უქუდოდ სიარული ჩვევა ძალიან ბევრი მოზრდილისა და მოზარდის მავნე ჩვევაა მედიკოსების აზრით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომლის დროსაც ქუჩაში შეგიძლიათ ქუდის გარეშე ისეირნოთ, ერთი გრადუსია. ამინდი ამ დროს მშვიდი და მშრალი უნდა იყოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით და ხშირი თმაც გაქვთ. ხოლო თუ წვიმს და ქარი უბერავს, 3-4 გრადუსზეც ქუდი აუცილებლად უნდა დაიხუროთ, თანაც თბილი. ქუჩაში ფეხშიშველი ხომ არ დადიხართ? და რატომ გგონიათ, რომ თუ ზამთარში უქუდოდ ივლით, ჯანმრთელობას არ ავნებთ?.. თავის გადაცივებით იმუნიტეტის დაქვეითებას გამოიწვევთ. მიკროორგანიზმები შემოგიტევენ და ქრონიკულ და ანთებით (მაგალითად ჰერპესი) დაავდებებსაც გამოჰკრავთ ხელს. ხოლო თუ ორგანიზმი დასუსტებული გაქვთ, შეიძლება მენინგიტის მსხვერპლიც გახდეთ. სხვათა შორის, ქუდს, რომელიც ოდნავ ფარავს თავს, "მენინგიტიკს" უწოდებენ.
როცა თბილი შენობიდან სიცივეში გადიხართ, ტემპერატურის ძლიერ ცვლილებას შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი მოჰყვეს. სხვა ორგანოებსაც არ დაადგება კარგი დღე.
ბავშვებმა 5 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე აუცილებლად უნდა ატარონ ქუდი. გაცივებისკენ მიდრეკილმა პატარებმა კი უფრო მაღალ ტემპერატურაზეც.
ყურების პრობლემა
ყინვის ყველაზე მეტად ყურებს ეშინიათ. ძლიერი ქარისგან ხშირი თმაც ვერ დაგიცავთ და ყურების ტკივილი გარდაუვალი იქნება. კატეგორიულად დაუშვებელია, აუზის ან აბანოს შემდეგ ადამიანი ქუჩაში ქუდის გარეშე გამოვიდეს. თავი ჯერ კარგად უნდა გაიშროთ და თბილი ქუდიც უნდა დაიხუროთ. გადაცივებამ და იმუნიტეტის დაქვეითებამ შეიძლება ოტიტი გამოიწვიოს.
შეიძლება ფურუნკულიც გამოვლინდეს. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სისხლძარღვების სპაზმი და შედეგად სმენის ნერვის დაზიანება, რასაც სმენის დაქვეითება და გაურკვეველი ხმაური მოჰყვება ყურებში. სიცივემ შეიძლება შიდა ყურის ანთებაც გამოიწვიოს და ადამიანმა სმენა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოს. ნუ ეხუმრებით სიცივეს. პირველი სიმპტომის დროს (ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება) მიაკითხეთ ოტოლარინგოლოგს.
ცხვირხახის პრობლემები
სასმენი აპარატი, ცხვირის ლორწოვანი საფარი და ნუშისებრი ჯირკვლები ერთმანეთისგან შორს არაა გალაგებული და თუ ერთი დაზიანდა, ინფექცია მეორე და მესამე ორგანოზეც გავრცელდება. გადაცივებამ შეიძლება სერიოზული დაავდებების მთელი ნაკრები გამოიწვიოს, - სურდოთი დაწყებული ანგინით დამთავრებული, აგრეთვე ჰაიმორიტი, ფრონტიტი. ხოლო თუ ნუშისებრი ჯირკვლების ქორონიკული ანთებით იტანჯებით, მით უმეტეს ცივ ამინდში ქუდის გარეშე გასვლა დაუშვებელია. მაღალი ტემპერატურა და გართულებებია მოსალოდნელი.
ფრონტიტი და სხვა უსიამოვნო შედეგები
შუბლის ფრონტალური ზონა თვალის ორბიტას იცავს. სხვათა შორის, ჩრდილეთში მცხოვრები ადამიანები ქუდის გარდა, თავზე სპეციალურ, თბილ სახვევს იმაგრებენ, რაც თვალის ნერვს გადაცივებისგან იცავს. ძლიერ ყინვაში ადამიანმა შუბლი საფუძლიანად უნდა დაიფაროს. გადაცივებამ შეიძლება სისხლძარღვებს შევიწროვება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს; ან უფრო უარესი - სამწვერა ნერვის ანთება და სახის ნევრალგია. საფრთხე მრავალფეროვანია გადაცივებით დაწყებული ნევრალგიით დამთავრებული. ამიტომ, ცივ ამინდში ქუდის გარეშე ქუჩაში არ გახვიდეთ.
გარდა ამისა, ცივ ამინდში სილამაზეზე კი ნუ იფიქრებთ, არამედ იმაზე, რამდენად შეამციროთ თმის დაზიანება. სიცივეში ქუდის გარეშე ყოფნა თავის კანის სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ზიანდება თმის ბოლქვი, თმის სტრუქტურა ირღვევა და შედეგად ადამიანი თმის ცევნას უჩივის. ასე, რომ სიცივეში უქუდოდ სიარულს შეიძლება სიქაჩლეც მოჰყვეს.
გაკაჟება
სიცივის აღქმა ყველა ადამიანში სხვადასხვანაირია. თუ ერთნი პირველივე აცივებაზე თბილად იცვამენ, მეორენი ყინვაშიც კი სიცხისგან იხუთებიან. ქუდის არჩევისას მოდასა და გარშემო მყოფების აზრზე კი ნუ იქნებით ორიენტირებული, არამედ, მაქსიმალურ კომფორტზე.
თუ ქუჩაში ამაყად მოსიარულე, უქუდო ადამიანებს დაინახავთ, ნუ მიბაძავთ მათ და ნუ გგონიათ, რომ გაკაჟდებით. თუ გაკაჟება გსურთ, სიცივის დადგომამდე 4-5 თვით ადრე უნდა დაიწყოთ ორგანიმზის შემზადება, დისციპლინა, აზროვნების შეცვლა. ქუჩაში უქუდოდ სიარული ორგანიზმს ვერ გაგიკაჟებთ, პირიქით, ჯანმრთელობას დაგიაზიანებთ.