ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ბევრმა ექიმმა გარდასილით საკუთარი შვილები აცრა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს პაპილომა ვირუსი იწვევს, მთელ მსოფლიოში შესაბამისი აცრის კამპანიაც დაიწყო. საქართველოში დღეს 11-დან 25 წლამდე გოგონებს სახელმწიფო საშუალებას აძლევს, უფასოდ ჩაიტარონ ვაქცინაცია. თუმცა ბოლო დროს მშობლები შვილებისთვის ამ მანიპულაციის ჩატარებისგან თავს იკავებენ. საქმე ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში უამრავი ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ვაქცინის საიმედოობას, ხარისხსა და უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. საუბარია პრეპარატ გარდასილზე, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ანტისხეულების ჩამოყალიბებას ადამიანის პაპილომავირუსის ოთხი ტიპის – 6, 11, 16 და 18-ის წინააღმდეგ.
საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი-გინეკოლოგის თამარ ალიბეგაშვილის თქმით, ვაქცინა პაპილომა ვირუსის ყველაზე ონკოაგრესიული სახეობების წინააღმდეგ არის მიმართული.
- მსოფლიოში კიბოს პროფილაქტიკის მიზნით პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინაა შექმნილი. ერთი გახლავთ ამერიკული წარმოების გარდასილი, რომელიც ვირუსის 4 სახეობის წინააღმდეგ მოქმედებს. აქედან ორი მათგანი, განსაკუთრებით ონკოაგრესიულია და შემთხვევათა 70%-ში იწვევს კიბოს.
მეორე ვაქცინა ბრიტანული წარმოების ცერვალიქსია, რომელიც მხოლოდ ამ ონკოაგრესიული შტამებისგან იცავს ორგანიზმს.
ვაქცინა "ატყუებს" ორგანიზმს, ვითომ დაინფიცირდა და ორგანიზმი იწყებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. როცა ვირუსი მართლაც მოხვდება სხეულში, ორგანიზმს უკვე აქვს იმუნური პასუხი. ეს ვაქცინები არ შეიცავენ დნმ-ს, რომლებიც შეიძლება ორგანიზმში ჩაინერგოს და უჯრედის ავთვისებიანი ტრანსფორმაცია გამოიწვიოს, შესაბამისად, ვაქცინას არანაირი პათოლოგიური ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლია, საამისო შემადგენლობა არ აქვს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ვაქცინამ შეიძლება საპირისპირო რეაქცია მოგვცეს.
ვაქცინას მაქსიმალური ეფექტი მაშინ აქვს, თუ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე გაკეთდება. ამიტომაც არის ის საპროფილაქტიკო, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს სამკურნალო აცრების შესაქმნელადაც.
ვაქცინას ე.წ. ჯვარედინი რეაქციებიც გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი შტამების გარდა მოქმედებს იმ შტამებზეც, რომლებიც 6, 11, 16 და 18-ების ოჯახს მიკუთვნებიან. ანუ ირიბად სხვა სახეობებისგან დაცვასაც ახერხებს.
მსოფლიომ უკვე დაიწყო ფიქრი უნივერსალური, 9-ვალენტიანი ვაქცინის შექმნაზე, სადაც ხსენებული 4 შტამს კიდევ 5 დაემატება.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ნებისმიერმა ინიექციამ შეიძლება მოგცეთ რეაქცია. მთავარია, აცრისას გოგონა ჯანმრთელი იყოს, არ უნდა ჰქონდეს გამწვავებული არც ერთი დაავადება, თუნდაც რესპირატორული ინფექცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აცრა არ ჩატარდება.
ვაქცინას არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმძიმის გვერდითი მოვლენები და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში წარმოებული დაკვირვების შედეგი. ავსტრალიაში უკვე 5 წელია ვაქცინა სასკოლო აცრების კალენდარში შედის. შესაბამისად, ამდენი ხნის გამოცდილება უკვე არსებობს და აქედან გამომდინარე, კლინიკურად დამტკიცებულია მისი უსაფრთხოება. რაც შეეხება უშვილობას, აბსოლუტული აბსურდია. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ვაქცინა უშვილობის პრობლემასთან.
- ვაქცინაციის შემდეგ კვლავ საჭიროა თუ არა, რომ ქალმა პაპტესტით გააკონტროლოს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა?
- ვაქცინაცია არ გამორიცხავს სკრინინგს, რადგან 100%-იან დაცვას ის ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ რაიმე რომ არ გამოგვეპაროს, პაპტესტის ჩატარება აუცილებელია. პაპტესტი ამოწმებს, არის თუ არა სხეულში სახეშეცვლილი უჯრედი. ამ ანალიზში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ვირუსით გამოწვეულიც.
- თქვენი მონაცემებით, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, აცრის ბევრი მსურველი ჩანს?
- როგორც ვიცი, ამას მასობრივი ხასიათი არ მიეცა. როგორც ჩანს, ამ კამპანიას სხვანაირი ორგანიზება ესაჭიროება, კონკრეტულად კი აცრების კალენდარში ჩასმა, რითაც ის სავალდებულო გახდება.
კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ბევრმა ექიმმა გარდასილით საკუთარი შვილები აცრა.
ნია ნინიაშვილი