მისი მოყვანისას არ გამოიყენება სასუქები, პესტიციდები და ჰერბიციდები ბურღულეული ყოველთვის ითვლებოდა ჯანსაღ და კალორიულ საკვებად. განსაკუთრებით ხშირად მიირთმევენ მას ბავშვები - მშობელიც ცდილობს, ხშირად შესთავაზოს და პატარებსაც უყვართ. სამწუხაროდ, ბოლო დროს იმდენს საუბრობენ გენმოდიფიცირებულ მარცვლეულზე, რომ უკვე ბურღულსაც ეჭვის თვალით ვუყურებთ. აღმოჩნდა, რომ წიწიბურა ამ მხრივ გამონაკლისია. გარდა იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და სრულფასოვან ცილებს შეიცავს, წიწიბურას მოყვანის დროს არ გამოიყენება სასუქები, პესტიციდები და ჰერბიციდები, ამიტომ იგი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სასოფლო-სამეურნეო მცენარედ არის მიჩნეული. გარდა ამისა, წიწიბურა ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა.
წიწიბურისგან მზადდება რამდენიმე სახის ბურღული: მთელმარცვლოვანი, მსხვილად დაღერღილი, წვრილად დაღერღილი, წიწიბურას ფქვილი. ეს ბურღულეული იყიდება როგორც მოუხალავი, ასევე მოხალული.
გაითვალისწინეთ: მოუხალავი (ღია ფერის, მომწვანო-მოყვითალო) წიწიბურა უფრო ახალი და საღია. ღია ყავისფერი წიწიბურა ერთხელ მოხალულია, ხოლო თუ წიწიბურა მუქი ყავისფერია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბურღული ერთხელ უკვე დაძველდა და სუნის გასაყვანად და გასაახლებლად მოხდა მისის ხელმეორედ, ან რამდენჯერმე გადახალვა. ასეთ წიწიბურას დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია და მისი შენახვის ვადაც ერთხელ უკვე გასულია. თავდაცვის მიზნით უმჯობესია მოუხალავი, ღია ფერის წიწიბურა შეიძინოთ და თვითონ მოხალოთ, ვინაიდან მოხალული წიწიბურა ბევრად გემრიელია.
კარგად დააკვირდით, თუ წიწიბურის შეფუთვაში მინარევებისა და დამტვრეული მარცვლების შესამჩნევი რაოდენობაა, მაშინ თქვენ წინაშე დაბალი ხარისხის პროდუქტია.
მომზადებულია momxmarebeli.ge-ს მიხედვით