ბავშვის აღზრდისადმი ასეთი ორიგინალური მიდგომა, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვის აღზრდა არ არის ადვილი საქმე. ამას ეთანხმება მსოფლიოს მასშტაბით ყველა მშობელი. ზოგჯერ ადამიანები საკმაოდ საინტერესო მეთოდს პოულობენ, რათა თავიანთ მემკვიდრეში გააღვიძონ სიკეთე, კარგი უნარ-ჩვევები და აღზარდონ ღირსეული ადამიანები.
მაგალითად, ამ ახალგაზრდა დედამ, ნიკოლმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც აღწერს, თუ როგორ ცდილობს თავისი შვილი ნამდვილ ჯენტლმენად აღზარდოს. პოსტმა დიდი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია - რამდენიმე საათში 3 მილიონამდე მოწონება და 500 000 კომენტარი. გთავაზობთ პოსტს:
„თვეში ერთხელ ჩემს 6 წლის ბიჭს მივყავარ „პაემანზე“. შევდივართ კაფეში, ის მიმიძღვის წინ, გააღებს კარს, გამოსწევს სკამს, შემომთავაზებს დაჯდომას და უკვეთავს ჩვენს საყვარელ კერძს. მიყვება თავისი სკოლის ამბებს, მეკითხება, ჩემს სამსახურზე რა არის ახალი და ა. შ. ჩვენ ვსაუბრობთ. ამის შემდეგ ის იხდის ფულს (მთელი თვის განმავლობაში სახლში შესრულებული სამუშაოებისთვის მე მას ვუხდი გარკვეულ თანხას, რომელსაც აგროვებს ჩვენი „პაემანისთვის“), გარდა ამისა, იტოვებს იმდენს, რომ ოფიციანტს დაუტოვოს „ჩაის ფული“.
ამას უბრალოდ ისე არ ვაკეთებ. ამ პროცესში ის სწავლობს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი პაემანი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჯენტლმენი, როგორ მოექცეს გოგოს, რომელიც უყვარს (ჯერჯერობით ეს არის დედა), ჩვენ გვერდზე ვდებთ ჩვენს ტელეფონებს და ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, შეხედულებებს. ვასწავლი კარგ ჩვევებს, იმას, რომ საუბრის დროს არ უნდა იყუროს სმარტფონში, რომ ეს ცუდი ტონის მაჩვენებელია. ის სწავლობს ფულის ყადრს, რომ შრომით უნდა მოიპოვოს და ყაირათიანად დახარჯოს. გარდა ამისა, თანხის შეკრება-გადანაწილებით ისწავლობს ანგარიშს. ითვალისწინებს იმასაც, რომ ოფიციანტს დაუტოვოს მომსახურების თანხა.
ვიცი, რომ ის ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამას აქედან უნდა ჩაეყაროს საფუძველი. არასდროს არ არის ადრე შვილისთვის იმის სწავლება, რომ ადამიანები უნდა დააფასოს, განსაკუთრებით კი - ქალები.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ვასწავლო შვილს პატივისცემა, რადგან თავის დროზე არაერთხელ ვყოფილვარ დამცირების ობიექტი. დღეს მამაკაცების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოიქცეს ქალთან, მათ შორის - პაემანზე. მჯერა, რომ ჩემი შვილი არ იქნება მათ რიცხვში".
ბავშვის აღზრდისადმი ასეთი ორიგინალური მიდგომა, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.