სწორედ აქედან ხდება ”ათასში ერთხელ” საშინელი უბედურებები შვილებს ვასწავლით, რომ არ გაუღონ კარი უცნობებს, არ ითამაშონ ცეცხლთან, მაგრამ სახლში არსებულ ზოგიერთ საშიშ ნივთზე წარმოდგენაც არ გვაქვს. გაეცანით საფრთხეს და თავი დაიზღვიეთ უბედური შემთხვევებისგან.
დაუმაგრებელი ავეჯი
ბავშვებმა არ იციან, თამაში სადაა უსაფრთხო, სად შეიძლება შეძრომა და სად არა. ამიტომ მშობელი ვალდებულია, ნებისმიერი ავეჯი კედელზე მიამაგროს. არაერთმა ავეჯის მწარმოებელმა ფირმამ ვაჭრობიდან ამოიღო მაღალი კომოდები, მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევა მოხდა: ბავშვმა უჯრა გამოსწია და არამყარად მდგარმა კომოდმა ქვეშ მოიქცია.
აშშ-ში ორ კვირაში ერთხელ იღუპება ბავშვი სახლში, კარადის ან სხვა ავეჯის ქვეშ მოყოლით.
თხელი ტელევიზორი დაუმაგრებელ ავეჯზე
იცით, რომ, დაუმაგრებელ ავეჯზე დადგმული ტელევიზორის გადმოვარდნას 65 პროცენტში სიკვდილი მოსდევს? იმიტომ, რომ, როგორც წესი, ის ბავშვს ეცემა. ნუ დაიზარებთ და ეკრანი მყარად მიამაგრეთ კედელს.
ღია ფანჯარა, პირველ სართულზეც კი საშიშია
შარშან აშშ-ში 150 ბავშვი გარდაიცვალა კიბიდან, ფანჯრიდან და საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ. საქართველოშიც არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. ამიტომ ფანჯრებზე აღმართეთ დამცავი ბადე. თუ ძალიან მოუსვენარი ბავშვია, რკინის გისოსსაც ნუ მოერიდებით. სიფრთხილე გმართებთ ორსართულიან საწოლებთანაც.
ჟალუზი
ჩვენთან, საბედნიეროდ, მასობრივი სახე არა აქვს, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ ამერიკაში, სადაც ყველა ოჯახს ფანჯრებზე აქვს ჟალუზი, მასში გახლართვით ორ კვირაში ერთხელ ერთი ბავშვი იღუპება. თუ სახლში ჟალუზი თქვენც გაქვთ, იზრუნეთ, რომ ბავშვი არ გამოედოს მის თოკს, ან იატაკზე დაგდებულ შნურს არ წამოეგოს.
წამლები ხელმისაწვდომ ადგილას
მსოფლიოში ყოველ 8 წუთში ერთხელ იწამლება ბავშვი წამლისგან, რომელიც უფროსმა დაუდევრად დატოვა მისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ეს ფერად-ფერადი ბურთულები, რომლებსაც უფროსები წარა-მარა იყენებენ, ბავშვის გადმოსახედიდან ნამდვილი განძია. ყოველთვის დიდი ინტერესით დაავლებს ხელს, ამიტომ ისე შეინახეთ, მისი მიგნება ბავშვის მიერ გამორიცხული იყოს.
”სიმპათიური” ქიმიკატები
სარეცხის ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, წებო, ყოველგვარი ლამაზად შეფუთული ქიმიური ნივთი ბავშვის მზერას იპყრობს და ცდილობს, გემო გაუსინჯის, რაც ტრაგიკულად მთავრდება. წელიწადში 700 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში, ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი კაფსულების დაგემოვნების შემდეგ.
აქერცლილი საღებავი
საღებავები, რომლითაც ფანჯრები ან კარი გაქვთ შეღებილ, დროთა განმავლობაში იბერება, იქერცლება და ძირსაც ცვივა. ის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, გაფრთხილდით, რომ ბავშვმა ამ ნამცეცებს გემო არ გაუსინჯოს.
დენის წყარო
2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვს 10 წამი სჭირდება, რომ ბასრწვერიანი სათამაშოთი 100 პროცენტით დააზიანოს დენის წყარო, როზეტი. მისგან წარმოქმნილი საფრთხე კი გაცილებით დიდია.
მდუღარე
მდუღარე წყალში ჩავარდნის ან გადმოსხმის შემთხვევები ჩვენთანაც ძალიან ბევრია. როცა სადილს ამზადებთ ან ჩაის ასხამთ, მუდამ აღიბეჭდეთ გონებაში, რომ ეს ჭურჭელი კიდესთან არ მოხვდეს. ბავშვს ხომ წამი სჭირდება საოცრების მოსახდენად. და ქურაზეც ქვაბი ან ჩაიდანი, რომელმაც დაასრულა დუღილი, მაქსიმალურად კიდისგან შორს დადგით, რომ მოულოდნელი უბედური შემთხვევა აიცილოთ თავიდან.
ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ეს ის საფრთხეებია, რაც ყველაზე ხშირად ატყდებათ თავს მშობლებს. სიფრთხილეს და ყურადღებას ვერანაირი პრევენციული ზომები ვერ შეცვლის. პატარა ყოველთვის მოახერხებს სახიფათო ადგილის პოვნას. ამიტომ თუ ბავშვთან მარტო ყოფნა გიწევთ, მეორეხარისხოვნად ჩათვალეთ საოჯახო საქმეები და ეცადეთ, ბავშვს თვალი არ მოაშოროთ.