სად გადის ზღვარი მოძღვრისა და მრევლის "ცოცხალ" თუ ვირტუალურ ურთიერთობებს შორის? ადამიანთა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ონლაინ რეჟიმში ვითარდება. ბოლო დროს გვესმის, რომ ციფრული ტექნოლოგიები საეკლესიო ცხოვრებაშიც შეიჭრა. არაერთხელ გაგვიგონია, რომ ადამიანები აღსარებას სოციალური ქსელით აბარებენ, დალოცვასა და კურთხევას კი მესიჯით იღებენ. რამდენად შესაძლებელია ეს, სად გადის ზღვარი მოძღვრისა და მრევლის "ცოცხალ" თუ ვირტუალურ ურთიერთობებს შორის?
ამ და კიდევ სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- რამდენად შესაძლებელია აღსარების სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით თუ სატელეფონო მესიჯით ჩაბარება?
- ტექნოლოგიის განვითარებას ეკლესია მიესალმება და თავადაც ერგება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ზღვარდადებულობა ისეთ საკითხებში რასაც "საიდუმლოება" ეწოდება. მღვდელმსახური ადამიანის ფიზიკური მონაწილეობის გარეშე ვერ აღასრულებს "ქორწინების", "ზიარების" თუ "ზეთის კურთხევის" საიდუმლოებებს, ასევე აღსარების საიდუმლოს. შესაძლოა ადამიანს რჩევა მისცე, ლოცვები დაუწესო, მითითებები მისცე, მაგრამ აღსარება არ ჩაიბარო. ეკლესია აღიარებს, რომ აღსარება გახლავთ ღმერთთან საუბარი იმ ცოდვებზე, რაც პირადად ჩაუდენია ადამიანს და სურს ღვთის წინაშე აღიაროს იმ ადამიანთან ანუ მღვდელმსახურთან, ვისაც "შეკვრისა და გახსნის" ხელმწიფება უბოძა. მხოლოდ ორი ადამიანი მონაწილეობს ამ საქმეში უფლის თანდასწრებით. ერთის მხრივ ტექნიკა ამ მხრივ გარანტად ვერ გამოდგება, ვინაიდან დაუცველია ყველა სისტემა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაინტერესებისთანავე ხილვადი გახადონ ნებისმიერი საუბარი. სასულიერო პირისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ ის მონდობილი სული ვერ გაუძლებს პირადი ინფორმაციის საჯაროობას და არც სასულიერო პირისთვის იქნება ხელსაყრელი მსგავსი ფაქტი. საიდუმლოს თუ ვაქცევთ "საიდუმლოდ", აუცილებელია მისი უსაფრთხოდ შენახვა, დამარხვა. აღსარება მიუღებელია და საუბარი რჩევის დონეზე მისაღები. გარანტად ვერ გავიხდით ქსელურ ურთიერთობას
სკაიპით შეიძლება მოძღვართან გასაუბრება, მაგრამ აღსარების მიღება არ არის მისაღები, ვინაიდან დაცული ვერ იქნება საუბარი.
- რა ფორმით კეთდება ეს? რაც გვაქვს მოძღვრისთვის სათქმელი, ერთიან ტექსტად რომ ჩამოვაყალიბოთ და ფოსტით გავუგზავნოთ, საკმარისია?
- თუ ღიაობა პრობლემას არ ქმნის და ადამიანი უცხოეთში ცხოვრობს, შესაძლებელია მოძღვარს კითხვებით მიმართოს და შესაბამისი რჩევები მიიღოს. აღსარება კი იმ ქალაქში ჩააბაროს მართლმადიდებელ მღვდელს, სადაც იმყოფება. შესაძლოა ერთი მოძღვარი გვყავდეს, ვისგანაც ვსაზრდოობთ და აღსარება ჩავაბაროთ იმ სასულიერო პირს, სადაც ახლოა ჩვენი საცხოვრებელი.
- როცა ტელევიზიით გადმოსცემენ ღვთისმსახურების კადრებს, ამ დროს მადლი სახლშიც გადმოდის? შეგვიძლია თავი ამ მსახურების დამსწრეთ ჩავთვალოთ?
- წირვა ტელევიზიით საკმარისი რომ იყოს, ადამიანი ჩაიწერდა და განმეორებითი ჩვენებით მუდმივად "დაიტუმბებოდა" მადლით. ადამიანი სიზარმაცის გამო თუ არ მიდის ტაძარში იგი მადლს ვერ მიიღებს და თავს მოიტყუებს. მადლი ღვთაებრივი ნიჭია და უფალი მას უწყალობებს, ვისი გულიც სიმართლისკენაა მიდრეკილი. თუ ადამიანი მოხუცია და ვერ ინძრევა, სათნო იქნება მოუსმინოს მსახურებას და თან ის კომენტარები გაიაზროს, რაც თან ახლავს მსახურებას. ადამიანმა შესაძლოა სახლში ილოცოს, იმარხულოს, ყველა სათნოება აღასრულოს, მაგრამ დამოუკიდებლად რასაც ვერ შეძლებს, ესაა ზიარების ანუ საიდუმლოებათა საიდუმლოების მიღება. ადრე ქრისტიანი თუ ესწრებოდა წირვას, აუცილებლად ეზიარებოდა. ეპიტიმია (სასჯელი) დადებულნი მსახურებას სრულად არ ესწრებოდნენ ან კიდევ სტოაშიც (ტაძრის შესასვლელი) იდგნენ. დღეს ამ უდიდეს სასჯელს საკუთარ სულს განაჩენის მსგავსად გამოვიტანთ, ჩვენივე ნებით ვაკლდებით სიწმინდეს. ადამიანი ზიარებით ქრისტესთან ერთდება. "სიმბოლო" და "მოსაგონებელი" ამბავი რომ იყოს, მაშინ საკმარისი იქნებოდა ტელევიზიით მადლის მიღება და წირვაზე დასწრება, თუმცა აქ გადმოცემული აზრი მიგვანიშნებს რაოდენ აუცილებელია უშუალო თანამსახურება და ცოცხალი მონაწილეობის მიღება წირვაზე. ყოველი წირვა განუმეორებელია.
- რამდენად შესაძლებელია დალოცვა და კურთხევა ელექტრონული საშუალებებით?
- დალოცვა, ქადაგება და ჭეშმარიტი სიტყვის მიწოდება ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელი და აუცილებელიცაა.
თეა ცაგურიშვილი