"სითბო და სიტკბო არის ეს ბიჭი და მასთან ჩახუტება - ბედნიერება..." დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული გაიხსნა. კვირეული ფოტოგამოფენით "ჩემი მეგობარი“ გაიხსნა. კვირეული 21 მარტს დასრულდება - ამ დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
გახსნას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შვილთან - თემო მარგველაშვილთან ერთად დაესწრო.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო 25 თანამედროვე ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა პორტრეტები. აღნიშნული გამოფენის ორგანიზატორი კავშირი "ჩვენი ბავშვები“ გახლდათ. თემის ფარგლებში 21 მარტამდე სხვადასხვა აქტივობა, დისკუსია, კონფერენცია, მსვლელობა და სპექტაკლი იგეგმება.
ღონისძიებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, რომელთაც სოლიდარობა გამოუცხადეს შეკრებილ საზოგადოებას. ია ფარულავა, ზალიკო ბერგერი, დიკო ჯოჯუა, ეკო ფანგანი... ამ უკანასკნელთან ერთად თემომ იპოზიორა კიდეც და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ეკომ მიაწერა: "სითბო და სიტკბო არის ეს ბიჭი და მასთან ჩახუტება - ბედნიერება..."