პედიატრები და ნევროლოგები ბავშვის ჭირვეულობის ძირითად მიზეზად დედის რთულ ფეხმძიმობას ასახელებენ ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ახალგაზრდა დედების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვილის დაძინებაა. პრაქტიკულად, პატარას დღე-ღამეში 22-33 საათი უნდა ეძინოს. მაგრამ ხშირად ბავშვი საწოლში ჩაწვენისთანავე ჭიჭყინს იწყებს და ფხიზლდება. ზოგჯერ დაძინება ღამითაც პრობლემაა და მშობლებიც გამოუძინებელნი რჩებიან. ამიტომ გადახედეთ რჩევებს, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ.
მარტო თუ დედასთან ერთად?
თავიდანვე ჩამოყალიბდით, ბავშვს თქვენ გვერდით ეძინება თუ ცალკე საწოლში. სიმართლე გითხრათ, ჩვილისთვის სასურველია, დედის სუნთქვა ესმოდეს, მის სითბოს გრძნობდეს, თანაც ჭამის დროსაც არ მოგიწევთ საწოლიდან წამოხტომა, როცა ჩვილი გვერდით გყავთ.
თუმცა, მშობლების უმეტესობას ურჩევნია, ბავშვი ცალკე იწვეს. ეშინიათ, არ შეაწუხონ ან შემთხვევით, ძილში არ დააწვნენ. ზოგს კი ცოლ-ქმრის საწოლის სხვისთვის, თუნდაც ბავშვისთვის გაზიარება არ სურს. ორივე გადაწყვეტილება მართებულია. მთავარია, ბავშვის გაზრდა მხოლოდ დედას არ დააწვეს კისერზე და ბავშვის მოვლაში მამამაც მიიღოს მონაწილეობა.
აგრეთვე ჩამოყალიბდით, სად დადგამთ ბავშვის საწოლს, მშობლების საძინებელში თუ ცალკე ოთახში? ასევე გადაწყვიტეთ, დასაძინებლად მხოლოდ საწოლში ჩააწვენთ და დატოვებთ, თუ დაარწევთ, სანამ არ დაიძინებს?
შეიძლება მრავალი გეგმაც ჩამოწეროთ, მაგრამ ბავშვი არ დაგემორჩილოთ. ზოგი ბავშვი უპრეტენზიოა, დედა ჩააწვენს საწოლში, აკოცებს, საბანს დააფარებს და ბავშვს მშვიდად სძინავს. ზოგს კი დედა გვერდით უნდა მიუწვეს. ზოგი ძილის წინ გულამოსკვნილი ტირის და მას ვერც ერთი დედა ვერ მიატოვებს.
რატომ ჭირვეულობს ბავშვი დაძინებისას?
პედიატრები და ნევროლოგები ბავშვის ჭირვეულობის ძირითად მიზეზად დედის რთულ ფეხმძიმობას ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ. ფსიქოლოგები კი დედისა და ჩვილის ემოციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. თუ თქვენ თავად გეშინიათ ჩვილის დატოვება, ბავშვი გრძნობს თქვენს შეშფოთებას და ამიტომაც ჭირვეულობს, ერთი წუთითაც არ მოგცემთ მისი მიტოვების საშუალებას.
თუ თავადაც მშვიდად ხართ, ბავშვს წყნარად, ღიმილით ჩააწვენთ საწოლში და მიუალერსებთ, ბავშვი თვალებს დახუჭავს და ტკბილად დაიძინებს. ძილის პირველი 5-10 წუთი ძალიან საფრთხილოა, ბავშვს შეიძლება უმნიშვნელო ფაჩუნზეც გაეღვიძოს. ამიტომ მაქსიმალური სიჩუმე შეინარჩუნეთ. თავდაპირველად, შეგიძლიათ გვერდით მიუჯდეთ და ზურგზე მოეფეროთ (მონოტონურად ზევიდან ქვევით დაუსვათ ხელი), შემდეგ ნელა შეწყვიტეთ მოფერება, ხელი მოაცილეთ, მაგრამ ჯერ არ ადგეთ, დაიცადეთ, ღრმად ჩაეძინოს. მერე შეგიძლიათ საძინებლიდანაც გამოხვიდეთ და თქვენს საქმეებს მიხედოთ.
