ბევრისთვის უცნობი ტრაგიკული ამბავი ელენე ახვლედიანის ცხოვრებიდან ...ელენე ახვლედიანი, მომავალში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, 20 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტობისას გათხოვდა. იყო პომპეზური ჯვრისწერა ქაშუეთის ტაძარში და ქუჩებში ფაეტონებით მსვლელობა, რის შემდეგაც წყვილი იტალიაში გაემგზავრა... მაგრამ ქორწინება აპოლონ კაკაბაძესთან ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ქმრის ეჭვიანი ხასიათის გამო, მხატვარმა მასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა.
ახალგანქორწინებული ელენე სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა, იქ მანქანის მართვის შესწავლა მოისურვა და ავტომობილი იქირავა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ მართავდა, მაინც გაბედა ხალხმრავალ ადგილას გასულიყო. ვერ გაუმკლავდა - მანქანით ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში შევარდა, ჩაიმსხვა ვიტრინა, დაზიანდა დახლი და ახალგაზრდა მძღოლიც დაშავდა... ელენე მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო და მუცელი მოეშალა. სამწუხაროდ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი ორსულობა, რადგან მხატვარს შვილი არასოდეს ჰყოლია...
მიუხედავად იმისა, რომ ელენე და მისი მეუღლე ერთმანეთს მალე დაშორდნენ, შემდეგში ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ. 1937 წელს კაკაბაძე რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, ელენე ყოფილი ქმრის ოჯახში მიდიოდა და მის შვილებს ყურადღებას არ აკლებდა.
თავად აღარ გათხოვილა, თუმცა ბუნებრივია, თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა.
მათ შორის იყო იოსებ გრიშაშვილი. როცა მხატვარი გათხოვდა, პოეტს ელენესთვის ლექსად დაწერილი წყენის სიტყვები გაუგზავნია: "სიყვარულის საკითხებში, შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს, შენი ქმარი კაკაბაძე"...
უფრო დაწვრილებით ელენე ახვლედიანის ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში, ასევე დაათვალიეროთ ახვლედიანის სახლი და უნიკალური ნივთები. და რასაკვირველია, კიდევ ბევრი საინტერესო რამ ნახოთ სახლზე, ინტერიერზე, აგარაკზე, ტრადიციებზე, ჩვენი სოფლისა და ქალაქის დღევანდელ ცხოვრებაზე...