მწერალ თამრი ფხაკაძის ემოციური მოგონება 9 აპრილი ის ტრაგედიაა, რომელთანაც ალბათ ყველა ქართველს აქვს თავისი ტკივილიანი დამოკიდებულება და მოგონება, და ეს ტკივილიანი მოგონებები ამ დღეს ყველას ერთს ხდის და აერთიანებს. ეს მწერალ თამრი ფხაკაძის ტკივილიანი მოგონებაა:
"9 აპრილს, დილით ადრე, რძის მაღაზიაში წავედი, ნინუცა წლის და 3 თვის მყავდა... ხალხი დგას უკვე ჯგუფ-ჯგუფად... სახეები - მიტკლისფერი... ვერ მოვითმინე და მივუახლოვდი ერთერთ ჯგუფს, რა მოხდა ხალხო-მეთქი, თუმცა კი უკვე მივხვდი თითქმის, რაც. წინა დღეს ვიყავით რუსთაველზე ლიტერატურის ინსტიტუტიდან მეგობრები... დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა... საფრთხის სიახლოვე....
"ხალხი დახოცესო"... - მიპასუხეს. ჩამოიქცა თავზე ცა! დამბლა! მეხი! ცოფი! - ყველაფერი ერთად დატრიალდა. მოვვარდი სახლში, მოვიტანე ამბავი... დაიძრა ამასობაში ქალაქი, დადგა ფეხზე კაცი და ქალი... ბავშვიანა დავდივარ ქუჩაში, ყველა ყველასთან იოხებს გულს, აღარაა უცნობ-ნაცნობობა, ერთი ოჯახია, ერთი კაცია მთელი ქალაქი! ჩემი სამეგობრო გლდანის ქუჩაზეა, სტადიონის ახლოს. იქ უნდა გავჩნდე როგორმე, მეგობრებთან! ვერ ვაზროვნებ უიმათოდ! ბავშვი დედას დავუტოვე და გამოვედი ისევ გარეთ, მაგრამ ტრანსპორტი საოცნებოა, ვერ ახვალ ვერაფერში, არაა არაფერი! ასი კაცი ერთად აჩერებს ტაქსს, ტაქსი რა, - აღარაა გარჩევა რა ტაქსია და რა არატაქსი, ყველა ყველას ეხმარება. მახსოვს, 6-7ბიჭი აჩერებს ჩემ წინ მანქანას და ექვსივე ეტენება უკან, "მოდი, დაიკოო" - მე წინ მსვამენ. უცნობები არიან , მაგრამ სიტუაციობრივად, - ნაცნობები კიარადა, ძმები! დიღმიდან - წერეთელი ... დიდუბის ხიდზე ტანკები დგანან. წამოსკუპებულან ზემოდან პირტიტველა გიაურები და მოუმარჯვებიათ ავტომატები. " უბიიცი!!!!! უბიიცი!!!!! თქვენი დედები!!!!" - აყირავდა ლამის ჩვენი მანქანა ამოხეთქილი ბოღმისგან!!! ჩამოვედი, დავემშვიდობე ბიჭებს, ფრთხილად იყავი, დაიკოო - მითხრეს. ფრთხილად იყავით-მეთქი, - მეც გავაყოლე და შევუერთდი ჩემი სამეგობროს უკვე შეკრულ-შეგროვებულ- მოთუხთუხე და ბრაზით მოცახცახე მთლიანობას...
ოხ, როგორი მძიმე დღეა, როგორი მოუნელებელი, როგორი ტრაგიკული და თან რაღაცნაირი, დიადი...
აზა ადამია, 22 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 25 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 33 წლის
თამარ მამულიშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე, 22 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი,
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 23 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის
ნათელში გვიმყოფოს უფალმა ჩვენი გმირები!!"