ერთხელ ზამთარში, ყინვაში, დერეფანში გამოუშვა ბავშვი თავისი მერხით და სკამით... ერთხელ ისე გამოუშვეს სახლში, არც გამაგებინეს. მე რომ არ დავხვედროდი... სკოლა ისეთი თემაა, რომელიც ყველა მშობელს აღელვებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვს შევურჩიოთ კარგი სკოლა, სადაც ისწავლის და ბევრ სასარგებლო რამეს მიიღებს. თუმცა ხშირად არც ჩვენ ვართ კმაყოფილები და არც ბავშვები. პირიქით, ზოგიერთი მშობლისთვის სკოლაში შექმნილი გარემო თუ რომელიმე მასწავლებლის დამოკიდებულება ბავშვებისადმი, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და ნერვიულობის საბაბად იქცევა ხოლმე. ასე აღმოჩნდა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის შემთხვევაში, რომელიც ორ შვილს ზრდის და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ პრობლემას შეეჩეხა სკოლაში.
- მასწავლებლებისგან უპირველ ყოვლისა მოვითხოვ მოსწავლეების მიმართ ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებას...
- ლოიალური დამოკიდებულება ქცევის მხრივ, საგანთან მიდგომაში, თუ...
- მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელს არ აქვს უფლება ვიღაცის შვილი დაჩაგროს. მაგალითად, ჩემს უფროს ტყუპისცალს არ ესმის მათემატიკა, მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერაფრით ვერ ვისწავლე ეს საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მამა მათემატიკოსი მყავს. ხომ ხდება ასეთი რამ, რომ რაღაც არ გესმის და არ შეგდის ტვინში. მე ვიყავი ამის ცოცხალი მაგალითი და ასეა ჩემი შვილიც. ცუდი კი ისაა, რომ ჰყავს მასწაველებელი, რომელიც ებრძვის და ექიშპება. ბავშვი არის მომღერალი, თან ძალიან კარგი, არაფერში არ სჭირდებს ეს საგანი და ვერც იგებს. რასაკვირველია, მე მაღალ ნიშანს არ ვითხოვ, მინდა დაუწერონ ისეთი ნიშნანი, რაც კლასიდან კლასში გადასვლაში არ შეუქმნის პრობლემას.
- ექიშპებაში რა იგულისხმება? სთხოვს ისწავლოს საგანი მაღალ ნიშანზე?
- ბავშვი, რომელიც თავისი სიმღერით სკოლას ასახელებს, ოლიმპიადებზე სოლისტია, სადაც არ უნდა წავიდეს, თავს იჩენს სიმღერით და წარმატება მოაქვს სკოლისთვის, ასეთ ბავშვს გამოაყოლო საშემოდგომო, არ ვიცი, რა მიდგომაა. ჩემი აზრით, ასეთი მასწავლებელი არაა კარგი მასწავლებელი.
- ანუ ითხოვთ, შეღავათი გაუწიონ...
- შეღავათი არა. რაც ესმის, იმას სწავლობს და რაც არ ესმის, სულ რომ მოვკლათ ცემით, ვერ გაიგებს. საკუთარ თავზე მაქვს ეს საშინელება გამოცდილი. მეორე ტყუპისცალი ერთ-ერთმა მასწავლებელმა გამოსვა გარეთ, ზამთარში, ყინვაში, დერეფანში გამოუშვა თავისი მერხით და სკამით. ეს ხდება საპატრიარქოს სკოლაში. ასე დასაჯა.
- კი მაგრამ, რა დააშავა?
- საერთოდ, მე ძალიან ფეთქებადი ვარ, ამიტომ ყველნაირად ვცდილობ, მოვერიდო ასეთ სიტუაციებს, რადგან, შესაძლოა, თავი ვერ გავაკონტროლო. პირველ ტყუპისცალზე რომ ყოფილიყო საუბარი, ვიტყოდი, მართლა რაიმე სერიოზული დააშავა და დასაჯა მასწავლებელმა-მეთქი, მაგრამ მეორე ტყუპისცალი იმდენად კეთილშობილია, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რომ ასე სასტიკად მოქცეოდა. ალბათ დავალება არ ჰქონდა და ასე დააწერინა გაკვეთილი მარტოს, დერეფანში. რაც დიდი შეურაცხყოფაა.
- და ასეთ ვითარებაში თქვენ როგორ რეაგირებთ?
- როგორც გითხარით, ვერიდები მსგავს სიტუაციებს, რამდენჯერმე დავურეკე მასწავლებელს, ჩემი სიფიცხიდან გამომდინარე ხმას ავუწიე. სიტუაციის მეტად დაძაბვა რომ აგვერიდებინა თავიდან, მამაჩემი, მათემატიკოსი კაცი მივიდა მასწავლებელთან, რომ გაიგო დათუნას საშემოდგომოს აყოლებდა, მამაჩემს დაარტყა გულმა და მიიღო ინფარქტი, გადაიყვანეს საავადმყოფოში... აი, ასეთი შედეგები მოაქვს მასწავლებლის უკულტურობას.…ახლა უკვე ვფიქრობ ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანაზე და დასრულდება ჩვენი პრობლემები.
- გარდა ამისა, მე მახსოვს თქვენი ფეისბუქ სტატუსი, იმის შესახებ, რომ მასწავლებელმა ფორმის გამო ბავშვი სკოლიდან სახლში გამოაბრუნა, ისე, რომ არც დაგირეკათ და არ გაგაფრთხილად, რომ შინ ბრუნდებოდნენ...
- კი, ბატონო, იყო ასე. ბავშვები ფორმის გამო სახლში გამოუშვეს, ისე, რომ არც დამირეკეს, არც მკითხეს, სახლში ვიყავი თუ არა და არც იმით დაინტერესედნენ, მე რომ შემთხვევით სახლში არ ვყოფილიყავი, სად წავიდოდნენ ბიჭები 4 საათამდე. რაც შეეხება ამ ამბის გაგრძელებას, ისევ ჩემი მშობლების თხოვნით, ჩარევით ამ შემთხვევაშიც ხმა არ ამოვიღე, მათ გამო ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გადავყლაპე და მოვითმინე, მაშინ როცა შემეძლო, გამებდღვნა შუაზე ნებისმიერი, ვინც ჩემს შვილს რაიმე სახის საფრთხის წინაშე დააყენებს.
ბიჭების დამრიგებელი გადასარევი ქალია, მაგრამ სხვა მასწავლებლებს შორის არის ერთ-ერთი ისეთი, რომელსაც ვერ გავიგე, რა უნდა, ისიც იმიტომ, რომ არ მიშვებენ იქამდე. ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ბავშვებს სწავლაში, ენთუზიაზმსა და მონდომებაში უშლის ხელს.
ციცი ომანიძე