ვისწავლით მშვენიერი, ფარშირებული ტიტების დამზადებას პომიდვრებისგან უამრავი გემრიელი და ლამაზი რამის გაკეთება შეიძლება, ახლა კი ვისწავლით მშვენიერი, ფარშირებული ტიტების დამზადებას.
დაგჭირდებათ:
საშუალო ზომის, ოდნავ წაგრძელებული, პომიდვრები - 1 კგ.
მდნარი ყველი (ან სხვა რბილი, ნაკლებ მარილიანი ყველი) - 200-300 გრ.
ნიორი - 2 კბილი
მწვანე ხახვის ღეროები, კამის ღეროები, მაიონეზი ან არაჟანი, მარილი, წიწაკა
მომზადება:
პომიდორი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. თითოეული მათგანი ზემოდან ოთხად ჩაჭერით (ოღონდ არა ბოლომდე). დანით მოაცილეთ პომიდვრის რბილობი. მზა პომიდვრებს შიგნიდან ოდნავ მოაყარეთ მარილი და 10 წუთით დატოვეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ შიგნით ჩამდგარი სითხისგან გაათავისუფლეთ.
მდნარი ყველი წვრილად გახეხეთ (კარგი იქნება, თუ მაცივარში წინასწარ კარგად გააციებთ). აურიეთ ყველი დასრესილ ნიორსა და მაიონეზთან (ან არაჟანთან). შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი მოხარშული კვერცხი ან ქათმის ფარში, პომიდვრის გემოს ყველაფერი უხდება.
მომზადებული ფარშით ამოავსეთ პომიდვრები, გარედან ლამაზად მოასუფთავეთ და თეფშზე დააწყვეთ. ბოლოს დაულაგეთ ხახვის და კამის ღეროები. შეგიძლიათ, მეტი ეფექტისთვის სასაჩუქრე ლენტიც შემოახვიოთ და ტიტების თაიგულიც მზად არის.