თვითნებითი აბორტების გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების გზები თვითნებითი აბორტი (პოპულარულ ენაზე – მუცლის მოშლა) საკმაოდ აქტუალური და პრობლემური საკითხია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „ჯანმრთელობის სახლის“ გინეკოლოგ სოფო კვალიაშვილთან ამ თემაზე გვესაუბრა და თეორიულად მაინც დაგვედგინა, თვითნებითი აბორტების გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების გზები.
- თვითნებითი აბორტის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს, მისი გავრცელება ზოგად პოპულაციაში 1-2%-ია, ამ პროცენტული მაჩვენებლიდან კი ნახევარი აუხსნელია. ანუ საუბარი მაქვს იმაზე, რომ ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა. როდესაც ანამნეზში ფიქსირდება პირველ ტრიმესტრში განვითარებული სამი ან მეტი თვითნებითი აბორტი, მაშინ ის კლასიფიცირდება, როგორც განმეორებითი თვითნებითი აბორტი.
რაც შეეხება მიზეზებსა და რისკფაქტორებს, გასათვალისწინებელია ქალის ასაკი, რომლის მატებასთან ერთად თვითნებითი აბორტების რისკიც მატულობს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ანამნეზში თვითნებითი აბორტების რაოდენობაზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, განმეორებადი თვინებითი აბორტების 15% სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა უმეტესწილად მოგვარებადია. ამასთან, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს ნაადრევ მშობიარობასაც.
თვითნებითი აბორტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც.
3–5% მდე წყვილებიდან ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ, ერთ-ერთი მათგანი ქრომოსომული ტრანსლოკაციის მატარებელია. თვითნებითი აბორტი კი განპირობებულია იმით თუ რომელი გენის ან ქრომოსომის ტრანსლოკაციასთან გვაქვს საქმე. როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი ნორმალური ფენოტიპის მატარებელია, ის ამავდროულად შეიძლება იყოს ”გენური, ქრომოსომული ტრანსლოკაციის მატარებელი” (ნორმალური ფენოტიპურად იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვიზუალურად შესაძლებელია იყოს ჯანმრთელი). ძალიან ხშირად სწორედ ამითაა განპირობებული ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიები.
ქალებში, რომელთაც აღენიშნება განმეორებითი თვითნებითი აბორტები, ხშირია საშვილოსნოს თანდაყოლილი განვითრების მანკები (ე.წ. კონგენიტალური პათოლოგიები) საშვილოსნოს განვითარების ანატომიური თავისებურებების მრავალფეროვნება, ეს შეიძლება იყოს ტიხარი საშვილოსნოს ღრუში, ორრქიანი საშვილოსნო, კვანძოვანი მიომის არსებობა, რაც საკმაოდ აქტუალურია და ქალების 30%-ს აწუხებს. განმსაზღვრელი არის კვანძის ლოკალიზაცია საშვილოსნოში, თვითნებითი აბორტები ძირითადად სუბმიკოზური და ინტრამურული მიომების დროს აღინიშნება.
ერთ-ერთ სერიოზულ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თანდაყოლილი თრომბოფილია!
ინფექციური ფაქტორიც, კერძოდ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ძალიან ხშირად წარმოადგენს თვითნებითი აბორტის განვითარების მიზეზს. ასევე ბაქტერიული ვაგინოზიც შეიძლება გახდეს პრობლემა და რისკი. ენდოკრინული დისფუნქციაც თვითნებითი აბორტის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზსაც წარმოდგენდეს, ასევე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელთან ასოცირებული ფაქტორი. როგორ ფუნქციური ასე ანატომიური თავისებურებით განპირობებული.
საშვილოსნოს ყელის ე.წ ”უკმარისობა’’ რომელიც შეიძლება იყოს, როგორც აუხსნელი ასევე სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული.
მაგალითად ანამნეზში თუ იყო გვიანი აბორტი, რომელიც დასრულდა საშვილოსნოს ყელზე უხეში ჩარევით, ეს შემდგომი ორსულობის შემთხვევაში შეიძლება განმსაზღვრელი გახდეს ნაადრევი მშობიარობის და თვითნებითი აბორტისაც კი.
არ უნდა გამოგვრჩეს იმუნური დისფუნქცია, რაც ასევე შესაძებელია გახდეს თვითებითი აბორტის რისკი.
- რაც შეეხება თავიდან აცილების გზებს...
- არსებობს მთელი რიგი გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც შემდგომი ორსულობის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა იქნას შემცირებული რისკი თვითნებითი აბორტის განვითარებისა, თუმცა ისევ აღვნიშნავ, რომ ეს აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. თუ პაციენტი სრულფასოვნად გამოკვლეულია და ჩვენ ვნახეთ დარღვევები, რომელთა აღმოფხვრაც შესაძლებელია, რასაკვირველია, ვიზრუნებთ მათ მოგვარებაზე, მაგრამ არის პრობლემების ნაწილი, რომელიც არ ეშველება, მაგალითად გენეტიკური ფაქტორი, ამ შემთხვევაში ზოგიერთ შემთხვევაში თავიდან აცილება შესაძლოა ინ–ვიტრო განაყოფიერების გზით.
თვითნებითი აბორტისა პრევენცია არის პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, არსებული პრობლემის დიაგნოსტიკის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა–მკურნალობა თუკი ეს შესაძლებელია და ამის მიხედვით შემდგომი ორსულის დაგეგმვა.
ციცი ომანიძე