ბუნებასთან ახლო ურთიერთობას მწერებთან კონტაქტიც მოჰყვება და საფრთხეებისთვის მზად უნდა ვიყოთ დადგა ზაფხული და მოგზაურობის მოყვარული ოჯახები ბავშვებთან ერთად შეაფარებენ თავს ტყის სიგრილეს, ექსკურსიებიც მრავლად აქვთ პატარებს, ასე რომ, ბუნებასთან ახლო კონტაქტს თანდათან ეჩვევიან. ამას, რასაკვირველია, მწერებთან კონტაქტიც მოჰყვება, თავისი უსიამოვნო შედეგებით. განსაკუთრებით საშიშნი ამ დროს ტკიპები არიან, რომლებსაც მრავალი დაავადების გადატანა შეუძლიათ ცხოველიდან ადამიანზე.
ბავშვები რომ ტკიპებისგან დავიცვათ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: ტკიპებისგან, ისევე როგორც სხვა დანარჩენი არასასიამოვნო მწერისგან, თავის დასაცავად არსებობს პრინციპი: “ჯობს თავდაცვა, ვიდრე მკურნალობა". თავდაცვის 2 საშუალება არსებობს: სწორი ჩასაცმელი და საოჯახო აფთიაქიდან სპრეი, მალამოები, სპირტი, ბამბა, სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალება.
მეორე მთავარი საკითხია ბავშვის გულმოდგინე დათვალიერება ბუნებაში გასვლის შემდეგ. გახადეთ ტანსაცმელი და ყურადღებით დაათვალიერეთ თავიდან ფეხებამდე. ყურადღება გაამახვილეთ თავის თმიან ნაწილზე. თუ ბავშვს შავი თმა აქვს, ტკიპას ადვილად ვერ შეამჩნევთ. ასევე კარგად დაათვალიერეთ ტანსაცმელი: ტკიპა შეიძლება მიკრული იყოს ნაჭრის ნაკეცებში, ან ჯიბეში. საპროფილაქტიკოდ კეთდება ვაქცინაცია, რომელიც რამდენიმე თვით ადრე უნდა გაკეთდეს სეზონის დაწყებამდე. ვაქცინას აქვს უკუჩვენება, მაგალითად, აცრა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. უფროსებისათვის კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცედურამდე 1 თვის განმავლობაში არანაირი დაავადება არ ჰქონიათ.
რა მოვიმოქმედოთ მაშინ, თუ ტკიპამ მაინც უკბინა ბავშვს? დამოუკიდებლად ნუ ეცდებით მის მოშორებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მაგრამ თუ ექსკურსიაზე იმყოფებით ქალაქგარეთ და ექიმთან ვერ მიდიხართ, იხელმძღვანელეთ შემდეგი რეკომენდაციით:
1. შესაძლოა გაგიგონიათ, რომ ტკიპის მოშორებისთვის მასზე უნდა დააწვეთოთ ზეთი, რათა შეუწყვიტოთ ჟანგბადის მიწოდება. ზოგჯერ ტკიპა კვდება, მაგრამ კანიდან ვერ ასწრებს გამოსვლას და ისევ კანში რჩება. ამიტომ შეეცადეთ მოაშოროთ „პინცეტით“.
2. აიღეთ ბამბა და მაგრად მიაჭირეთ ტკიპას, შემდეგ თუ პინცეტი არ გაქვთ თან, ისევ ხელით სცადეთ მისი მოშორება. ბამბას მოკიდეთ ხელი და საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაატრიალეთ ტკიპა. გააკეთეთ ეს ნელა, აუჩქარებლად, რათა კანში არ დარჩეს მისი ხორთუმი.
3. კანიდან ტკიპას მოშორების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარეთ ნაკბენ ადგილს: სპირტით, იოდით, ოდეკოლონით და ა.შ. ასევე გულდასმით დაიბანეთ ხელები .ბამბის გარეშე ტკიპას ხელი არ შეახოთ.
4. თუ მაინც ვერ მოახერხეთ, მიმართეთ ექიმს.
5. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნუ იჩქარებთ ტკიპას გადაგდებას. ჩასვით მინის ქილაში იმ ბამბიანად, რითიც მოაშორეთ იგი და გაამგზავრეთ ქალაქის სპეციალურ ლაბორატორიაში (ეპიდემიისა და ინფექციური დაავადებების კლინიკაში), სადაც ჩაუტარდება ანალიზი და გაიგებთ, არის თუ არა იგი ადამიანისთვის საშიში ინფექციის გადამტანი. თუ ჩათვლით, რომ ეს პროცედურა არ წარმოადგენს აუცილებლობას, შეგიძლიათ დაწვათ ტკიპა. ეს საკმაოდ საიმედო მეთოდია, რათა განადგურდეს მისი კვერცხებიც.