ზედმეტმა ნერვიულობამ წარმოშვა არაერთი გავრცელებული მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ბავშვი მშობლის მთავარი საზრუნავია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მშობლები მით უფრო მეტად ნერვიულობენ მის ჯანმრთლობაზე. ალბათ ზედმეტმა ნერვიულობამ წარმოშვა არაერთი გავრცელებული მითი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ. შიშს ხომ დიდი თვალები აქვს. განვიხილოთ რამდენიმე მითი:
ბევრი ტკბილეული ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის
ადრე პედიატრებიც კი ეთანხმებოდნენ აზრს, რომ ჰიპერაგზნებადობა ტკბილეულის სიყვარულით იყო გამოწვეული. მათი აზრით, თუ ბავშვი ბევრ ნახშირწყლებს მიიღებდა, მით უფრო მეტი ენერგია მოუზღვავდებოდა და გარშემო მყოფებზე გადმოაფრქვევდა. პროფესიონალებიც ხშირად აშინებენ მშობლებს ტერმინით "ჰიპერაქტიური", როცა ბავშვი უბრალოდ მოუსვენარი ან ქოლერიკული ტემპერამენტისაა. რაც შეეხება ტკბილეულის კავშირს ნერვულ აღგზნებასთან, მეცნიერებმა ეს მითი დაამსხვრიეს. მათ ხანგრძლივი და ღრმა კვლევის მიუხედავად ეს კავშირი ვერ იპოვეს. ჰიპერაქტიურობას სულ სხვა მიზეზები განაპირობებს და კანფეტები არაფერ შუაშია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა ბევრი ტკბილეული მიიღოს - სამაგიეროდ, ის უცილობლად მოქმედებს წონაზე, კბილებზე და ა.შ.
სიბნელეში წამოწოლილი კითხვა მხედველობას აუარესებს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიბნელეში დაწოლილი კითხვისას შეიძლება გეტკინოთ თავი, კისერი, დაგეღალოთ თვალები (ალბათ მითის მიზეზი ესაა), მაგრამ ეს მხედველობას არ გაგიუარესებთ. ეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს. თვალების გადაღლა და სიბნელეში კითხვა მართლაც არ ღირს, მაგრამ ცუდი მხედველელობა სხვა რამის ბრალია.
ბავშვი როცა ავადაა, ბევრი უნდა ჭამოს
ეს ბებიების დროინდელი შეხედულება თანამედროვე ექიმებმა გააქარწყლეს. პირიქით, ამ დროს ნაკლები უნდა მიირთვას. სამაგიეროდ ბევრი სითხე უნდა სვას. ორგანიზმი საკვების გადამუშავებაზე დიდ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო ძალა საკვებზე არ უნდა "დახარჯოთ". ამ დროს ტოქსინების გამოდევნაზე უნდა იზრუნოთ, რაშიც სითხე დაგეხმარებათ.
გაციების დროს ასკორბინის მჟავაა საჭირო
გაციების პროფილაქტიკისთვის C ვიტამინი ლამის პანაცეად მიიჩნევა. მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ვიტამინის შესაძლებლობები გაზვიადებულია.
გაციებისგან ის ნამდვილად ვერ დაგიცავთ, თუმცა იმუნიტეტს დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება. თუ სისტემატურად მიირთმევთ საკვებს, რომელიც C ვიტამინით მდიდარია, ავადობის რიცხვს შეამცირებთ, მაგრამ საამისოდ საჭიროა, რომ ორგანიზმი მუდმივად ასკორბინის მჟავის ზემოქმედების ქვეშ იყოს - არანაკლებ 200 მილიგრამი დღეღამეში.