თუ დედას ეშინია ბავშვის ბაღში დატოვების, შიში ბავშვსაც გადაედება პატარა ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობას ადრიდანვე უნდა მიეჩვიოს. ამისთვის მშობელს უფლება აქვს, ბავშვი 2 წლის ასაკიდანაც მიიყვანო საბავშვო ბაგა-ბაღში. ბევრი ასეც იქცევა, თუმცა აქედანვე იწყება პრობლემებიც. 2 წლის ასაკში თქვენი პატარა ჯერ არ არის საკმარისად დამოუკიდებელი, ამიტომ შეიძლება მისთვის პრობლემა გახდეს დამოუკიდებლად ჭამაც და ქოთანზე დაჯდომაც. გარდა ამისა, იმუნიტეტიც არ აქვს ისეთი ძლიერი და რაც უფრო პატარა და უსუსურია, მით უფრო იოლად "იკიდებს" ვირუსებს.
კიდევ ერთი ნიუანსი - აღმზრდელები და ძიძები გარანტიას ვერ მოგცემენ, რომ ბავშვი თანატოლებს ადვილად შეეწყობა და ბაღის გარემოში ბედნიერად იგძნობს თავს.
ბაღთან ადაპტაციაში კარგად დაგეხმარებათ ის ფაქტორი, რომ 2 წლის ბავშვის დღის რეჟიმი შედარებით მოწესრიგებულია, ვიდრე მოზრდილი ბავშვების, მაგრამ ფსიქოლოგები მაინც გვირჩევენ, რომ ბავშვის ბაღში შეყვანის შესაფერისი ასაკი 3 წელია (სასურველია, ზაფხულში გახდეს 3 წლის).
არ გირჩევთ, სამსახურში გასვლა თქვენი საყვარელი პატარას ხარჯზე დააჩქაროთ. მით უმეტეს, პატარა ბავშვისთვის სიცოცხლის პირველ წლებში დედასთან კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ მოუსპობთ მას ამ სიამოვნებას.
ეჭვგარეშეა, რომ საბავშვო ბაღში მისვლა ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. სხვა ბავშვების გვერდით აღზრდა მას დამოუკიდებლობასა და ყურადღებას გამოუმუშავებს. გარდა ამისა, თავიდანვე მიეჩვევა და ადვილად გამონახავს ხოლმე საერთო ენას თანატოლებთან. თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპს თან სდევდეს ბევრი სტრესი - დედასთან დაშორების, უცხო ადამიანების გარემოში მოხვედრის, კოლექტიურად ცხოვრების წამოწყების გამო. მით უმეტეს, თუ მას ბაღისთვის წინასწარ არ მოამზადებთ და უცებ აღმოჩნდება ამ ახალ და მისთვის უცხო სივრცეში.
სტრესები სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე - ფრჩხილების კვნეტით, ენის ბორძიკით, ღამის შიშებით, აქამდე მისთვის უჩვეულო ისტერიკებით. დედა კარგად უნდა დააკვირდეს შვილის რეაქციებს, დაეხმაროს მას სტრესებთან ბრძოლაში, ხოლო თუ ეს სტრესები და ემოციები მეტისმეტად რთულია და მის ფსიქიკაზე დამაბგრევლად აისახება, საერთოდაც უარი თქვას ამ ეტაპზე მის ბაღში ტარებაზე.
წესები, რაც უნდა იცოდეთ ბავშვის ბაღში მიყვანამდე
სანამ საბავშვო ბაღში შეიყვანთ, მანამდე კარგი იქნება, თუ დაწესებულების დღის რეჟიმს გაეცნობით, გეცოდინებათ, რა პირობებთან მოუწევს შეგუება პატარას, რას მოითხოვენ მისგან და რით დაკავდება დღის განმავლობაში. შემდეგ ამის შესახებ თავად ბავშვს უამბეთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობით. მოიგონეთ ამბავი, მაგალითად, როგორ წავიდა პატარა ბაჭია ბაღში, გაითამაშეთ სიტუაციები, ვითომ ბაღში ხართ და ა.შ. მასთან ერთად თქვენც უნდა გადალახოთ ეს ეტაპი, თამაშ-თამაშით და არა მუქარითა თუ ძალდატანებით, რომ მისთვის ტანჯვად არ იქცეს ბაღში სიარული.
ორ-სამ კვირაში უკვე მიხვდებით, არის თუ არა თქვენი შვილი მზად ამ სიახლისთვის. თუ ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი ახალ გარემოში მის გასაშინაურებლად და შესაგუებლად, ეცადეთ, ტაქტიკა შეცვალოთ, ნურც ფსიქოლოგთან კონსულტაციის მოგერიდებათ და ნურც პედიატრთან. ისე გადაწყვიტეთ, როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და არა ვინმე სხვისთვის.
სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ხშირად გაასეირნეთ ბავშვი ბაღის სიახლოვეს, ზოგჯერ ეზოშიც შეიყვანეთ, ასე მომავალში უფრო ადვილად შეეწყობა ამ ახალ გარემოს. და კიდევ ერთი, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ მშობლების განწყობას. თუ დედას ეშინია ბავშვის ბაღში დატოვების, შიში ბავშვსაც გადაედება.