ქაღალდის ხელსახოცის ბაქტერიებით დაბინძურება გარდაუვალია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები, რომლებიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ხელსაბანებთან არის დამონტაჟებული, არც თუ ისე უვნებელია. კანადის ლავალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 6 ყველაზე ფართოდ გავრცელებული სავაჭრო მარკის პროდუქცია შეისწავლეს და ყველა მათგანზე სხვადასხვა სახის ბაქტერიების ჯგუფი აღმოაჩინეს.
სპეციალისტების შეფასებით, ქაღალდის ხელსახოცის ბაქტერიებით დაბინძურება გარდაუვალია, რადგან მისი შემადგენელი ნაწილი - სახამებელი და სხვა დანამატები - მიკრობების გამრავლებისთვის ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია. გარდა ამისა, ქაღალდზე, რომელიც გადამუშავებული ნედლეულით არის მიღებული, ბაქტერიების 100-ჯერ მეტი რაოდენობა ბინადრობს, ვიდრე პირველადი დამუშავების ცელულოზაში.
შედარებით იმედისმომცემად ჟღერს მეცნიერების დასკვნა, რომ ქაღალდის ხელსახოცზე აღმოჩენილი ბაქტერიები საშიშ დაავადებებს არ იწვევენ. გაცილებით სახიფათოა ხელსაბანებთან დამონტაჟებული ელექტრო საშრობები, რადგან მაღალი ტემპერატურა და ნესტი სახიფათო დაავადებების გავრცელებას უფრო მეტად უწყობს ხელს.