მოზარდების დაუნდობლობა და სისასტიკე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ბავშვების დაუნდობლობა და სისასტიკე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ამ თემას არაერთი შრომა მიუძღვნეს, იკვლევენ და არკვევენ, ის აღელვებს მშობლებს, მასწავლებლებს და ფსიქოლოგებს, მთლიანად საზოგადოებას.
ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანებში დაუნდობლობა გენეტიკურად არის დაპროგრამებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ეს გენი აქვს, სისასტიკის გამოვლენას ვერავინ შეაჩერებს.
არსებობს სხვა მოსაზრებაც – ბავშვის აღზრდის მეთოდებს აქვს პირდაპირი კავშირი მის აგრესიასთან.
ბავშვების ქცევის შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ფსიქოლოგებმა 4 ძირითადი ფაქტორი ჩამოაყალიბეს, რომლებიც სისასტიკის გამოვლენას იწვევს.
1. ფიზიოლოგიური ფაქტორი
ნებისმიერ ადამიანში დევს სიკეთისა და ბოროტების მარცვალი და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება რაღაც მომენტში იყოს სასტიკი და დაუნდობელი... მაგრამ ბავშვი, რომელიც აგრესიულ ქმედებებს სჩადის, ინსტინქტურად მოქმედებს, გაუცნობიერებლად. კვლევების თანახმად, გაუცნობიერებელი სისასტიკის ნიშნები ბავშვებს ძალიან ადრე უვლინდებათ, 2-3 წლის ასაკში. ასეთ ადრეულ ასაკში ემოციები გონებას ფარავს, ბავშვი კი მათ ვერ მართავს. ამიტომაც, შეიძლება თავისნაირ ბავშვს დაარტყას ან გაბრაზებულმა სათამაშო დაამტვრიოს, ისე, რომ ვერ ხვდება თავის ცუდ საქციელს.
2. აღზრდის ფაქტორი
ბავშვები ეძებენ გამოსავალს დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, ცდილობენ, სიბრაზე მათზე ამოანთხიონ, ვინც სუსტია – ასეთ ქცევას უფროსებისგან იღებენ. ხშირად ზოგიერთი მშობელი აღზრდის დროს ხშირად იყენებს ფიზიკურ დასჯას და ყვირილს. შედეგად, როდესაც დედ-მამა არ არის გვერდით, ის მათნაირად იქცევა მასზე უმცროსთან ან სუსტთან. ეს მომავალი აგრესიულობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე აღზრდის პრობლემაა, როდესაც ბავშვს გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ ძლიერი უნდა იყოს, ყველას აჯობოს, დაარტყას, სანამ დაარტყამენ და ა.შ. ასეთი გამუდმებული აგრესიული რეკომენდაციები ყოველთვის სათანადო შედეგებამდე მიდის.
3. გარემოს ფაქტორი
ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტელევიზია, ინტერნეტი, კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ხშირად ახდენს აგრესიისა და სისასტიკის აგიტირებას. ამ დროს მშობლების როლი აღზრდის პროცესში შენელებულია, დროის სიმცირის ან იმის გამო, რომ მშობელს უბრალოდ არ სურს, ამ პრობლემებს ჩაუღრმავდეს. ჩნდება ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც პრაქტიკულად საკუთარ თავს არის მინდობილი და როგორც თავად სურს, ისე იზრდება – მთელი დღე ან ქუჩაშია, სადაც კარგს არაფერს სწავლობს, ან სახლში, კომპიუტერთან.
სისასტიკის დოზა მკვეთრად იზრდება სკოლებშიც. კლასი ხომ საზოგადოებაა მინიატიურული მასშტაბით და ისიც ანალოგიური სქემით განვითარდება: ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისი დაჩაგვრა და წყენაც შეიძლება. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მსგავსი პრობლემების მასშტაბებიც მატულობს.
4. გარდატეხის ასაკის საფრთხეები
გარდატეხის ასაკში ბავშვებში მკვეთრად კლებულობს ოჯახის, მშობლების, მასწავლებლების ავტორიტეტი. მატულობს სიუხეშე, სითამამე, პროტესტი, რაც ნორმად იქცა მოზარდების წრეში, იწყება სქესობრივი მომწიფება, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
მოზარდების ქცევის კიდევ ერთი რეგულატორი – საკუთარი "მეს" ფორმირება. და თუ ვინმე მათ "მეს" ეხება, ისნი მტკივნეულად რეაგირებენ. ასეთ შემთხვევებში მასწავლებლის უხეში სიტყვა, მშობლებთან სკანდალი, არშემდგარი პირველი სიყვარული, გამუდმებული კრიტიკა შეიძლება გაუცნობიერებელი აგრესიის მიზეზი გახდეს.
ბავშვებში სისასტიკის პროვოცირებას ახდენს ასევე ოჯახური პრობლემები – გამუდმებული ჩხუბი ან მშობლების განქორწინება, ეგოზიზმი.
რა უნდა ქნან მშობლებმა? პირველ რიგში, სიბრძნე უნდა გამოიჩინონ: ეცადეთ, ბავშვის ნეგატიური ემოციები მაქსიმალურად შეარბილოთ, მიანიჭოთ პატარას ადრეული ასაკიდანვე ბევრი დადებითი ემოცია, დაიახლოვოთ და დაიმეგობროთ, არ მოაკლოთ ყურადღება და სითბო, ყოველთვის ეცადოთ პრობლემის მიზეზის გარკვევაში და დაეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. პირველ რიგში, ისევ და ისევ მშობელია მაგალითი შვილისთვის, შვილი კი ყოველთვის მშობლისა და მისი აღზრდის მეთოდების სარკეა.