”ასე ვიტყვი - ღმერთი ყველას აძლევს იმას, რასაც იმსახურებს...” კარგ მასწავლებელს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი კვალის დატოვება შეუძლია. რასაკვირველია, ცუდსაც, თუმცა ცუდ მასწავლებლებზე ამჯერად არ ვსაუბრობთ. ამჯერად ვსაუბრობთ ქართულის მასწავლებელზე, რომელმაც ბევრი თავისი მოწაფის აზროვნებას დააჩნია კვალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გათხოვდა და ყოფილმა მოწაფემ სოციალური ქსელის მეშვეობით, ასეთი თბილი სიტყვებით გამოხატა თავისი ემოციები.
"ჩემს ძვირფას ლანა მასს,
არ ვიცი როგორ დავიწყო, მაგრამ მოდი, ვცდი.
დღემდე კარგად მახოვს ის დღე, როცა 2 წლის წინ, ნომერ 117 სამარშუტო ტაქსით ზუსტად მაიკოვსკის ძეგლის წინ მდებარე კორპუსისკენ მივემართებოდი. იმ დღეს ქართულის გაკვეთილი უნდა მქონოდა და მე, რა თქმა უნდა, 5 წუთით დავაგვიანე. გზაში მართლაც ბევრს ვფიქრობდი იმ ადამიანზე, რომლის გაკვეთილზეც ვაგვიანებდი და რომელზეც ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენოდა.
ახლა, როცა იმ დღის შმედეგ 2 წელი გავიდა, მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 100 წელი რომ გავიდეს, ის შთაბეჭდილება, რომელიც მე იმ დღეს ლანაზე დამრჩა, არასდორს, არასდროს დამავიწყდება. გეფიცებით, სულ მცირე ერთი კვირა ყველას იმას ვუყვებოდი, თუ რა საოცრებაა ჩემი ქართულის მასწავლებელი, ჩემი ლანა მასი.
არ დავიწყებ იმ თვისებების ჩამოთვლას, რის გამოც ლანა უნდა გიყვარდეთ, ეს ვინც მას იცნობთ ყველამ კარგად იცით. ახლა, როცა ფოტოზე გხედავთ ღიმილიანი სახითა და თეთრ კაბაში ბედნიერად მეღიმება. ამბობენ თუკი ღმერთს რაღაცას გულით ვთხოვთ ის აუცილებად მოგვცემს მას, ახლა კი ამას ასე ვიტყვი - ღმერთი ყველას აძლევს იმას, რასაც იმსახურებს, თქვენ კი ბედინერებას ნამდვილად იმსახურებთ.
მუდამ ასე ბედნიერი და ღიმილიანი სახით მენახეთ".
ზვიად მუხიგულაშვილი