”ცალკე გავიარე ჩვილებთან ურთიერთობის კურსი მასაჟისტთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეპყრო ბავშვს...” ერთი წლის წინ ფოტოგრაფმა თამუნა ბიჭინაშვილმა, პირველმა საქართველოში, დაამკვიდრა ჩვილების სტუდიური ფოტოსესია და პირველი დაბადების დღის სტუდიაში აღნიშვნისა და ფოტოებზე პროფესიონალურად აღბეჭდვის ტრადიცია. "Sunny Studio" 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ფოტოსესიას საკუთარ სტუდიაში, საინტერესოდ შექმნილ კომპოზიციებთან ერთად უწყობს. ფოტოგრაფიის ხელოვნებაზე და ბავშვებთან მუშაობის სირთულეზე თამუნასთან ვისაუბრეთ.
- ხატვით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, სწორედ ამიტომ სკოლის პარალელურად, სწავლა დავიწყე მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელში, ვხატავდი, ვქსოვდი გობელენებს, ფარდაგებს, ხალიჩებს და ა.შ. მერე ჩამოვშორდი ამ სფეროს, ჩავაბარე კავკასიის ბიზნეს-სკოლაში ფინანსების განხრით, ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან ბანკში ფინანსურ ანალიტიკოსად, მაგრამ ჩემი საქმე არ მომწონდა. როგორც კი საშუალება მეძლეოდა, სულ ვცდილობდი, "გამეხალტურებინა", მიზიდავდა დედებისა და შვილების ფოტოების თვალიერება, სულ ამით ვიყავი დაკავებული, ვაზიარებდი ჩემს გვერდზე და სხვათა შორის, ამის გამო საყვედურსაც კი ვიღებდი.
პირველ შვილზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, წამოვედი სამსახურიდან და დავიწყე ფოტოხელოვნების კურსზე სიარული ჯიპაში, ამასობაში შემეძინა შვილი და შევუდექი მისთვის ფოტოების გადაღებას, უამრავ ფოტოს ვუღებდი და ეს პროცესი ძალიან მომწონდა. შემდეგ მეორე შვილზე დავორსულდი, ისევ გამოვიყენე ეს დრო სწავლისთვის, ახლა უკვე გურამ წიბახაშვილთან გავიარე ფოტოხელოვნების კურსი, შემდეგ და შემდეგ მასტერკლასებს ვესწრებოდი, ჩემითაც ვცდილობდი, მეტი გამეგო ამ სფეროზე, დავიწყე ფოტოშოპის შესწავლაც და ნელ-ნელა უკვე საკმაო ცოდნა დავაგროვე ამ სფეროში, მაგრამ თავდაჯერებულობა ძალიან მაკლდა. ამიტომ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელთან, კახა ფხაკაძესთან გავიარე მესამე კურსი. ამასობაში ჩემი გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, ჩემთვის სრულიად უცხო მშობლები ხშირად მწერდნენ და მთხოვდნენ, რომ მათი შვილებისთვისაც გადამეღო ფოტოები, მართალია, ძალიან კარგი აპარატი მქონდა, თუმცა მაინც ვერ ვბედავდი გადაღებას. შემდეგ მოხდა ისე, რომ დეიდაშვილმა, ჩემს დაუკითხავად, ჩემი გადაღებული ფოტოები დადო სხვადასხვა უცხოურ საიტებზე. ამ ფოტოებს კარგი შეფასებები მისცეს და მოიწონეს ისეთმა ფოტოგრაფებმა, რომლებიც ჩემთვის სამაგალითონი არიან, თითქმის ყველა ფოტო მოხვდა ტოპათეულში. ამან საკუთარი თავის რწმენა შემმატაა და ასე მიეცა ჩემს გატაცებას საქმიანი სახე, რომელიც ახლა ჩემი ცხოვრების ნაწილია.
- ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მოგივიდათ პირველად კომპოზიციის აწყობისა და გადაღების იდეა.
- ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ძილის წინ ვუკითხავდი ნოველებს. უკეთ რომ შეეგრძნოთ და გაეზიარებინათ მერე გავათამაშებდი ხოლმე წაკითხულს, ხან კოსტიუმებსაც ვუკერავდი, იმ კონკრეტული გმირების შესაბამისადა ვაცმევდი და ვუწყობდი ფოტოსესიას. ეს პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო, მეც კარგად ვერთობოდი და ბავშვებიც. აი, მაგალითად, ბავშვები ხელიხელჩაკიდებულები რომ მიდიან, ეგ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის მიხედვით გადავიღეთ.
ფოტო, სადაც რელსებზე სხედან ბავშვები, ნოველის ”რკინიგზის ბავშვების” მიხედვითაა გადაღებული. ზოგადად, რელსებზე ფოტოს გადაღება მომგებიანი, მაგრამ ბანალური მეთოდია, მაგრამ ამ ფოტოში ასახული მზის ჩასვლა, კომოზიცია, ემოცია, ხასიათი და შინაარსი სხვა ელფერს და მნიშვნელობას ანიჭებს ნამუშევარს.
სურათი, სადაც ბავშვები ღობესთან დგანან და ვითომ ქურდობენ, ჩემი ბავშვობის ემოციებთანაა დაკავშირებული. ბავშვობაში სოფელში, პატარები ვიპარებოდით ხოლმე ეზოებში და ხილს მივირთმევდით ჩუმად, არავის გვაკლდა ხილი, მაგრამ თვითონ ეს პროცესი მოგვწონდა. ჩემი შვილები ამ სიტუაციას და მომენტებს რომ მოაკლდნენ, გადავწყვიტე, ჩუმად მათთვის ის ექსტრიმი შემექმნა. ვითომ დაუკითხავად, რეალურად კი წინასწარი შეთანხმებით, შევიყვანე სხვის ეზოში და ”მოვაპარინე” ხილი, ძალიან იხალისეს და გაერთნენ.
ზოგადად, გარე გადაღებას სულ სხვა სპეციფიკა აქვს, დაკვირვებას საჭიროებს ადგილი, განათება, მზის ჩასვლის კუთხე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელია, პროფესიონალურად განათებული ფოტო მიიღო გარე გადაღებისას, მთა-გორიანი ქვეყანა გვაქვს და იმ მომენტის დაჭერა, როცამზე ჩადის, ძალიან რთულია; შენ რომ გგონია, მზე ჩადის, რეალურად მთა ეფარება და ფერების თვალსაზრისით იმ შედეგს არ გაძლევს, რასაც ნამდვილი მზის ჩასვლა. ბუნებრივთან მიახლოებული რომ იყოს, სეზონის მიხედვით სპეციალურად ვარჩევ დროს, რათა კარგი კონტრაჟური მივიღო. ძალიან მიყვარს აღორძინების ხანის მხატვრობა, რაც ხშირად ჩემს ფოტოებიშიც იგრძნობა.
ფოტო, სადაც ჩემი ბიჭები ანგელოზის ფრთებით არიან აღბეჭდილი, ჯვარზეა გადაღებული. გადასახედ აივანთან არის პატარა ოთახი პატარა სარკმლით, რომელზეც სულ რამდენიმე წუთით ჩერდება მზის სხივი. იმ პერიოდში ათიდან თერთმეტ საათამდე რაღაც მონაკვეთში ჩერდებოდა სხივი და მართლა წამებში მოვასწარით ფოტოს გადაღება, შედეგად მივიღეთ ნახევრად განათებული და ნახევრად სხივმოკლებული, კონტრასტული ფოტო.
ის ფოტო, სადაც ცხვრისფარასთან ერთად სამი ბავშვია, ქართველ ფოტოგრაფთან, ბესარიონ ჩახვაძესთან ერთად გადავიღე, მას თავისი შვილი ჰყავდა მოყვანილი, მე – ჩემები და იდეა ერთად მოვიყვანეთ სისრულეში.
მეფური გართობაც არ დავტოვეთ უყურადღებოდ. ქართველ ბაზიერთან ერთად უფლისციხეშიც წავედით, სადაც ბიჭებს ვასწავლეთ შავარდნით ნადირობა. ფოტოებიც ლამაზი გამოვიდა.
- ძირითადად რამდენი წლის ბავშვებთან მუშაობთ?