თუ ბავშვს ხელში დაეძინა, ჯერ დარწევა შეანელეთ, შემდეგ სულ გაჩერდით, ჩააწვინეთ და ცოტა ხანი მის გვერდით გაჩერდით.
თუ ბავშვს ჭამის დროს ჩაეძინა, ფრთხილად გადააწვინეთ და გვერდზე მუთაქა მიუდეთ. სხვათა შორის, ბევრ ბავშვს მუთაქაზე მიხუტებულს სიამოვნებს ძილი.
ჯერ არ დაღლილა...
იმისათვის, რომ ბავშვს მშვიდად და სწრაფად დაეძინოს, სიფხიზლისას აქტიური უნდა იყოს. საუბარია ახალშობილზეც, რომელიც მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებს და უკვე მოზრდილ ბავშვზეც. ხშირად ბავშვები ვერ იძინებენ თავის დროზე მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადოდ არ დაღლილან.
თუ ბავშვი ჯერ არ დადის, მოიფიქრეთ მისთვის გასართობი, სასარგებლო და ამასთანავე, დამღლელი მეთოდი. გაუკეთეთ მასაჟი, ცოტა და ფრთხილად ავარჯიშეთ, ეთამაშეთ, "დამალობანა". დაეხმარეთ მუცლიდან ზუგზე გადაგორებაში და პირიქით. თუ ბავშვი ხელში გიჭირავთ, მოუყევით ყველაფერი, რასაც აკეთებთ, აუხსენით სხვადასხვა ნივთის დანიშნულება. ერთი სიტყვით, კარგად დაღალეთ.
უკვე მოზრდილ ბავშვს ძილის წინ ნუ შესთავაზებთ აქტიურ თამაშებს.
თბილი საბნის ქვეშ
არ არსებობს ბავშვი, რომელიც ძილის დროს საბანს არ გადაიხდის. ბავშვი მხოლოდ სიცხის დროს კი არა, მოუხერხებლობის დროსაც გადაიხდის. ამიტომ, ეცადეთ, მსუბუქი საბანი ეხუროს, რომელსაც პრაქტიკულად ვერც იგრძნობს. თუმცა, უმჯობესია, დაუფიქსიროთ საბანი. იქნებ საბნის კუთხეები საწოლის კუთხეებზე მიამაგროთ?.. ძალიან გამოსადეგი აქსესუარია საძილე ტომარა. მასში თბილადაც იწვება და ვერც გადაიხდის.
რიტუალები
თანდათან, როცა ბავშვი გაიზრდება, ძილის წინა რიტუალები შეიცვლება. ზოგს სურს, დედამ უმღეროს, მამამ ზღაპარი წაუკითხოს, ზოგი ვერ იძინებს, თუ გვერდით საყვარელი სათამაშო არ ეგულება. ვიღაცას სიბნელეში დაძინების ეშინია. ზოგიც ღამე ფისისა და ჭამისთვის იღვიძებს. ბავშვის ძილისთვის ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. მოხერხებული უნდა იყოს ლეიბი, მოსწონს თუ არა ზეწრის ფერი, უსიამოვნო სუნი ხომ არ ასდის ბალიშს. სხვათა შორის, პედიატრები და ორთოპედები ერთ წლამდე ბავშვისთვის ბალიშის დადებას არ გვირჩევენ. ბავშვი სასურველია, სწორ ზედაპირზე იწვეს, თავთან ოდნავი ამაღლებით.
არასდროს დააწვინოთ დასაძინებლად დასჯის მიზნით, არ გაუბრაზდეთ, თუ ვერ ახერხებს დაძინებას. ძილისთვის პოზიტიური განწყობა შეუქმენით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.