როგორ გააუქმა სიკვდილით დასჯა და რისგან გარდაიცვალა ადრე დაქვრივებული თამარ მეფე თამარ მეფის ამბები, იაკობ გოგებაშვილის მიერ მოთხრობილი:
"თამარი მეფობდა საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში. იგი იყო შვილისშვილის შვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა.
როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო შეერთებული და ძლიერი სამეფო იყო. ეს ძლიერი სამეფო თამარმა თავისი გამეფების შემდეგ გარდააქცია უძლიერეს სახელმწიფოდ.
თამარ მეფეს ჩვენი ხალხი მაღლა აყენებდა და აყენებს საქართველოს ყველა მეფეზე. რვაასი წელიწადია, რაც თამარი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნით სავსეა ეხლაც მთელი ჩვენი ქვეყანა. ქართველობას ეხლაც თამარი ისე ცხადად უდგია თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელი.
ასეთი უმაგალითო დიდება თამარმა მოიპოვა იმის გამო, რომ იგი იყო შემკული ყოველი უმაღლესი ღირსებითა. თამარ მეფეზე სავსებით აღსრულდა ქართული ანდაზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.
გიორგი მეფე, თამარის მამა, შვილის შვილი დავით აღმაშენებლისა, დიდად ირჩეოდა სხვებში თავისი მაღალი ჭკუითა დარკინის ხასიათით, დედამისი, ოსთა მბრძანებელის ქალი, ბრწყინავდა აუწერელი სიმშვენიერით და მეტად მოსიყვარულე გულით. თამარზე სავსებით გადავიდნენ ღირსებანი მამისაც და დედისაც, და იგი შეიქმნა უსრულეს ადამიანად; მაღალი ჭკუა, მტკიცე ხასიათი, კაცთმოყვარე გული და იშვიათი მომხიბლავი სიმშვენიერე სათაყვანო გვირგვინოსნად ჰხდიდნენ თამარსა.
როცა თამარი თავის მამის მეფე გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტზე ავიდა, იგი იყო ოცი წლის უმშვენიერესი ქალწული. ხალხმა კარგად იცოდა იშვიათი ღირსებანი თამარისა და ამიტომ მისმა გამეფებამ იგი აღავსო გამოუთქმელი სიხარულით.
თამარის მამის დროს ბევრმა დიდი გვარის თავადმა დაჰკარგა მაღალიადგილი და მათ მაგიერ გამწესებულ იქნენ მცირე გვარის ჩამომავალნი, მაგრამ უფრო ნიჭიერნი, უფრო მხნენი და უფრო უანგარონი.
თამარის მამას, გიორგი III-ს, ჰყავდა მეორე ასულიც - რუსუდანი, რომელიც როგორც ჩანს, უკანონო შვილი იყო და საისტორიო წყაოებში იშვიათად იხსენიებოდა.
გვარის თავადებმა თამარ მეფეს მოსთხოვეს, რომ მას მათი მოადგილენი დაეთხოვა სამსახურიდან და ისინი გაემწესებინა უწინდებურად. თამარმა უარი შეუთვალა. მაშინ დიდებულებმა ჯარი შეჰყარეს და ძალით უნდოდათ თავის გულის წადილს სწეოდნენ. თამარმაც გაამზადა თავისი ჯარი; მაგრამ, რადგანაც ქართველის სისხლის დაღვრა ეზარებოდა მის კაცთმოყვარე გულს, ამის გამო ჯერ მშვიდობიან ხერხს მიმართა. აჯანყებულს დიდებულებთან გაგზავნა ორი მოხუცებული და ყველასაგან ფრიად პატივცემული მანდილოსანი მოსარიგებლად. ამათ აჯანყებულებს ურჩიეს, დაწყნარებულიყვნენ. წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ, და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გასჭრა იმ
მანდილოსნების შუაკაცობამა და აჯანყებულნი დაშოშმინდნენ, მით უმეტეს, რომ ცხადად დაინახეს, თუ რა საშიში იყო მათთვის ბრძოლა თამარის ძლიერ ჯართან.
შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებასა, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქელი თვითონ იყო ჰანგარი, მექრთამე. სამღვდელოებაშიაც გავრცელდა ეს სენი და ამან ძლიერ დაბლა დასწია სამღვდელოება. თამარმა სამღვდელო პირთა კრება მოახდინა საეკლესიო წესების გასაუმჯობესებლად და ამ კრების თავმჯდომარედ დაიბარა იერუსალიმიდან მცხეთის კათალიკოსად ნამყოფი ნიკოლოზ გულამბრიძე, რომელმაც კათალიკოსობას თვითონ თავი დაანება თავისი სიმდაბლის გამო და რომელიც განთქმული იყო თავისი წმინდა ცხოვრებითა და სწავლით. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და სამღვდელო პირი გადააყენა, უპირებდა გადაყენებას თვით კათალიკოსს მიქელს, მაგრამ რადგანაც იგი სასიკვდილოდ იყო ავად, აღარ ჩააშხამეს უკანასკნელი დღენი. ამ კრებამ ქართულს ეკლესიაში დაამყარა სრული წესიერება და მისი გავლენა ზნეობაზე გააძლიერა.
სამხრეთის მხრივ გარეშე მტრები შემოესივნენ საქართველოს. ეგონათ, მბრძანებელი ქალი სისუსტეს გამოიჩენსო და საქართველოს ფეხქვეშ გავთელავთ და დავარბევთო. მაგრამ საშინლად მოტყუვდნენ. თამარის ჯარმა მტერი უფრო კიდევ უარესად დაამარცხა, ვიდრე იგი მარცხდებოდა მისი მამისა და პაპის დროსა; შიშის ზარი დასცა და შემოსევის წადილი მთლად გაუქრო.
საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს თამარს, მეუღლის შერთვა ენებებინა. თამარიც ნებას დაჰყვა. ქმრად ამოურჩიეს რუსეთის ბატონიშვილი გიორგი, რადგანაც ეგონათ, რომ ეს ქორწინება განამტკიცებდა კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის და გარეშე მტრებს უფრო მეტს შიშს მისცემდა. თამარი ჯერ უარზე დადგა; უცხოსა და უცნობს კაცს როგორ მივთხოვდეო, მაგრამ მერმე ერის ნებას დაჰყვა სამეფოს სიკეთისათვის და ჯვარი დაიწერა გიორგი რუსზე. ქორწილი გადაიხადეს ისე დიდებულად, რომ არც წინათ და არც შემდეგ საქართველო ამისთანა საარაკო ქორწილს არმოსწრებია.
საუბედუროდ, გიორგი რუსი მეტად უზნეო გამოდგა, სამეფოს სიკეთეზე სრულიად არ ფიქრობდა, დროს ატარებდა ქეიფსა, ლოთობასა და გარყვნილებაში. და ცუდ მაგალითს უჩვენებდა თავის ქვეშევრდომებს.
ბევრს ეცადა, გაესწორებინა თავისი მეუღლე, მაგრამ ვერას გახდა. მაშინ იგი იძულებული შეიქნა, გაჰყროდა თავის ქმარსა და გაეგზავნა საქართველოდან. მისცა საცხოვრებელი ფული და გაისტუმრა კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ თამარის მეუღლეობას ეძებდა არა ერთი ტახტის მემკვიდრე გარეშე ქვეყნებისა, მაგრამ ყველას უარი უთხრა მან, რადგანაც ეფიქრებოდა: ეს უცნობნი პირნი შეიძლება ისეთივე ცუდნი გამოდგნენ, როგორც გიორგი რუსი.
მეუღლედ ამოირჩია დავით სოსლანი. ეს იყო შვილი ოსეთის მბრძანებლისა და ჩამომავლობით ბაგრატიონი. პატარაობისას სოსლანი დაობლდა და თამარის მამიდამ, რუსუდანმა, რომელსაც შვილი არა ჰყავდა, იშვილა იგი. ჩამოიყვანა მთიდან საქართველოში და თავისთან გაზარდა, ენით, ჩვეულებით, ხასიათით სოსლანი ნამდვილი ქართველი იყო. თამარი პატარაობიდან მასთან ერთად აღიზარდა, ამიტომ კარგად იცნობდა, მოსწონდა და ამის გამო მასზე იქორწინა მეორე ქორწინებით.
