რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ზეიმი და რატომ ღელავენ მორწმუნენი? ჰელოუინს ბოლო დროს საქართველოშიც ბევრი აღნიშნავს. ახალგაზრდები კოსტიუმირებული მასკარადით კარგად ხალისობენ. თუმცა ამ გასართობს ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ზეიმი და რატომ ღელავენ მორწმუნენი? ამ თემაზე ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შიო პაიჭაძე საუბრობს.
- ჰელოუინი წარმართული დღესასწაულია და მას ევროპაში, განსაკუთრებულად კი ამერიკაში აღნიშნავენ. დღესასწაულს მასკარადის სახე აქვს და გარდაცვლილთა სულების "დაშინებას" და "განდევნას" ისახავს მიზნად. საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.
ჩვენთან მსგავსი ტიპის დღესასწაულის აღნიშვნა, უბრალოდ მიმბაძველობაა და ის არ უკავშირდება ქართულ წარმართულ ტრადიციებს.ამიტომ ის ჩვენს რეალობაში აბსურდიზმამდე მიდის. საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სამწუხაროა,რომ მართმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც უამრავი უკეთური ტრადიციაა აღმოსაფხვრელი, მას კიდევ მსგავს უმსგავსობას ვუმატებთ.
- ანუ ეს მხოლოდ მიამიტი მიმბაძველობაა? არადა ჰელოვინს სატანიზმთან და ეშმაკის თაყვანისცემასთან აკავშირებენ. რამდენად სწორია ეს შედარება?
- ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია. ის მოგვაგონებს ვალპურგის ღამეს და ატარებს ოკულტურ ხასიათს. განსაკუთრებულად ცდილობენ, ბავშვები ჩაითრიონ ამ დღესასწაულში და აღზარდონ სატანის მადიდებლებად. რა თქმა უნდა, ბავშვები ამას სიხარულით ხვდებიან და მათ წრფელ ბუნებას ეს საბავშვო გართობა ჰგონიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ფსიქიკაში იბეჭდება ბნელი ღამე და სატანური მასკარადი, რომელიც საბოლოო ჯამში რელიგიურ სულს უკლავს და განაწყობს ღვთის საწინააღმდეგოდ. ამიტომაც არის, რომ ღვთისაგან იცლება კაცობრიობა. რაც დრო გადის ჩვენ ვუახლოვდებით აპოკალიპსს და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა ადამიანია დამნაშავე. უფალი განკაცდა და მოევლინა კაცობრიობას მხსნელი სოფლისა, ხოლო ჩვენ სწორედ მსგავსი დღესასწაულებითა და ოკულტური-სატანური ხასიათით ვგმობთ მას.
ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჰბაძავს ამერიკელებსა და ევროპელებს და უმსგავსო მიმბაძველობით ჩვენც მივალთ ოკულტიზმამდე. საქართველოში უამრავი სატანისტური სექტები არსებობს და ახალგაზრდები მოდას აყოლილნი ერთიანდებიან, მაგრამ მოდა შემდგომ გვერდით გადაინაცვლებს და რასაც ეჩვევიან, ის ხდება შემდგომ მათი ცხოვრების წესი.
- ბოლო დროს მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია მოზარდების სატანიზმით გატაცების შესახებ. რამდენიმე სიტყვით გვითხარით, რას წარმოადგენს ეს მიმდევრობა და რა შეიძლება მოიმოქმედოს ასეთი მოზარდის მშობელმა?
- დღეს არის ემოების მიმდინარეობა, რომელიც პოტენციური სატანისტურ ორგანიზაციადაა ჩამოყალიბებული. ჩვენი შვილები ამას მოვარიდოთ. ახალგაზრდები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მსგავს სატანურ სექტებში, კიდევ უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებაზე, ხოლო მშობლებმა განსაკუთრებულად უნდა ილოცონ თავიანთი შვილების გადასარჩენად.
თავიდანვე ბავშვები ქრისტეს ეკლესიაში უნდა აღვზარდოთ და ხშირად ვაზიაროთ წმინდა ძღვენს, მაგრამ როგორც ეს ჩვენთან ხდება, არ უნდა ვაიძულოთ ბავშვები გრძელ მსახურებებზე დგომით, რადგანაც შემდგომ სწყინდებათ და იღლებიან. როდესაც იზრდებიან და დამოუკიდებლობას აღწევენ, შემდგომ მოჩვენებითი რელიგიურობით დაღლილნი ტოვებენ ეკლესიას. ეს ჩვენი ბრალია, რადგანაც იძულება რმერთთან ურთიერთობაში ნებელობითიაა და არა დაძალებითი. ჩვენი შვილებისათვის უნდა ვილოცოთ და ბევრი ვესაუბროთ სატანიზმის მანკიერებაზე. უფალი მოწყალეა და კაცთმოყვარე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
თეა ცაგურიშვილი