პარაცეტამოლი ყველაზე უსაფრთხო გვგონია და თამამად ვასმევთ ბავშვებსაც ყველაზე ფართო მოხმარების მედიკამენტი, პარაცეტამოლი, ხშირად ყველაზე უსაფრთხო გვგონია და თამამად ვასმევთ ბავშვებსაც. არადა პარაცეტამოლთან დოზების მკაცრი კონტროლი აუცილებელია. საქმე ისაა, რომ გაციების დროს, როცა პაციენტი ერთდროულად მოიხმარს სიცხის დამწევს, ხველის საწინააღმდეგოს და სურდოს მომხსნელ საშუალებებს, შესაძლოა, ყველა მათგანი ცალ-ცალკე შეიცავდეს პარაცეტამოლს. მშობლები კი ყველაზე ხშირად სწორედ ხველებისა და სურდოს წამლებს ასმევენ ბავშვებს ექიმის დანიშნულების გარეშე. თუ ამ დროს ბავშვს მაღალი სიცხეც აქვს და დამწევად ასევე პარაცეტამოლს ვასმევთ, მის ორგანიზმში ეს ნივთიერება უკვე რამდენიმე მედიკამენტის საშუალებით ხვდება, შესაბამისად, დოზის გაკონტროლება რთულდება.
დოზის ასეთმა "უნებლიე" გადაჭარბებამ არაერთი პაციენტი იმსხვერპლა - სასიკვდილო საფრთხეს პარაცეტამოლი თირკმელების ბლოკირებით ქმნის.
სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღებით წავიკითხოთ ყველა მედიკამენტის შემადგენლობა და დოზებიც მკაცრად დავიცვათ. მათივე რჩევით, სჯობს სახლში პარაცეტამოლის შემცველი მხოლოდ ერთი მედიკამენტი ვიქონიოთ.
დოზის გადაჭარბების ხშირი შემთხვევების გამო ბრიტანელმა მედიკოსებმა ბავშვებისთვის პარაცეტამოლის დოზების შეცვლა მოითხოვეს. მათი კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მეოთხე ბავშვს პარაცეტამოლის ხშირი მოხმარების გამო თირკმლის დაზიანების რისკი აქვს.