სემესტრი დამთავრდა და ბევრ მოსწავლეს და მშობელს დაუდგა ნანატრი არდადეგები პირველი სემესტრი დამთავრდა და ბევრ მოსწავლეს და მშობელს დაუდგა ნანატრი არდადეგები. თუმცა, საახალწლო დღესასწაულიც კი ვერ გადაავიწყებს ზოგიერთ დედ-მამას შვილების ნიშნებს.
ბოლომდე კმაყოფილი მშობელი არ არსებობს, ბევრი ძალიან უკმაყოფილოც ბრძანდება შვილების სემესტრული ნიშნებით... როგორ მოვიქცეთ არდადეგებზე, დასვენების ნაცვლად უნდა ამეცადინოთ თუ ბოლომდე უნდა "შეარგოთ" დღესასწაული?
როგორია ფსიქოლოგთა შეხედულებები ამ საკითხებზე? გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას:
ჩაშხამებული დღესასწაული
" ბავშვის ნიშნები ხშირად მშობელს საახალწლო დღესასწაულსაც უშხამებს. ხშირად კი ბავშვის ცუდ ნიშნებს თავად მშობელი განიცდის საკუთარ წარუმატებლობად. შვილის ნიშნებით საკუთარ თავს აფასებს: "ესე იგი ცუდი დედა ვარ?" - ასეთია თვითშეფასება დაბალი სემესტრული ნიშნების შემდეგ. ზოგი განრისხებას ყვირილით გამოხატავს. არადა მშობლის ემოციური რეაქცია, საუბრის გაღიზიანებული მანერაც კი ბავშვზე დამთრგუნველად მოქმედებს.
შვილთან მნიშვნელოვანი საუბრის დაწყებამდე მშობელმა ჯერ საკუთარი ემოციები უნდა "მოიწესრიგოს". საკუთარ თავს უთხარით, რომ საუკეთესო დედა ხართ და მშვენიერი შვილი გყავთ. ისიც გაიაზრეთ, რომ მომავალ სემესტრში აუცილებლად გამოასწორებთ ნიშნებს".
პირველი რეაქცია
"გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მშობლის პირველი რეაქცია. თავდაპირველად, ბავშვს სემესტრის დასრულება მიულოცეთ, აქვე ახსენეთ პოზიტიური მომენტები. შეაქეთ, დადებითად განაწყვეთ ახლა კი კონსტრუქციული საუბრისთვის მოემზადეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი გრძნობა: "ცოტათი განაწყენებული ვარ, სემესტრის ბოლოს შენგან გაცილებით უკეთესს ნიშნებს ველოდი". ეცადეთ, თქვენი მიმიკა და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ნუ ეჩხუბებით ღიმილით და ნუ ამშვიდებთ მოწყენილი თვალებით, ოხვრით... სხვა სიტყვებით რომ აგიხსნათ, ბავშვს არ უნდა შეექმნას კონფლიქტი "ვხედავსა" და "ვგრძნობს" შორის.. თუ ბავშვს აქვს დედის ნდობა, მას აქვს სამყაროს ნდობაც და მაშინ არც ერთი სირთულის გადალახვა არ გაუჭირდება".
რაშია უფრო ძლიერი
"დაკვირვებული მშობელი შეამჩნევს რომელ საგანშია მისი შვილი წარმატებული და რომლის დაძლევა უჭირს. თუ თქვენს შვილს რომელიმე საგანში 5-7 ქულა აქვს, ნუ ელოდებით, რომ წლის ბოლოს 10-იანი გამოჰყვება. თუ სტაბილურად მაღალი ქულები აქვს და მოულოდნელად დაბალი ქულების მიღება დაიწყო, ცვლილებების მიმართ უყურადღებო ნუ დარჩებით. დააკვირდით მის ქცევას, მოვლენებსა და პიროვნულ განცდებს, ოჯახურ მდგომარეობას. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ შვილის შესაძლებლობები და მონაცემები გარკვეულ საგნებთან და მეცნიერებებთან.
ბავშვების ძალიან მცირე პროცენტს შეუძლია წარმატებული იყოს ყველა საგანში. ხოლო, მშობლის განსაკუთრებულმა მოთხოვნამ და ზეწოლამ, რომ მისი შვილი ყველა საგანში საუკეთესო იყოს, შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობაც შეარყიოს. დაბალ ნიშანს შეიძლება ისეთი მიზეზიც ჰქონდეს, რომელსაც მშობელი ვერ გააკონტოლებს, მაგალითად: სეზონური დაღლილობა, ჰორმონალური ან ფიზიკური ცვლილებები განსაზღვრულ ასაკში, ემოციური კონფლიქტი თანატოლებთან, მასწავლებელთან და ა.შ.
გახსოვდეთ, რომ სასკოლო შეფასება თავად ბავშვის შეფასებად არ უნდა იქცეს".
ყუველა ბავშვს თავისი ბედი და ცხოვრების გზა აქვს
"ხშირად მშობელს საახალწლო განწყობას ბავშვის ნიშნები უფუჭებს. დედ-მამის სიტუაცია შეიძლება ისტერიკიდან დეპრესიულ შემოტევამდე ლავირებდეს. თუმცა, საქმე ბავშვს კი არა, მშობლების ტრავმას, კომპლექსებს, არარეალიზებულ მიზნებს ეხება. თუ თქვენი რეაქცია ადეკვატურისგან შორსაა, დაფიქრდით, რამ გამოიწვია იგი: შიშმა, რომ თქვენი შვილი მათხოვრად იქცევა და პურის ფულს ვერ გამოიმუშავებს, თუ სირცხვილს, რომ ცუდი დედა ხართ... - ეს ყველაფერი თქვენი ფანატაზია, გამოცდილება და დამოკიდებულებაა. ბავშვის ბედთან მას არაფერი აკავშირებს. მას თავის ბედი აქვს.
მშობლის მთავარი ვალდებულებაა ბავშვის შესაძლებლობები, მისი შინაგანი სამყარო დააფასოს და არა გამოყოლილი ნიშნები. ნიშნები მეორადია. წაიკითხეთ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები: გენიოსები სკოლაში საუკეთესო მოსწავლეები არასდროს ყოფილან. არავინ ამბობს, რომ ნიშნები საჭირო არაა ან მნიშვნელოვანი არაა. უბრალოდ, მათზე არ უნდა იყოს დამოკიდებული თქვენი შვილისადმი დამოკიდებულება. დაბალი ქულების გამო არ მოაკლოთ მშობლის მზრუნველობა და სიყვარული. გახსოვდეთ ეს, როცა სემესტრულ ნიშნებს გადახედავთ".