"ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ" პირჯვრის გადასახვა და სანთლის ანთება ნებისმიერი მართლმადიდებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუმცა ხშირად ადამიანები პირჯვარს შეცდომით ისახავენ - ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ. სანთლის ანთების დროს ზოგს ჰგონია, რომ წყვილი უნდა დაანთოს, ზოგს კენტი რაოდენობა ჰგონია სწორი. შეიძლება ეს ყველაფერი წვრილმანად და უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოთ, თუმცა ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, რომელსაც სწორად შესრულება უნდა.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს მარჯვენა ხელის სამი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, საჩვენებელსა და შუა თითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - ნეკასა და არათითს ხელის შუა გულზე ვიდებთ, ქრისტეს ორ ბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. მოხრილი თითები მიგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითები კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს.როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება, ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ.
- შეცდომით გადასახული პირჯვარი არ ითვლება პირჯვრის წერაში?
- წმინდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. გონება, გული და სხეულებრივი გრძნობა იწმინდება პირჯვრის გამოსახვით, ადამიანი შინაგანი რწმენით გამოქარგავს გარეგანს.
ეკლესიის მამებმა ჩამოაყალიბეს მართებული სახე, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს, ღმერთს რა სახით მივმართოთ და ა.შ. ქრისტიანი ამ ყოველივეს სწავლობს. არასწორად აღსრულება უცოდინრობით უნებლიე შეცდომაა და გამოსწორდება, მაგრამ შეგნებული ცდომილება სხვა რელიგიასთან ან კონფესიასთან "დაგვაახლოვებს". უფალი გულს ხედავს და იწირავს, თუმცა გარეგნული ფორმა აუცილებელია. დამახინჯებული ქმედება არასდროს არ მიეთევლება ადამიანს შესრულებაში.
- რას გამოვხატავთ პირჯვრისწერით, ჯვრის გარდასახვით?
- გამოვხატავთ უფლისადმი რწმენასა და იმედს. თავისთავად ხელის წყობა ვერაფერს იზამს, თუ მას გულმხურვალე რწმენა არ ახლავს. გულმოდგინებით გამოვწეროთ იგი სახლზე, კედლებზე, სარკმელზე, შუბლზე და გონებაზე, რადგანაც ის არის ნიშანი ჩვენი ზოგადი ხსნისა და განთავისუფლებისა, აგრეთვე უფლისმიერი გულკეთილობისა... ასე რომ, რაჟამს პირჯვარს იწერ, გაიაზრე ჯვრის არსი, დაშრიტე შენში სიფიცხე და ყველა სხვა ვნება. რაჟამს პირჯვარს იწერ, ფრიადი მხნეობით აღივსე შუბლი და გაათავისუფლე სული. თუკი ამგვარად გარდაისახავ მას შენს პირისახეზე, ვერავითარი უწმინდური ეშმაკი ვერ შეძლებს შენს ახლოს დგომას, რადგანაც იხილავს იგი (ეშმაკი) მახვილს, რომელიც განგმირავს მას, იხილავს ხანჯალს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის". უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ნაბიჯი დავბეჭდოთ ჯვრით. რწმენის არ უნდა შეგვრცხვეს, სირცხვილი ეშმაკისადმი მსახურება იქნება. ადამიანს საკუთარი თავის დაცვა ნებისმიერ ფასად ევალება: ,,ნებისმიერ ფასში" - იგულისხმება სიწმინდით აღჭურვა… ჩვენი საჭურველი კი ჯვარია.
- ეკლესიაში შესვლისას ზოგმა რა იცის, რამდენი სანთელი უნდა დაანთოს. ზოგი ერთ სანთელკს ანთებს, ზოგს ჰგონია, რაც მეტს დაანთებს, მით უკეთესი. ზოგს ჰგონია აუცილებლად კენტი უნდა იყიიდოს, ზოგს - ლუწი. სინამდვილეში რამდენი სანთელი უნდა დაანთო ეკლესიაში?
- შინაგანად რისი სურვილიც გვაქვს, ის უნდა შევთხოვოთ უფალს და ამისთვის შესაძლოა 1 ცალი სანთელიც გვეყოს, რაოდენობა არ განსაზღვრავს სულიერ ხარისხს. სანთელი ერთგვარი ძღვენია უფლისადმი შეწირული, ამით გამოვხატავთ ჩვენი ლოცვისადმი მხურვალებას და გულანთებულობას.
- მიცვალებულისთვისაც იმ ხატთან ვანთებთ სანთელს, სადაც ცოცხლისთვის?
- ნებისმიერ ხატთან შეგვიძლია დავანთოთ, მაგრამ ჯვარცმასთან ვანთებთ, ვინაიდან ჯვარცმულმა, გვემულმა და მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ჩვენი მიცვალებულიც საუკუნო ნეტარებისთვის აღადგინოს.
თეა ცაგურიშვილი