მშობლებმა მათ სწორედ ასეთი "საშიში" და საძულველი სახელები შეურჩიეს არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანისთვის დარქმეული სახელი მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამაზე ალბათ განსაკუთრებით ის მშობლები ფიქრობენ, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ, ხანდახან - უცნაურ, ხან კი ძალიან საშიშ და უცხო სახელსაც კი არქმევენ შვილებს.
ძმები ლუციფერი და ვოლდემარი
ნატალია და კონსტანტინ მენშიკოვები პერმიდან არიან. ამბობენ, რომ სატანისტურ სექტაში არიან გაერთიანებულნი და შარშან შემოდგომაზე, როცა შვილი გაუჩნდათ, რუსეთში სახელი გაითქვეს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა წყვილმა ბავშვს ლუციფერი დაარქვა და მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიულ უწყებაში არწმუნებდნენ, რაიმე სხვა დაერქმიათ, მათ თავისი გაიტანეს და ბავშვს ახლა ლუციფერი ჰქვია. მათი გადმოსახედიდან ლუციფერი პროტესტის სიმბოლოა. ღმერთის წინაშე პროტესტის. "თუ არ მოეწონება ეს სახელი, 14 წლისას შეუძლია, გადაირქვას", ამბობს ბავშვის დედა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ უჩვეულო სახელმა და ასეთმა უცნაურმა არჩევანმა არც ბავშვს მოუტანა ხეირი და არც მის მშობლებს. მისი დაბადებიდან სულ მალე წყვილი გაიყარა - თურმე, ქმარი ცოლს ღალატობდა. მერე ნატალიამ აპატია ქმარს, ისევ შერიგდნენ და ცოტა ხნის წინ მეორე ვაჟიც გაუჩნდათ.
მეორე შვილის სახელზე უფრო მეტი იფიქრეს. ჯერ უნდოდათ, ლესტატი დაერქმიათ - ამერიკელი მწერლის ენ რაისის ვამპირული რომანების გმირის პატივსაცემად. ბოლოს კი ვოლდემარი აირჩიეს, ასევე "შავბნელი" მიმართულების სახელი.
პატარა ჰიტლერი
ნიუ-ჯერსიში მცხოვრები კემპბელების წყვილი ნაცისტურ ორგანიზაციაშია გაწევრებული. 2006 წელს მათ მესამე შვილი გაუჩნდათ, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი დაარქვეს.
მთელი ორი წელი ფიურერის სეხნიას არავინ აქცევდა ყურადღებას. უჩვეულო სახელის მქონე ბავშვს მაშინ მიაქციეს ყურადღება, როცა საკონდიტრო მაღაზიაში შეუკვეთეს ტორტი წარწერით: "გილოცავთ დაბადების დღეს, ადოლფ ჰიტლერ!"
ამ შემთხვევამ მათდამი ყურადღება გაზარდა, სოციალური მუშაკებიც ესტუმრნენ და დაინტერესდნენ ოჯახური ამბებით. მაშინ გაირკვა, რომ ადილფ ჰიტლერის დას ერიან ნეიშენი (არიული ნაცია) ჰქვია. სოციალურმა მუშაკებმა მშობლები ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაშიც ამხილეს და დროებით მშობლის უფლებებიც ჩამოართვეს.