- რამხელებიც არიან ჩემიშ შვილები, იმ ასაკამდე მომდის კარგი იდეები ბავშვებისთვის, ანუ სადღაც ათ წლამდე ბავშვებს ვიღებ (იღიმის). რაც არ უნდა ”დადგა” ფოტო, ბავშვი იმდენად ბუნებრივია, რომ ფოტო მაინც ნატურალისტური გამოდის.
- ალბათ წლამდე, ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია...
- კი, რთულია, მაგრამ ვართმევ თავს... მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი მყავს, ცალკე გავიარე ჩვილებთან ურთიერთობის კურსი მასაჟისტთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეპყრო ბავშვს, რომ არაფერი ეტკინოს და სასურველ პოზაში მოვათავსო. თუ ცხოველთან ერთად ვიღებ ბავშვს, ესეც ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ მომყავს სისრულეში. ყველაზე პატარა 6 დღის მყავს გადაღებული. საერთოდ, საქართველოში სტუდია, რომელიც ასე პაწაწინებს მოუწყობდა ფოტოსესიას, არ არსებობდა, პირველი ვიყავი მე, რომელმაც დავიწყე პატარებთან მუშაობა. ადრე ამერიკაშიც ვსწავლობდი, იქ კი ასეთი ტრადიცია აქვთ, პირველ დაბადების დღეს განსაკუთრებულად არ აღნიშნავენ, ტორტს დაუდგამენ ბავშვს გასაფუჭებლად, საშუალებას აძლევენ თავიდან ფეხებამდე ჩახტეს ტორტში, ამ ყველაფერს კი ფოტოებზე აღბეჭდავენ, ანუ უწყობენ ფოტოსესიას. ეს ტრადიცია იმდენად მომეწონა, რომ ახალშობილების გადაღებასთან ერთად პირველად სწორედ ჩემმა, ”Sunny Studio”-მ შემოიტანა და დაამკვიდრა. Sunny - ნიშნავს მზიანს, რადგან მზე სიცოცხლესთან და კარგ ამინდთან პირდაპირ კავშირშია და თან მხატვრულ ჟანრში ფოტოს სილამაზე ძირითადად, შუქზე და განათებაზეა დამოკიდებული, ამიტომ დაერქვა სტუდიას ეს სახელი.
- საჭირო დეკორაციებს თავად ქმნით თუ ყიდულობთ?
- ზოგს თავად ვქმნი, ძირითადად ვიწერ ინტერნეტით, ასევე ვუკვეთავ ქართველ დიზაინერებს. რაც შეეხება ქსოვილებს, რომლებზეც ახალშობილებს ვაწვენ, იმათაც ვიწერ და საკმაოდ ძვირად ღირებულია, თან როცა 3 თვემდე ბავშვთან ვმუშაობ, ერთი შეხების შემდეგ აუცილებელია გარეცხვა, ამ რეცხვაში კი თანდათან ხარისხს კარგავს და ფუჭდება, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება.
- თვითონ გადაღების პროცესი რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე?
- შვიდსაათ-ნახევარი ვიღებდი 15 დღის ახალშობილს, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა და ჩემთვისაც რთული იყო. ახლა და ახლა ამდენი დრო აღარ მჭირდება, მაგრამ ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჭირვეულია ბავშვი. თუ მშობლისგან გაფრთხილებული ვარ რომ მოუსვენარი და ჭირვეული პატარა ჰყავს. ჩემს მეუღლეს სტუდიაში მოჰყავს ჩემი შვილები, 6 წლის გიო და 8 წლის ნიკო, რომლებიც მეხმარებიან პატარის გართობაში და გადაღებაში. ზოგადად, დღეში ერთ, ან მაქსიმუმ ორ ფოტოსესიას ვატარებ, ეს იმიტომ, რომ ხარისხი არ დაიკარგოს და ბანალური არ გახდეს, გარდა ამისა, შემდეგ ხომ უნდა დავამუშავო კიდეც? საშუალოდ ნახევარ საათს ვამუშავებ თითო ფოტოს იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღო და მეც კმაყოფილი დავრჩე და დამკვეთიც (იღიმის).
ციცი ომანიძე
R