"პირველად ყველა ქალი პატიობს - რომელსაც გინდათ ჰკითხეთ" ბოლო დროს ოჯახში ქალზე ძალადობის მომძლავრებული ტენდენცია არაერთი შემზარავი ფაქტით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი საიტის მკითხველებისგანაც ბევრია ისეთი, ვინც სახლში ნამდვილ ჯოჯოხეთს უძლებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი დროული მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქალისთვის:
"ჩემი მომავალი ქმარი 16 წლის ასაკში გავიცანი. ყველაფერი ბანალურად დაიწყო და დაგვირგვინდა - მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. იმ საღამოს სახლამდე მიმაცილა და მეორე დღიდან ზარებიც დაიწყო... საოცნებო შეყვარებული იყო, არაფერს მაკლებდა - კართან ჩემი საყვარელი ყვითელი თაიგულები მხვდებოდა, ლამაზ ნივთებს და ფუმფულა სათამაშოებს მჩუქნიდა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო, მის გვერდით თავი პრინცესა მეგონა.
სამაგიეროდ, ლექსო დედას არ მოსწონდა. დაიჩემა, თქვენ ერთმანეთს ვერ გაუგებთ, მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარსო. არც მამაჩემი უყურებდა კარგ თვალზე. ერთი სიტყვით, მშობლები ვერ დავითანხმე, შესაბამისად, მხოლოდ მე ვიყავი ბედნიერი, როცა ლექსომ ერთად ცხოვრება შემომთავაზა.
რამდენიმე წელი სამოქალაქო ქორწინებაში ვიცხოვრეთ. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს წლები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მართლა მჯეროდა, რომ სიბერემდე ერთად ვიქნებოდით და ერთ დღეს დავიხოცებოდით.
ყველაფერი ჩემი დაფეხმძიმების შემდეგ შეიცვალა. გადავწყვიტეთ ურთიერთობა დაგვეკანონებინა და ვიწრო წრეში ქორწილიც გადავიხადეთ. ამის შემდეგ ლექსო სულ შეიცვალა. ჩემი გაკონტროლება დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავიდან მომწონდა კიდეც ეს სიმკაცრე, ვფიქრობდი, რაკი ეჭვიანობს, ესე იგი ძალიან ვუყვარმეთქი. დაქალებთანაც კი ვტრაბახობდი ამით.
ქორწინებამდე თანაცხოვრებისას სტუმრებიც ხშირად გვყავდნენ - ხან ჩემი მეგობრები შემოგვივლიდნენ, ხან - მისი. სამაგიეროდ, როცა დავორსულდი, ლექსომ თანდათან ჩამომაშორა ყველა. ეს გვიან გავაცნობიერე, იმ პერიოდში გაბრუებული ვიყავი ბედნიერებით. მისი ყველა სურვილს უყოყმანოდ ვასრულებდი, ვფიქრობდი, რომ ჩემთან მარტო ყოფნა ერჩივნა.
სამწუხაროდ, პირიქით აღმოჩნდა: ლექსო უფრო და უფრო ხშირად გადიოდა სახლიდან და მარტოს მტოვებდა. ან შუაღამისას ბრუნდებოდა ან გამთენიისას. რა თქმა უნდა, ამას ვაპროტესტებდი და საყვედურებს არ ვაკლებდი. ერთხელაც ეს საყვედურები იმით დასრულდა, რომ ლექსომ ექვსი თვის ორსულს მცემა. კი არ გამარტყა, გამეტებით მცემა. სახეზე და თავში მირტყამდა, ცხვირიდან წამსკდარი სისხლის გემოც ვიგრძენი, მახსოვს მხოლოდ თავის ტკივილი და ფიქრი: ოღონდ მუცელში არ ჩამარტყას-თქო. შემდეგ გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, თავზე მედგა დაფეთებული სახით. შიშმა ეტყობა გამოაფხიზლა კიდეც. ბოდიშის მოხდა დაიწყო, პატიებას მთხოვდა, არ ვიცი, რა დამემართაო... უცებ "გადამეკეტაო... ასეო ისეო... და მეც, რა თქმა უნდა, ვაპატიე.
პირველად ყველა ქალი პატიობს - რომელსაც გინდათ ჰკითხეთ. თანაც მეგონა, შვილი რომ გვეყოლება, მისი თანდასწრებით ვეღარ გაბედავს ხელის დაკარებასმეთქი. თურმე როგორ ვცდებოდი. ბიჭი გამიჩნდა და ძველი იდილია თითქოს დაბრუნდა ოჯახში. დროებით სმასაც დაანება თავი, საჩუქრების მოძღვნაც დაიწყო, სამსახურიდან დროულად ბრუნდებოდა, მაგრამ 4 თვის იყო ჩვენი ბიჭუნა, რომ ყველაფერი განმეორდა.
