შვილის სწავლისა და მეცადინეობის პროცესი ყველაზე დიდი ”განსაცდელია” მშობლის ნერვული სისტემისთვის შვილის სწავლისა და მეცადინეობის პროცესი ყველაზე დიდი ”განსაცდელია” მშობლის ნერვული სისტემისთვის. რას ვიზამთ, გვინდა შვილებს განათლება მივცეთ და თავს არ ვზოგავთ, თუმცა რაც არ უნდა სანიმუშოდ მოვამზადოთ სასკოლო გაკვეთილები, ბავშვის თვალსაწიერისა და ზოგადი განათლებისთვის მაინც მეტია საჭირო. თუ ისეთი შვილი გყავთ, რომ გაკვეთილების მერე სიამოვნებით გადაქექავს დამატებით ლიტერატურას და კიდევ მეტს გაიგებს, ძალიან გაგიმართლათ. მშობელთა უმეტესობას კი შვილის ცოდნის გასამდიდრებლად ნაირ-ნაირი ხერხის მოსინჯვა უწევს.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს - ცოდნა ისე უნდა გაიღრმავოს ბავშვმა, რომ სიტუაციამ სტანდარტული მეცადინეობის ფორმა არ მიიღოს. თუ სწავლების პროცესს უფრო გართობის სახე ექნება, ბავშვის დაინტერესებას უფრო ადვილად მოახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების არაერთი მეთოდი არსებობს, ცოდნის შეძენა წიგნის გარეშე მაინც შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგებმა ერთხმად აღიარეს თამაშით სწავლება ყველაზე ეფექტურ გზად, გამომცემლობებმაც აქტიურად დაიწყეს უმცროსი მკითხველისთვის განსხვავებული ფორმატის წიგნების შეთავაზება. როგორც წესი, ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა წიგნის ილუსტრაციებს ენიჭება. ვიზუალი, როგორც თვალსაჩინოება, ბავშვის აზროვნების არეალს აფართოებს და ცნობისმოყვარეობასაც მაქსიმალურად ზრდის. ხოლო როცა ილუსტრაციას სტიკერებიც ემატება, გამოცემა გართობა-თამაშის ფუნქციასაც იძენს.
სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამომცემლობა პალიტრა L-მა უმცროსი ასაკის მკითხველისთვის ახალი, განსხვავებული ფორმატის ენციკლოპედია გამოსცა. იგი თავისივე შესანახ ყუთთან ერთად გაიყიდება და 16 ტომისგან შედგება. თითოეულს ახლავს სტიკერები, რომლებიც ბავშვმა მითითებული ნუმერაციით უნდა ჩააკრას ალბომშიც და თითოეულ ტომშიც. უფრო დეტალურად გამოცემის შესახებ პალიტრა L -ის მთავარი რედაქტორი, ნინო დეკანოსიძე საუბრობს:
”ენციკლოპედია თავისი არსით კაცობრიობის ცოდნაა, წიგნად შეკრული, სისტემურად დალაგებული რაიმე ნიშნის მიხედვით - თემატურად, ანბანურად, დარგობრივად, პერსონებად და სხვ. მისი დანიშნულება კი ყოველ დროს ერთია - სწავლა, შემეცნება, ცოდნა.
გამომცემლობა განსაკუთრებული ნიშნით არჩევს ამ ჟანრის წიგნებს, წლების მანძილზე არაერთი სხვადასვა სახის ვიზუალური სახის ენციკლოპედიური გამოცემები შევთავაზეთ მკითხველს.
„ჩემი პირველი ენციკლოპედია“ განკუთვნილია 8+ ასაკის ყმაწვილთათვის. ეს გახლავთ სრულიად ახლებური კონსტრუქციით აგებული წიგნების სერია, რომელიც ვიზუალურ მასალასა და სამეცნიერო ტექტებს ერთიან კონტექსტში განიხილავს.
სერიის 16 წიგნი ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკისაა. თუმცა, თანამედროვე სამეცნიერო წიგნების დარად, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთიანი სისტემური კონსტრუქციით არის აგებული, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ნებისმიერი დარგის თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომები ახლებურად აწოდებს ინფორმაციას მკითხველს - დამოუკიდებელი დარგები თუ მოვლენები იხილება ერთიან კონტექსტში, ამ გამოცემის შემთხვევაში კი გამაერთიანებელი პლანეტა დედამიწა გახლავთ.
- ვიზუალური თვალსაზრისით, რით მიიზიდავს ენციკლოპედია უმცროს მკითხველს?
- თითოეული ტომი National Geographic-ის ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრებით არის გაფორმებული. წიგნები გამდიდრებულია მაღალი ხარისხის ფოტოებით, 3D ილუსტრაციებითა და რაც მთავარია, ინფოგრაფიკებით, რაც მასალის აღქმას ამარტივებს და საინტერესოს ხდის.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამ სერიისა გახლავთ შემეცნებისა და გართობის ერთიანობა - ყმაწვილები წიგნებთან ერთად სტიკერების დიდი წიგნი-ალბომის შეძენას შეძლებენ, სადაც ტექსტთან ერთად სპეციალურად სტიკერებისთვის განკუთვნილი ადგილებია შემოხაზული.
- სტიკერებს რა დატვირთვა ენიჭებათ?
- ყოველ წიგნს სტიკერების ჩანართი მოჰყვება, რომელსაც შესაბამის ტომსა და სტიკერების ალბომში მოუძებნის ადგილს. საბოლოოდ კი ენციკლოპედიურ გამოცემასთან ერთად უნიკალური საკოლექციო ალბომის მფლობელი გახდება. ეს ადაპტირებული მეთოდია, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგებმა და დარგის სხვა სპეციალისტებმა დაკვირვებებისა და კვლევების საფუძველზე შეიმუშავეს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს მოარგეს.
ენციკლოპედიის პირველი ტომი (ძუძუმწოვრები) 13 აპრილს გამოვიდა. დანარჩენ 15 ტომს კი მკითხველი ყოველ ოთხშაბათს თანმიმდევრობით მიიღებს. რაც მთავარია, სერია ხელმისაწვდომია. ყუთის, სტიკერების ალბომისა და პირველი ტომის ღირებულება 14 ლარია, ყველა მომდევნო ტომის ფასი კი მხოლოდ სამი ლარი იქნება.