იგი ბავშვის მენიუშიც ღირსეულ ადგილს იკავებს ალბათ არ არსებობს ოჯახი, სადაც დიასახლისი სოუზს არ ამზადებს. ეს საკმაოდ სასარგებლო კერძია - შეიცავს მოხარშულ ხორცს, ბულიონსა (მათ შორის ძვლის ნახარშს) და ბოსტნეულს. იგი ბავშვის მენიუშიც ღირსეულ ადგილს იკავებს. ალბათ თითოეული დიასახლისის ნახელავს თავისებული გემო აქვს, თუმცა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაც არ გვაწყენდა. გთავაზობთ სოუზის ერთ-ერთ "წარმატებულ" რეცეპტს. გამოცდილმა დიასახლისებმა უბრალოდ, შეაფასეთ, გამოუცდელებმა კი შეგიძლიათ ჩაიწეროთ - ოჯახის წევრებს ამ კერძით მართლაც ასიამოვნებთ.
სოუზი ღორის ხორცითაც მზადდება და საქონლისაც. რა თქმა უნდა, სარგებლიანობის თვალსაზრისით, საქონლის ხორცი უფრო სასურველია და ბავშვისთვისაც უსაფრთხოა. ამჯერადაც სწორედ ძროხის ხორცის სიუზის რეცეპტს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
ძროხის ხორცი 1 კილოგრამი (სასურველი ჰქონდეს ძვალიცა და ცხიმიც)
კარტოფილი 800 გრამი
პომიდვრის საწებელი (შინ დამზადებული)
ხახვი 2-3 თავი
ნიორი
ქინძი
რეჰანი, შაშკვლავი (შესაძლოა გამხმარიც), დაფნის ფოთოლი 1 ცალი
მომზადება:
დაანაწევრეთ ხორცი პატარ-პატარა ნაჭრებად და დადგით მოსახარშად. პირველად წამოდუღებული წყალი გადაუქციეთ, ხორცი თავიდან გარეცხეთ და კვლავ ცეცხლზე დადგით. ხარშეთ იქამდე, სანამ ძვლები თავისით არ მოძვრება რბილობს.
ცალკე ქვაბში მოთუშეთ ხახვი, დააყარეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, დაასხით ხორცის ბულიონი რომ კარტოფილს ფარავდეს და დადგით მოსახარშად (შეგიძლიათ ნახევარი ბულიონი გამოიყენოთ და ნახევარი წყალი, რათა კერძი ნაკლებცხიმიანი გამოვიდეს). როცა კარტოფილიც კარგად მოიხარშება, დაამატეთ პომიდვირის საწებელი, ძვლებისგან გათავისუფლებული ხორცი, დაჭრილი ქინძი, დანაყილი ნიორი, დაფნა, რეჰანი და 2-3 ფოთოლი შაშკვლავი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შეგიძლიათ ხმელი ქინძიც დაამატოთ უფრო მძაფრი არომატისთვის.
რჩევა: გემოს გაუმჯობესებითვის შეგიძლიათ საქონლის ხორცის ხარშვისას 2-3 ნაჭერი ღორის უცხიმო ხორციც ჩააყოლოთ. ძალიან კარგ გემოს აძლევს.