ბროკოლიში კალციუმის მდიდარი მარაგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის ბროკოლი სხვადასხვა სახეობის კომბოსტოს შორის - თეთრთავა, ყვავილოვანი, ბრიუსელის და სხვა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. შეიცავს ვიტამინების ფართო ასორტიმენტს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ცილა მასში, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულ კულტურებში, უმნიშვნელო ოდენობითაა, თუმცა ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრთავა ან ყვავილოვან კომბოსტოში.
მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავათი (ვიტამინ B9-ით), თიამინით (ვიტამინ B2-ით) და ნიაცინით (PP ვიტამინით). თუ ამას დავუმატებთ C ვიტამინს, ნათელი გახდება, რატომ არის აუცილებელი ბროკოლის რაციონში ჩართვა სისხლძარღვთა კედლების გასამაგრებლად. ბროკოლის შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი ამკვრივებს ძვლებს.
ერთი საბავშვო ულუფა მოხარშული ბროკოლი შეიცავს 70 მკგ K ვიტამინს, რაც ბავშვის სადღეღამისო მოთხოვნაზე მეტია. ბროკოლი შეიცავს კვერციტინსა და იზოთიოციანატებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას. ბროკოლიში კალციუმის მდიდარი მარაგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ სვამენ რძეს. ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებსაც, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და იოდი. არის მასში სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებიც - მანგანუმი, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ბორი, თუთია, ქრომი. რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის - თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ბროკოლის უჯრედისს ნატიფი სტრუქტურა აქვს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი პიურე ჩვილისთვის შეუცვლელია პირველი დამატებითი საკვების სახით. ბროკოლი არ მოითხოვს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ზედმიწევნით შევინარჩუნოთ.