ამის გარეშე ჯანსაღი აღზრდა წარმოუდგენელია ფიზიკური ზრდისა და გონებრივი განვითარებისთვის ბავშვს სწორი კვება ესაჭიროება. კალორიულობა ჯანსაღს არ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვმა შეჭამა შემწვარი ქათამი, კარტოფილი ფრი და დესერტზე ტორტის ნაჭერიც დააყოლა. რა თქმა უნდა, ცხიმის, ცილისა და ნახშირწყლების მარაგი შეივსო, მაგრამ სასარგებლოა კი იგი?.. საკვებმა ბავშვი მოთენთა, კუჭში სიმძიმეს გრძნობს. საკვებმა ენერგია და ძალა არ შემატა, ისევე როგორც, არც ჯანმრთელობა. მშობელმა უნდა იცოდეს, რომელი საკვები აჭამოს პატარას და რომელი - შეუზღუდოს.
ყველა პროდუქტი სასარგებლო არ არის. ლიმონათი, ნამცხვარი და კანფეტი ორგანიზმს ენერგიით დიდი ხნით არ აავსებს. ამასთანავე, მათში დიდი რაოდენობითაა შაქარი. მათი ჭამის შემდეგ სწრაფად გვემატება ენერგია, მაგრამ ასევე სწრაფად ქვეითდება. იგივე ემართება პატარას. ცოტა ხანი ენერგიულია, ცოტა ხის შემდეგ კი გაღიზიანებული და აგრესიული ხდება. დაკვირვებული მშობელი შეამჩნევდა, რომ ასეთი ქცევა ბავშვს ხშირად დაბადების დღეზე აღენიშნება. იმუნიტეტი ვარდება - დღესასწაულის შემდეგ ბავშვი სწრაფად ცივდება. ეცადეთ, პატარას ისეთი პროდუქტები აჭამოთ, რომელიც ენერგიით ნელა და დიდი ხნით აავსებს. აგრეთვე გაამდიდრეთ თქვენი შვილის რაციონი ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით.
ეს ალბათ ბევრჯერ გაგიგონიათ, მაგრამ თუ ბავშვს საყვარელი ნუგბარის ჭამას ვერ უკრძალავთ, ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მაინც სისტემატურად მიიღოს.
შეაყვარეთ ხილი და ბოსტნეული
ისინი ორგანიზმს დიდი ხნით აავსებს ენერგიით. შეგიძლიათ ფაფებში შეურიოთ ან ცილოვან - ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები - საკვებთან ერთად აჭამოთ. ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, კომბოსტო, სტაფილო და გოგრა თითქმის მთელი ზამთრის პერიოდში იყიდება. ისინი ვიტამინებით მდიდარია.
ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლების ჭამაც არ ღირს!
ბურღულეული - სასარგებლო პროდუქტი
პატარას რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს მარცვლეულის ფაფებით. თუ თქვენი შვილი გამხდარია, ფაფა დღეში ორჯერ აჭამეთ. ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი შეიცავს ცილას, რთულ ნახშირწყლებს, უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს. არ დაგავიწყდეთ ფაფაში ხარისხიანი ზეთის ან კარაქის დამატება.
რაც შეეხება რძეს...
რძის პროდუქტები - მაწონი, ხაჭო, იოგურტი და თავად რძე კალცის საბადოა. ისინი იცავენ ორგანიზმს სტრესებისა და ინფექციებისგან. აუმჯობესებენ პატარას იმუნურ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. აი, მაგარი ყველი კი ბავშვის ორგანიზმისთვის რთული პროდუქტია. თუ ძალიან გსურთ, ბავშვმა ამგვარი ყველი შეჭამოს, მიეცით ცოტ-ცოტა და იშვიათად. უმჯობესია, რბილი და უმარილო ყველი აჭამოთ, როგორიც იმერულია ან სულგუნი. თუ ბავშვს ძროხის რძეზე გამოკვეთილი ალერგია აქვს ან მისი სმა არ სიამოვნებს, ნუ დააძალებთ. ნურც ხაჭოს მისცემთ გადამეტებულად. საკმაოდ მძიმე პროდუქტია და დღეში 50 გრამი სავსებით საკმარისია.
ხორცი, თევზი და კვერცხი
ხორცი საკმაოდ მძიმე საკვებია, ამიტომ, კვირაში სამჯერ, დღეში ერთ ჯერზე მეტად ნუ აჭმევთ. პატარასთვის უფრო ხშირად შეარჩიეთ თეთრი ხორცი: კურდღელი, ქათმის ან ინდაურის ფილე. თევზი მდიდარია ცილით, ცხიმოვანი მჟავებით, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. პატარას თევზი კვირაში ორჯერ აჭამეთ. კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ქათმის ან მწყერის კვერცხი. ეს უკანასკნელი ქათმის კვერცხზე სასარგებლოა.