"თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს" "წითელა მოზრდილებში განსაკუთრებით რთული ფორმით ვლინდება. მოგეხსენებათ, ხალხში მსგავს დაავადებებს "ბატონებს" ეძახიან და ამბობენ, "ბატონების" დროს არც ნემსის გაკეთებაა სასურველი და არც წამლის დალევაო. რისი გაკეთება ჯობია ამ დროს?" - გვეკითხება ერთ-ერთი მკითხველი. ამ რთული ინფექციური დაავადების შესახებ ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე გვიამბობს:
- "ბატონებს" ხალხი ინფექციურ დაავადებებს ეძახის. ყველა მათგანს განსხვავებული ნიშნები და თავისებურებები ახასიათებს, საერთო მხოლოდ ინფექციური ხასიათია. ეს დაავადებები ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ეს ეხება წითელასაც. ვინც აცრილი არ არის და კონტაქტი აქვს დაავადებულთან, თვითონაც დაავადდება. თუ კონტაქტიდან ორი დღეა გასული, მაშინ აცრა დაგვიანებულია.
პაციენტი იზოლირებული უნდა იყოს, რადგან ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. არის შემთხვევები, როდესაც ვირუსი ვენტილაციის სისტემითაც კი ვრცელდება. გამოყრამდე პირველი სიმპტომები ჩნდება. ინფექცია გადამდები აღარ არის გამონაყარის გაჩენიდან მეხუთე დღეს და შემდგომ, თუმცა პაციენტთან კონტაქტში მყოფები 17 დღე მაინც უნდა იყონ კარანტინში. წითელას დროს კანზე გამონაყარი ერთიანდება, მერე კი, აქერცვლა იწყება და კანს ოდნავ მუქი შეფერილობა აქვს. წითელა იწყება ხველებით, მაღალი ტემპერატურით, წითელი თვალის სინდრომით ანუ ცრემლდენით, თვალების წვით და ტკივილით ძლიერ შუქზე. სანამ გამონაყარი გაჩნდება, ლოყების შიდა ზედაპირზე, საღეჭი კბილების გასწვრივ, თეთრი ლაქები ჩნდება. მესამე დღიდან ჩნდება წვრილი და უხვი გამონაყარი, რომელსაც გაერთიანება და მთელი კანის დაფარვა შეუძლია. გამონაყარი პირველად ყურის ნიჟარების უკან ჩნდება - სახეზე, კისერზე და თავის თმიან მიდამოში, მეორე დღეს გადადის სხეულსა და ხელების ზედა ნაწილზე, მესამე დღეს - ქვედა კიდურებზე და ხელების ზედა ნაწილში. მეოთხე დღიდან გამონაყარი ფერმკრთალდება და იმავე თანმიმდევრობით ქრება, როგორითაც გაჩნდა: ჯერ გაქრება სახეზე, მერე ტანზე, ხელებზე და ბოლოს ქვედა კიდურებზე.
- წითელა მოზრდილ ასაკში რამდენად საშიშია?
- თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. თუ დიდი ხნის წინ აუცრეს და ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, მაშინაც შეიძლება წითელა შეხვდეს. ზოგჯერ წითელა შეიძლება აცრილ ადამიანსაც დაემართოს, მაგრამ შედარებით იოლად გადაიტანოს. ეს დაავადება ბავშვების დიდ ნაწილს ემართება. პირველი სამი თვე ბავშვს დედის ანტისხეულები იცავს, მაგრამ შემდეგში ბავშვების ძირითადი ნაწილი ავადდება. პირველი აცრა 12-15 თვის ასაკში ტარდება, მეორე - 6 წლის ასაკში. განაგრძეთ კითხვა