ეტლით ბავშვს ვასეირნებდი, როცა მოულოდნელად ცუდად გავხდი. რომ არ წავქცეულიყავი, პირდაპირ ტროტუარზე ჩამოვჯექი. ერთმა კაცმა წამომაყენა და სახლში მიცილება შემომთავაზა. კარი ლექსომ გაგვიღო... შევედით თუ არა ოთახში, სიტყვა არ დაუძრავს, რაღაც ნივთები ჩაალაგა და სახლიდან წავიდა.
მხოლოდ მეორე ღამეს გამოჩნდა და პირველი, რაც შემოსვლისთანავე მოიმოქმედა, სახეში ძლიერად გამარტყა. ამჯერად გონება აღარ დამიკარგავს და ის რამდენიმე საათი ისე მახსოვს, როგორც ნამდვილი ჯოჯოხეთი.
დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდე, მხოლოდ შედეგს გეტყვით: ტვინის შერყევა, ცხვირის და ორი ნეკნის მოტეხილობა. მაგრამ ეს ტრავმები არაფერია იმ სულიერ ტკივილთან შედარებით, რაც განვიცადე.
ამ შემთხვევის მერე ხომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა დავშორებოდი, მაგრამ... არ წამოვსულვარ. სასწრაფო რომ წავიდა (რომელსაც ვუთხარი რომ კიბიდან დავგორდი, რადგან შემრცხვა იმის აღიარების, რომ ქმარმა მცემა), ისევ მუხლებში ჩამივარდა. მიხსნიდა, რომ სიგიჟემდე ვუყვარდი და ამიტომ გააგიჟა ეჭვიანობამ... მოკლედ, კიდევ ერთი შანსის მიცემა გადავწყვიტე.
მორიგ ცემა-ტყეპამდე დიდი დრო არ გასულა. ძველი ტრავმებიც არ მქონდა შეხორცებული. ამჯერად ეჭვიანობის მიზეზი არ ჰქონია - შარი მომდო, რომ ბავშვს ცუდად ვუვლი... ამჯერად ისე სასტიკად არ ვუცემივარ. სილა გამაწნა და კედელს მიმახეთქა თან ლანძღვა-გინებაც მოაყოლა. კიდევ ნახევარ წელიწადს ვითმინე ცემა, ალბათ მეტსაც მოვითმენდი, მაგრამ რაღაც გადაცემა მოვისმინე ოჯახურ ძალადობაზე. ფსიქოლოგები საუბრობდნენ, თუ რა მომავალი ელით ასეთ ოჯახებში ბავშვებს. ეს მაშინ არ გამხსენებია, როცა კედელზე თავს მარტყმევინებდნენ. ბავშვი უკვე ერთი წლის იყო... მექანიკურად დავიწყე ნივთების ჩალაგება. წასვლის წინ ბარათიც დავტოვე ბრალდებებით, ახნითა და თხოვნით, რომ ჩვენი ძებნა არც ეცადა.
ბარგით რომ მივადექი მშობლებს, შოკში ჩავარდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა პირობებში ვცხოვრობდი. მიმიღეს... სულ ვშიშობდი, რომ ერთხელაც სახლში მოგვივარდება მე და ჩემს მშობლებს. არადა პირიქით მოხდა - მარტო დარჩა თუ არა, ალკოლჰოლს ბოლომდე მიეძალა... არც კი ვიცი, სადაა და რას აკეთებს. ჩვენი შვილი უკვე 4 წლისაა, მეც შევხვდი კაცს, რომელსაც ვუყვარვარ და მაფასებს. ერთხელაც არ მინანია, რომ ქმარს დავშორდი. გამიმართლა კიდეც. გამიგია, რომ ქმრები გაქცეულ ცოლებს მოსვენებას არ აძლევენ. ასეც რომც იყოს, მერწმუნეთ, რაც მალე წამოხვალთ, მით უფრო მალე უშველით საკუთარ თავს. უკვე საკმაო გამოცდილება მაქვს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, შეურაცხყოფის და ხელით შეხების პატიება არ შეიძლება. ერთხელ ცემა არ არსებობს. ჯობია, პირველი დარტყმის შემდეგ დაშორდეთ, რადგან ის აუცილებლად განმეორდება. ეს არაფრთ არ უნდა დაუშვათ. ნუ გაზრდით შვილებს იმ გარემოში, სადაც ქალს სცემენ. ასეთ ოჯახებში გაზრდილი შვილები ხშირად მამების კვალს აგრძელებენ და თავად იწყებენ დედის ცემას. ამიტომ სანამ დროა, თავს უშველეთ. "