ბევრი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას ბარბარობას ძალიან ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობითა და მეკვლეს მოლოდინით აღნიშნავენ. ბევრი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას. რამდენად სწორია ეს ტრადიციები და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ბარბარობას. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- ბარბარობას მოსახლეობის უმრავლსობა ლობიანებით აღნიშნავს და მეკვლეს ელოდება. საიდან წარმოიშვა ასეთი ტრადიცია და რამდენად გამართლებულია?
- ჩვენთვის უცნობია რაიმე სასწაული, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ლობიანისა და წმინდა ბარბარეს დაკავშირება. ეს სუფთა წარმართული ტრადიცია გახლავთ. მაგალითად, ხორბალი, მარილი პანაშვიდის ჟამს, ღვინო წირვისას, სეფისკვერი, კვერცხი სხვადასხვა სახით გამოიყენება, მაგრამ ლობიანის საღვთისმსახურო ან სიმბოლური დანიშნულება ეკლესიისთვის უცხოა.
კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში გვხვდება ღვთაება ბარბალე, რომლის თაყვანისცემა სწორედ დეკემბრის თვეს ემთხვევა, თან ეს ღვთაება მდედრობითი სქესისაა. ბარბარე - ბორბ- თან, ბორბალთან, მრგვალ ფორმასთან, მზესთან იგივდებოდა(ასეთი თქმულებაც არსებობს), მას საქართველოს ყველა კუთხეში განადიდებდნენ. ბედის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღესასწაულს, მთელი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათი დაჰყვებოდა. ისტორიკოს სერგი მაკალათიას თქმით: ბარბალეს მზესა და ბედს ერთად ურწყავდნენ. სვანებში - ბარბლაში, ზანები ბარბოლის უწოდებდნენ. ბარბალეს ბომონს მიართმევდნენ მსხვერპლს(ქრისტიანებს მკაცრად ეკრძალებათ ნაკერპალის მიღება, ვინაიდან თანამოზიარე ხდებოდა ავტომატურად იმ რიტუალისა), მის სახელზე ცხვებოდა კვერები, ბასილიკები, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან ლობიანები.
თვითონ ლობიო XVI საუკუნეში შემოვიდა ევროპაში და იქიდან გადმოვიდა ჩვენში, მანამდე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ლობიანის წმინდა ბარბარესთან გაიგივება. ქრისტიანისთვის შეუფერებელია ლობიანის მისადაგება ბარბარობასთან, როგორც მეკვლეობისა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას "ნიშნად" მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება". ქრისტიანობამ იცის განწმენდის, სულის განახლების წუთები, ეს გახლავთ აღსარება, ზიარება. ეს არის უმაღლესი დამბეჭვდელი ბედნიერებისა ადამიანის გულში.
- როგორ უნდა აღნიშნავდეს ოჯახი ბარბარობას?
- სასურველია, მთელი ოჯახი დილიდან ემზადებოდეს ლოცვისთვის, ეზიარონ და ამით გამოხატონ ღრმა თაყვანისცემა წმინდა ბარბარესადმი. წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, რომ განკითხვის დღეს ცხონდეს განკითხვის გარეშე".
- ვისი მფარველია წმინდა ბარბარე და რა უნდა ვევედროთ მას?
- წმინდა მამები ყურადღებას ამახვილებენ სასწაულებზე, რომელიც წმინდა ბარბარემ უხილავად აღასრულა საუკუნეების მანძილზე. უამრავ უშვილო ოჯახს მისი მეოხებით მიებოძა შვილი, ასევე განსაცდელისგან იხსნა ქალ- ვაჟები, ყრმები. ნათქვამია, რომ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია იმ ოჯახებზე, ვინც სასოებს მის სიწმინდეს, მსგავსად აბრაამ მამამთავრისა, რომელსაც უფალმა ზღვის ქვიშის სახისაებრ აღუთქვა გამრავლება, ასევე აღუთქვამს წმინდა ბარბარეს მეოხებით იმ ოჯახებს, რომელნიც უხმობენ მას. თქვენ გახსოვთ, "მომავალი წლის ამ დროს გეყოლებათ ვაჟი", წლიდან- წლამდე უნდა შევსთხოვოთ წმინდა ბარბარეს, უფალმა მისი მეოხებით შვილიერი საშო მიჰმადლოს ბერწ ქალბატონებს. ამდენად, წმინდა ბარბარე ოჯახისა და ბავშვების მფარველად გვევლინება. წმინდა ბარბარე საქართველოში განდიდებულია, მას უდიდეს პატივს მიაგებენ, დაე, მისი მეოხება ნუ მოაკლოს უფალმა ჩვენს ტკბილ ერს!
თეა ცაგურიშვილი