"გოგონები პრინცესები არიან, მე - დედოფალი..." ხატია სიჭინავა სამი გოგონას დედაა. იმის მიუხედავად, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ყოველთვის ახერხებს შვილებთან ერთად დროის გატარებას და გართობას. თვლის, რომ მარტო შვილის სიყვარული არ კმარა, მთავარია ყურადღება, სითბო. მშობლებთან ურთიერთობა ბავშვებს ეხმარება, მეტად თავდაჯერებული და ლაღები იყვნენ, ამბობს ხატია.
- მე და რამაზის სამი პრინცესა გვყავს. ხასიათით სამივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა იერით გვანან ერთმანეთს. უფროსი ძალიან ჭკვიანი და ნაზია, შუათანა ჩვეულებრივი "ხულიგანია" (იცინის), პატარას ევა ჰქვია, მე ავის ვეძახი. ძალიან ეგოისტია, ვერ იტანს, უფროსები რომ მკოცნიან და მეფერებიან. მაშინვე ჩხუბს იწყებს და ცდილობს ტანზე ამაბობღდეს, რომ არავინ არ მომეკაროს. საბოლოო ჯამში ვცდილობ ისე გავანაწილო დრო, სამივეს მოვერგო და ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქო. ეს ერთადერთია, რაც შეუძლია მშობელს შვილს ბავშვობაში გაუკეთოს. პირველ და მეორე შვილს ღამის ძილი არ უყვარდათ და ჭირვეულობდნენ, თუმცა გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ეს ღამის თევები დიდხანს არ გაგრძელდებოდა. უკვე დიდები არიან და ღამის თევაც აღარ გვიწევს. მხოლოდ ცუდი სიზმრის დროს იღვიძებენ. საკმარისია ჩავეხუტო, რომ ისევ მშვიდად აგრძელებენ ძილს. პატარა ყველაზე წყნარი და ადვილად აღსაზრდელი აღმოჩნდა.
- ბავშვების აღზრდა მთლიანად საკუთარ თავზე გაქვთ აღებული თუ გყავთ დამხმარე?
- ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საყვედური ისმის ძიძებთან მიმართებაში. ჩემს შვილებს ჰყავთ არაჩვეულებრივი ძიძები, რომლებიც ცხოვრობენ ჩემს სახლში და მათთან ერთად ბავშვებიც ფანტასტიურად გრძნობენ თავს. ყველა საკითხში მაქსიმალურად ვენდობი მათ. ყოველთვის გულდამშვიდებული ვარ, ვიცი, რომ ჩემზე არანაკლებად მიხედავენ ბავშვებს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებ ისე გავანაწილო დრო, რომ შვილებს ყურადღება და სითბო არ მოვაკლო. გარეთ გასასვლელად შაბათ-კვირა გვაქვს გამოყოფილი. ძალიან უყვართ გასართობ ცენტრებში სიარული, ზოგადად ჩვენთან ერთად ყველგან უყვართ ყოფნა. რესტორნებშიც კი დავდივართ ერთად. საღამოობით ვკითხულობთ წიგნებს, დიდი საბავშვო ბიბლიოთეკა გვაქვს. ჩემი ინტერპრეტაციითაც ვუყვები ზღაპრებს და ეს უფრო ახალისებთ, მერე თვითონაც იგონებებ ახალ-ახალ ამბებს, თავისი წარმოსახვით ქმნიან ზღაპრის გმირებს. უამრავი პრინცესის კაბები აქვთ და სპექტაკლებსაც ვდგამთ. გოგონები პრინცესები არიან, მე - დედოფალი.
- ბავშვებთან მიმართებაში რაიმე პრობლემის წინაში თუ დამდგარხართ და როგორ გადაგიჭრიათ ეს პრობლემა?
- როგორც ყველა ბავშვს, ჩემებსაც ჰქონიათ პროტესტის და სიჯიუტის მომენტი. როცა ტირიან და რაღაცას ითხოვენ დაჟინებით, არასოდეს მივმართავ დასჯის რაიმე ფორმას.ყოველთვის ვცდილობ, ავუხსნა და თბილად დაველაპარაკო. თუ ამანაც არ გაჭრა, საუბარი გადამაქვს სხვა თემაზე, მაგალითად ვეუბნები, რომ სიურპრიზი მაქვს, ან რაიმე მნიშვნელოვან თემაზე რჩევა მჭირდება. ამ დროს ისე დიდია მათი ინტერესი, თუ რა სიურპრიზს ვუმზადებ, რა თემაზე მჭირდება მათი რჩევა, რომ ავიწყდებათ რაზე ტიროდნენ. ჩემს შუათანა შვილს ძალიან უყვარს აიპადით თამაში, არ მინდა მიეჩვიოს არასასარგებლო თამაშებს, ამიტომ ვუწერ მხოლოდ ისეთ აპლიკაციებს და თამაშებს, რაც მის გონებრივ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. სახლში ყველანაირ პირობას ვქმნით მე და ჩემი მეუღლე, რომ მათ ლაღად და ბედნიერად იგრძნონ თავი. ყველგან სათამაშოებია მოფენილი. მათი ოთახი პრინცესების ჯადოსნურ სამყაროს ჰგავს (იხილეთ ხატიასა და რამაზის სახლი). როცა იღვიძებენ, მაშინვე პოზიტიურ განწყობაზე დგებიან და ეს განწყობა მთელი დღე მიჰყვებათ.
მინდა საქრთველოში ყველა ბავშვი ბედნიერი და უზრუნველი იყოს. დედებო არაფერი დაიშუროთ იმისთვის, რომ თქვენს შვილებს ლაღი ბავშვობა აჩუქოთ. მთავარი არ არის მატერიალური მხარე. ზოგჯერ ერთი ჩახუტება ყოველგვარ სიმდიდრეს აღემატება.
მერი ბლიაძე