მაგრამ გიორგი რუსი როდი შეურიგდა თავის ბედსა. მან მოინდომა უკან დაებრუნებინა დაკარგული ტახტი. ის უცხო ჯარით შემოესია დასავლეთ საქართველოს და გადიბირა თავისკენ ყველა იქაური ერისთავი, რომელნიც უკმაყოფილონი იყვნენ თამარისა იმის გამო, რომ მან ალაგმა მათი თვითნებობა. გიორგიმ შეიერთა ერისთავების ჯარები, გადმოლახა სურამის მთა და შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს. მაგრამ აქ იგი თამარის ჯარის მიერ ისე საშინლად დამარცხდა, რომ დატყვევებულ იქმნა თვით გიორგი და ყველა ერისთავი. ამათ შესთხოვეს მიტევება თამარმეფესა, და, რადგანაც თამარი მეტად კაცთმოყვარე გულის პატრონი იყო, აპატივა ყველას, ერისთავები თავ-თავის საერისთაოში დააბრუნა და გიორგი რუსი გაგზავნა უკანვე კონსტანტინეპოლში.
როცა თამარმა შინაური სამეფოს საქმეები კარგად მოაწყო და დაამყარა სრული მშვიდობა და ერთობა ქართველთა შორის, მან მოისურვა, გარეშე მტრები სრულიად აელაგმა და დაემორჩილებინა. ამ განზრახვით მან არაერთხელ გაგზავნა ჯარით დავით სოსლანი სპარსეთსა და ოსმალეთში. ყო-ველი ლაშქრობა ქართველი ჯარისა ბრწყინვალედ თავდებოდა. მტერი საშინლად დამარცხდებოდა ხოლმე, ქართველები გამარჯვებულნი გამოდიოდნენ ყველა ომიდან და აუარებელ დავლას შოულობდნენ. მთელი საქართველო აივსო ნადავლი ოქროთი, ვერცხლით და ყოველგვარი სიმდიდრითა. თამარმა წელში მოხარა ყველა მახლობელი სახელმწიფონი, აგრძნობინა საქართველოს ძალა და დაუმორჩილა თავის გავლენასა.
ამ სასიხარულო ამბებს მოჰყვა დიდი სიმწუხარე თამარისა. მას გარდაეცვალა მეუღლე დავით სოსლანი და იგი დაქვრივდა ჯერ ისევ ყმაწვილი ქალი. ნუგეშად დარჩა ერთი ვაჟი ლაშა გიორგი და ერთი ასული რუსუდანი.
როგორც ფრიად ღვისმოყვარე გვირგვინოსანი, თამარი დაუცხრომლად ზრუნავდა ქრისტიანობის გაძლიერებასა და გავრცელებაზე. ყოველი ბედნიერი ლაშქრობის შემდეგ აშენებდა დიდებულ მონასტრებსა და ეკლესიებს ღვთაებისა და წმინდანების სახელზე, რომელთა მფარველობას და შეწევნას ჰხდიდა მიზეზად თავისი ბედნიერებისა და სამეფოს აყვავებისა. არა ნაკლებ ცდილობდა თამარი, დაენერგა ყოველ კავკასიის ტომში სახარების სწავლა და ამოეფხვრა წარმართობა. არა ერთი ეკლესია ააგო დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთში და გაავრცელა ქრისტიანობა თვით მიუვალ კავკასიის მთებში.
თამარს ძლიერ აწუხებდა ქართველებისა და სომხების დაშორება ერთმანეთისაგან საეკლესიო საქმეში, და მათის შერიგებისა და შეერთების მონატრული იყო და ბევრიც ეცადა, მაგრამ ჩვენებურმა და სომხის ბერებმა მხარი არ დაუჭირეს თამარსა და ეს მისი დიდი წადილი ჩაიშალა.
