რა სიმპტომები აქვს წითურას და როგორ უნდა მოუაროთ ბავშვს ამ დროს? წითურა ბავშვთა ერთ-ერთი კლასიკური ინფექციაა. რით არის იგი სახიფათო და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა? ამის შესახებ ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი ლალი აფხაზავა გვესაუბრება.
- როგორ ვლინდება წითურა?
- 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მსუბუქი გაციების ნიშნებითა და უმნიშვნელო გამონაყარით. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადების სურათი უფრო მძიმეა - მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, კისრის უკანა, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ექიმები არაერთხელ დავრწმუნდით, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს წითურა. საზოგადოდ, ბავშვთა ასაკის ინფექციებს შორის ის ყველაზე მსუბუქ დაავადებად მიიჩნევა.
- როგორ ხვდება ორგანიზმში ვირუსი?
- დაავადების გამომწვევი ვირუსი ხველისას და ცემინებისას გამოიყოფა გარემოში (იგი არის ნახველში, სურდოში, ნერწყვში), იქიდან კი სასუნთქი გზების გავლით ორგანიზმში იჭრება. ვირუსის გავრცელების ასეთ გზას მედიცინაში გადაცემის ჰაერწვეთოვანი მექანიზმი ეწოდება. ბავშვი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ერთი კვირა ადრე და ვირუსს ავრცელებს გამოყრის შემდეგ 7 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში იგი საშიშია გარშემო მყოფთათვის და საჭიროა მისი იზოლირება. თუ დაავადებულმა ბავშვმა ვირუსი გადასდო ორსულ დედას ან საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელთაც არც აცრილი აქვთ ეს დაავადება და არც გადატანილი, ახალშობილი შესაძლოა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაიბადოს. იგივე საფრთხე ელის მომავალში პატარა გოგონასაც, თუ დროულად არ აიცრა ან ეს დაავადება ბავშვობაში არ გადაიტანა.
- როგორ ვითარდება დაავადება?
- ეტაპობრივად. განვიხილოთ თითოეული ეტაპი. საინკუბაციო პერიოდი - გრძელდება 15-დან 24 დღემდე, საშუალოდ კი 16-18 დღე ინფიცირების (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის) მომენტიდან. ამ პერიოდში ვირუსი იმყოფება ბავშვის ორგანიზმში, მაგრამ არ ამჟღავნებს თავის არსებობას. თუ თქვენს შვილს კონტაქტი ჰქონდა წითურით დაავადებულ ბავშვთან, სამი კვირის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით მას. თუ ამ პერიოდში საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - საფრთხემ ჩაიარა. პროდრომული პერიოდი - გრძელდება რამდენიმე დღე. დიაგნოზი ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან კლინიკური სურათი მოგვაგონებს ჩვეულებრივ გაციებას. დაავადება იწყება თვალების ჩაწითლებით (კონიუნქტივიტი), მსუბუქი სურდოთი, უმნიშვნელო ხველით, სუბფებრილური (38 გრადუსამდე) ტემეპრატურით, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებითა და ტკივილით. კეფისა და კისრის ლიმფური ჯირკვლები ხელით ისინჯება, რაც ერთგვარი სიგნალია და ექიმს მიანიშნებს, რომ ორგანიზმმა დაიწყო წითურას ვირუსთან ბრძოლა. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი სწორედ აქ იწყებს გამრავლებას. ეს პროცესი ერთი კვირა გრძელდება. ამის შემდეგ ვირუსი გადადის სისხლში და ვრცელდება მთელ ორგანიზმში. დიაგნოზის დადასტურებამდე ექიმი მშობელს ბავშვის იზოლირებას - კარანტინის რეჟიმს ურჩევს. დაავადების გაშლის სტადია - გამოიხატება სახესა და სხეულზე დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენით. ჩვეულებრივ, გამონაყარი პროდრომული პერიოდის დასრულებიდან 1-2 დღის შემდეგ ჩნდება, თავდაპირველად - სახეზე, ზოგჯერ - სასასა და ლოყებზე, სწრაფად ვრცელდება ჯერ ტანზე, მერე კი ხელ-ფეხზე. წითურას დროს ლაქები და პაპულები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე წითელას დროს.
ხანგრძლივი არ არის - ხელ-ფეხზე გამოყრისას სახიდან უკვე ქრება. არც ინტენსიურია და 2-3 დღეში გაივლის. სასურველია, ეს პერიოდი ბავშვმა საწოლში გაატაროს. ტემპერატურა 3 დღე-ღამე გრძელდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, საერთოდ არ მოიმატოს. უცვლელი საერთო მდგომარეობის გამო მცირე გამონაყარი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, ანდა ალერგიული გეგონოთ, ბავშვმა განაგრძოს ბაგა-ბაღსა თუ სკოლაში სიარული და ინფექცია გაავრცელოს. დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია სისხლის იმუნოლოგიური კვლევით. ამისთვის საჭიროა სისხლის აღება დაავადების 1-ლ-მე-3 დრეს და 7-10 დღის შემდეგ. თუ წითურას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე 4-ჯერ არის მომატებული, ეს დაავადების ნიშანია. განაგრძეთ კითხვა