნევს თავს, სხვას თავისი ცხვირი ან ტუჩები არ მოსწონს და ა.შ. ზოგიერთი იმდენად განიცდის ამ "არასრულყოფილებას", რომ ცდილობს პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით გამოისწოროს ხარვეზები.
მაგრამ ხანდახან საკუთარი გარეგნობისადმი დამოკიდებულება ყოველგვარ ზღვარს სცდება და დეპრესიასა და შიშებსაც კი იწვევს. ასეთ ფსიქიკურ აშლილობას დისმორფოფობია ჰქვია. ადამიამებს ამ დაავადებით იმდენად რცხვენიათ საკუთარი გარეგნობის, რომ სახლიდან გამოსვლასაც კი ვერ ბედავენ, რომ ვინმეს თვალში არ მოხვდნენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში დაავადება თვითმკვლელობასაც კი იწვევს.
რეალურად დისმორფოფობებს არავითარი თვალხილული დეფექტი არ აქვთ და თავად იგონებენ ამ "სიმახინჯეს". შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ ეს დაავადება თუ ფობია საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში და საშიშიც არის.
მსგავს ადამიანებს ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ, თუმცა ხან ესეც არ შველით და ჰგონიათ, რომ ექიმიც დასცინის ან იცოდებს, ამის გამო უფრო მეტადაც იკეტებიან საკუთარ თავში.
დისმორფოფობიის დაავადების მიმართ რომ მიეპყრო საზოგადოების ყურადღება, გროტესკულმა მომღერალმა ლი დე ფრისმა უჩვეულო აქცია მოაწყო. მას თავად აქვს ეს ფსიქიკური დაავადება და ამიტომ წარმოსახვითი სიმახინჯის პრობლემები მისთვის ძალიან ახლოა.
"ბავშვობაში მეშინოდა ქუჩაში გამოსვლის, მეგონა, მახინჯი ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ გამვლელები ჩემკენ თითს იშვერდნენ და მახინჯს მეძახდნენ", - ამბობს ლი დე ფრისი.
ლი დე ფოქსს აკვიატებული აქვს, რომ მისი სახე ასიმეტრიულია. მას ეჩვენება, რომ მისი სახის მარჯვენა ნახევარი ძალიან საშინელია, თითქოს გიგანტური სიმსივნე აქვს მასზე. ამიტომ მას სპეციალური გრიმი გაუკეთეს, რომელიც მართლა ასახავდა იმას, რაც ლის ეჩვენება.
ამ გარეგნობით გაიარა ქუჩაში და სპეციალური ფარული კამერა იღებდა გამვლელების რეაქციას.
"ჩემი შინაგანი სამყაროს შესაბამისას გრიმის გაკეთება დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ახლა ბედნიერი ვარ, რომ გავაკეთე ეს. მას მერე, რაც ეს საშინელი ნიღაბი მოვიხსენი, პირველად ვიგრძენი, რომ ლამაზი ვარ.
რასაკვირველია, ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ლის საქციელი მართლაც პატივისცემას იმსახურებს.