როგორ უნდა იკვებებოდეს 4-5 წლის ბავშვი - მშობლები

როგორ უნდა იკვებებოდეს 4-5 წლის ბავშვი

2015-11-08 05:15:03+04:00

ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები იოლი საქმე არ არის, ორგანიზება გაუკეთოთ 4-5 წლის ბავშვის რაციონს. ამ ასაკის ბავშვები უკვე კარგად იცნობენ ყველა სახის საკვებს და იკვებებიან მშობლებთან ერთად. სკოლამდელი ასაკის ბავშვები გამუდმებით საჭიროებენ ვიტამინებისა და მინერალების მიღებას. 5 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა მათ შეუძლიათ თავად გამოაღონ მაცივარი და თვითონ აირჩიონ საკვები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოძრავები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ თამაშზე. მხოლოდ სრულფასოვანი კვებით შეიძლება შევუვსოთ მათ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ბალანსი.

კვების რეჟიმი

ძირითად კვებებს შორის ინტერვალი (საუზმე, სადილი, ვახშამი) უნდა შეადგენდეს 4 საათს, რადგან სწორედ ამდენი ხანი ესაჭიროება კუჭს საჭმლის მოსანელებლად. თუ ოჯახში მიღებულია „საფუძვლიანი“ ვახშამი, მაშინ რეკომენდებულია დაძინებამდე 3 საათით ადრე ვახშმობა. თუ მსუბუქად ვახშმობთ - მაშინ 2 საათით ადრე. კვების საათები დაახლოებით ასე გამოიყურება: საუზმე - 9 სთ, სადილი - 13 სთ, სამხარი - 16 სთ, ვახშამი - 19 სთ. სასურველია კვება ერთსა და იმავე დროს მოხდეს, რადგან ბავშვის ორგანიზმი მიეჩვევა ერთსა და იმავე დროს მოშიებას.

თუ ნახავთ, რომ ბავშვის თეფშზე გამუდმებით რჩება საკვები, საუზმის შემდეგ დაამატეთ კიდევ ერთი მსუბუქი კვება. ასევე შუადღის შემდე გ- ვახშმამდეც შესთავაზეთ ხილი. 4-5 წლის ბავშვის დღეღამური რაციონი უნდა შეადგენდეს 1700-1800 კკალ-ს. უნდა გაანაწილოთ შემდეგნაირად: 25% - უნდა მოდიოდეს საუზმეზე, 40% - სადილზე, 10-15% - სამხარზე და 20-25% - ვახშამზე.

რაციონის კვებითი შემადგენლობა

მიღებულია, რომ რაც უფრო მრავალფეროვნებაა ბავშვის რაციონში, მით მეტ სარგებელს იღებს მისი ორგანიზმი. პროდუქტები შეიძლება დავყოთ ორად: ცხოველური და მცენარეული წარმოშობის. პირველს მიეკუთვნება რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი და თევზი. მათი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მდიდარია ცილებით, მთელი რიგი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. როდესაც საუბარია რძის პროდუქტებზე, 4-5 წლის ბავშვები ყოველდღიურად უნდა იღებდნენ 500 მლ-ს, რაშიც შედის არა მარტო რძე, არამედ კეფირი, იოგურტი და ხაჭო. ძალიან სასარგებლოა ბავშვისათვის კვერცხი. კვერცხის გული შეიცავს А, В, Е და D ვიტამინების კომპლექსს, მაგრამ ის არ უნდა შედიოდეს ბავშის ყოველდღიურ რაციონში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. კვირაში 3-ჯერ შეგიძლიათ მისცეთ 1-2 კვერცხი მაგრად მოხარშული ან ომლეტის სახით - საუზმეზე.

ხორცი - რკინის, ცილებისა და В ჯგუფის ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ ძროხის, ხბოს, ქათმის, კურდღლის ხორცი შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ ბავშვს ყოველდღე. კვირაში 1-დან 3-ჯერ ხორცის დღეები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თევზის დღეებით. თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ ცილას, ფოსფორს და ამინომჟავებს, რასაც არ შეიცავს ხორცი. სასურველია გამოიყენოთ ქათმის უცხიმო ფილე.

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც ენერგიის წყაროდ ითვლება, ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით: А, B, С, Е, D, K, H, PP. ამ პროდუქტებიდან ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს ნურღულეული, ხილი, ბოსტნეული და პური. პური სასურველია ხორბლის მსხვილად დაფქული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი, რადგან ის მდიდარია უჯრედისით და ნაწლავების სტიმულირებას უწყობს ხელს.

ბურღულეულიდან შეგიძლიათ მისცეთ: ბრინჯი, წიწიბურა, შვრია და სხვა. მათი მიღება ბავშვისთვის აუცილებელია ყოველდღიურად : დილით საუზმეზე - ფაფის, ხოლო სადილსა და ვახშამზე - გარნირის სახით.

სეზონური ხილი და ბოსტნეული რეკომენდებულია მისცეთ ცოცხალი სახით. ზამთრის პერიოდში უმჯობესია ხილის პიურესა და წვენების სახით მიცემა. მოერიდეთ ეგზოტიკურ ხილს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

არ დაივიწყოთ წყალი. თუ ორგანიზმს არ მიეწოდა საკმარისი რაოდენობით წყალი, ბავშვს შეექმნება პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით. მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალი. თუ შეამჩნევთ, რომ აქტიურად თამაშობს და დიდი ხანია არ დაულევია წყალი, თქვენ შესთავაზეთ, მაგრამ არა ტკბილი კომპოტი - არამედ წყალი, რადგან ტკბილი სასმელი დაუქვეითებს მადას.