სარწმუნოების შემდეგ თამარი ყველაზე მაღლა აყენებდა განათლებასა და ძალიან ხელს უწყობდა მწერლობისა და მწიგნობრობის გაძლიერებასა. მას ჰყავდა ცალკე მინისტრი განათლებისა, რომელსაც ერქვა მწიგნობართუხუცესი. ყველა ნიჭიერ მწერალს იახლოვებდა თავისთან, აქეზებდა და ნიშნავდა მოხელედ წარჩინებულს ადგილზე. საზოგადოების თვალში მწერალს მაშინ დიდი სახელი და პატივი ჰქონდა. ამიტომ ქართველების ნიჭმა ფრთა შეისხა და ჩვენი ლიტერატურა გაამდიდრა მრავალი ახალი თხზულებით.
თამარის მეფობას ამშვენებდა თვით უკვდავი მგოსანი შოთა რუსთაველი, რომელმაც დასწერა «ვეფხისტყაოსანი».
რამდენად იყო სიცოცხლით სავსე და ბედნიერი საქართველო თამარის დროსა, გვიჩვენებს რიცხვი იმ დროის ქალაქებისა და მცხოვრებლებისა. მაშინდელს საქართველოში ჰყვავოდა ორმოცდაათი ქალაქი და ქართველთა რიცხვი ერთი ორად მეტი იყო, ვიდრე ახლა, ესე იგი ადიოდა ოთხ მილიონამდე. ქართველებს გარდა თამარს ემორჩილებოდნენ სხვა მეზობელი ხალხებიც, რომელთა რიცხვი უდრიდა აგრეთვე ოთხს მილიონს. ესე რომ თამარის საბრძანებელში მაშინ ითვლებოდა რვა მილიონი ხალხი, ოთხჯერ მეტი, ვიდრე ახლა ირიცხება საქართველოში.
თამარი იყო მეტად გულშემატკივარი და ძლიერ მოსიყვარულე დედა თავისი ქვეშევრდომებისათვის. იმ დროს სიკვდილით და დასახიჩრებით დასჯა ხშირი იყო განათლებულს ქვეყნებშიაც კი. დამნაშავეებს ჰკლავდნენ
ტანჯვით და წამებით, ან სჭრიდნენ ხელებს, სთხრიდნენ თვალებსა. კაcთმოყვარე თამარმა მოსპო სასჯელი სიკვდილითაც და დასახიჩრებითაც. მისი ხანგრძლივი მეფობის დროს არც ერთი დამნაშავე არ მოუკლავთ, არც ერთი არ დაუსახიჩრებიათ. თამარი ეძებდა არა პირადს განცხრომას, არამედ შვებას, სიხარულს და ბედნიერებას საქართველოსას. ამიტომ მთელს ქართველობას იგი უზომო სიყვარულით უყვარდა.
საუბედუროდ, დიდხანს არ შერჩა საქართველოს მისი საარაკო დედოფალი, მისი ბრწყინვალე მზე. თამარის ნაზმა აგებულებამ ვერ შეუძლო დიდხანს დაუცხრომელ და მუდმივ მზრუნველობას სამეფოსათვის, ხშირად ცხენით სიარულს ლაშქრობის დროსა და მოგზაურობას საქართველოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. ჯერ ორმოცდა ათის წლისა არ იქნებოდა, როდესაც გამოაჩნდა მძიმე დედობრივი სნეულება. საუკეთესო ექიმები თავს დაეხვივნენ, ყოველი ღონე იხმარეს, მაგრამ ვერას გახდნენ. სიკვდილმა უდროოდ მოსტაცა საქართველოს დიდებული დედა და დააობლა. რამდენადაც ძლიერი იყო საყოველთაო სიყვარული თამარისადმი, იმდენად ღრმა და გამოუთქმელი სიმწუხრე დაბადა მისმა სიკვდილმა მთელ ქართველს ერში. სათაყვანო გვამი თამარისა ჯერ მცხეთაში წაასვენეს, მერმე წაასვენეს იმერეთს და დაკრძალეს გელათის მონასტერში, მახლობლად მისი პაპის დავით აღმაშენებლის საფლავისა...
რადგანაც მთელი სიცოცხლე თამარისა იყო განხორციელება სახარების სწავლისა, ამის გამო მთელმა საქართველოს ერმა იგი აღიარა წმინდანად და თაყვანსა სცემს არა მარტო როგორც სამაგალითო დედოფალს, არამედ როგორც წმიდანსაც".