ირწმუნებოდა, რომ მამაკაცი თავდაცვის მიზნით მოკლა, რადგან მან მისი გაუპატიურება სცადა 2014 წლის 25 ოქტომბერს ირანში 26 წლის რეიჰანე ჯაბარი ჩამოახრჩვეს. ახალგაზრდა ქალს ჩინოვნიკისა და ექიმის - მორტეზა აბდოლალის მკვლელობა ედებოდა ბრალად. შემთხვევა 2007 წელს მოხდა. 19 წლის რეიჰანე ირწმუნებოდა, რომ მამაკაცი თავდაცვის მიზნით მოკლა, რადგან მან მისი გაუპატიურება სცადა. ირანის სასამართლომ ბრალდებულის ჩვენებები არ გაითვალისწინა და 2009 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა რეიჰანე ჯაბარის. წლების მანძილზე განაჩენის აღსრულების საქმეს უმაღლესი სასამართლო განიხილავდა. მიუხედავად საერთაშორისო წნეხისა, Amnesty International-ის მცდელობისა და იმ ფართომასშტაბიანი კამპანიისა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აწარმოებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები რეიჰანეს გადასარჩენად, ირანმა სასიკვდილო განაჩენი 6 წლის შემდეგ მაინც აღასრულა...
ჩამოხრჩობამდე რეიჰანემ უკანაკნელი ხმოვანი გზავნილი ჩაწერა დედისთვის. სიკვდილმისჯილი ქალის მშვიდი ხმით ჩაწერილი სულისშემძვრელი სიტყვები ასე ჟღერს:
"იმ საბედისწერო ღამეს მე უნდა მოვეკალი... ჩემს სხეულს სადმე ქალაქის კუთხეში მიაგდებდნენ, პოლიცია ჩემი გვამის ამოსაცნობად მიგიყვანდა და იმასაც გაიგებდი, რომ გამაუპატიურეს. მკვლელს ვერასოდეს დაიჭერდნენ, რადგან ჩვენ ფული და ძალაუფლება არ გაგვაჩნია. შემდეგ ცხოვრებას ტანჯვაში და სირცხვილში გააგრძელებდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ტანჯვისგან მოკვდებოდი, სულ ეს იქნებოდა...
თუმცა ასე არ მომხდარა. ჩემი სხეული კუთხეში არ მიუგდიათ, ციხეში მიაგდეს. თუმცა, არ ვწუწუნებ. შენც იცი, რომ სიკვდილი სიცოცხლის დასასრული არ არის. როგორი ოპტიმისტი უნდა იყო, რომ მოსამართლეებისგან სამართლიანობას მოელოდე.