გაგრილება იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის ჩაფუთვნა გახდეს საჭირო
ცხელი ზაფხულის პირობებში კონდიციონერის გარეშე გაძლება თითქმის შეუძლებელია. ბევრი ოჯახი ამ მოწყობილობას ძალიან კომფორტულად იყენებს, მაგრამ ისინი, ვისაც შინ პატარა ბავშვი ჰყავს, ოთახის ხელოვნურად გაგრილებას ერიდება. გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვისთვის კონდიციონერთან დიდი ხნით გაჩერება მავნებელია.
სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ეს მოწყობილობა და როგორ უნდა გამოიყენონ იგი ბავშვიანმა ოჯახებმა.
გამოიყენეთ სწორად
გახსოვდეთ კონდიციონერის გამოყენების მთავარი წესი - ოთახში არ უნდა ციოდეს. გაგრილება იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის ჩაფუთვნა გახდეს საჭირო. ამ მოწყობილობის მიზანია, საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს, არც უნდა გცხელოდეთ, არც გციოდეთ.
ბავშვის ორგანიზმს კარგი თავისებურება ახასიათებს - სადაც მოხვდება, იმ გარემოში ადაპტირება შეუძლია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მაღალი შეგუების უნარი აქვს.
თუ ბავშვი ეს-ეს არის სამშობიაროდან მიიყვანეთ და ოთახში +24 გრადუსი და იდეალური სისუფთავე დაახვედრეთ, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს, თუმცა კარგად იქნება ხოლმე მხოლოდ ამ პირობებში.
თუ ისეთ პირობებში მოვათავსებთ, სადაც ხან ცხელა, ხან გრილა, ხან სისუფთავეა, ხან არეულობა, ბავშვი სხვადასხვა გარემოში ადაპტირებას მოახერხებს. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ქუჩიდან, სადაც +30 გრადუსია, პირველად მოხვდა კონდიციონერიან ოთახში, სადაც თერმომეტრი +18 გრადუსს უჩვენებს. მისი სისხლძარღვები ადაპტირებას ვერ მოასწრებს და გაცივდება. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის უკეთესია, თუ ადრეული ასაკიდანვე შეეგუება მას.
არ შეგეშინდეთ, რომ ხელოვნურად გაგრილებული ჰაერი მას რამეს ავნებს. პირიქით, პატარასთვის სიცხე და გადახურება ბევრად უარესია.
გამოყენების წესები
• ნუ შეიკავებთ თავს სიცხის დროს კონდიციონერის ჩართვისგან
• დროულად გამოცვალეთ ფილტრები და ნუ დაარღვევთ ექსპლუატაციის წესებს.
• კონდიციონერისგან გამოფრქვეულ ცივ ჰაერს პირდაპირ ნუ მიმართავთ ბავშვისკენ, მით უმეტეს, მისი საწოლისკენ, როცა სძინავს.
• ტემპერატურას თანდათან დაუწიეთ. ვთქვათ, ოთახში +30 გრადუსია, თქვენ კი +24-ზე დააყენეთ. ამ შემთხვევაში აპარატი მკვეთრად ცივ ჰაერს გამოაფრქვევს, რათა მითითებულ გრადუსამდე გააგრილოს ოთახი. ეს მკვეთრად ცივი ნაკადი რომ თავიდან აიცილოთ, კონდიციონერი ჯერ +28-ზე დააყენეთ, შემდეგ +26-ზე და ბოლოს 24-ზე.
• თუ არ გცხელათ, ეს იგი კონდიციონერს სწორად მოიხმართ, თუ შეგცივდათ, ესე იგი არასწორი ციფრები მიუთითეთ.
• გააკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა. 40-70% ნორმალური მაჩვენებელია.
• დროდადრო გამოაღეთ ფანჯარა და ოთახი გაანიავეთ.
• ბავშვის თავისებურებები ყოველთვის გასათვალისწინებელია. თუ ხედავთ, რომ გრილი ჰერი ბავშვს აციებს, ტემპერატურას მოუმატეთ.
უსაფრთხოების წესები ავტომობილის კონდიცირების დროსაც უნდა დაიცვათ. ვთქვათ, ბავშვთან ერთად ზღვისკენ მიემგზავრებით. ეს ნიშნავს, რომ მრავალი საათის განმავლობაში ბავშვმა კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი უნდა ისუნთქოს, სადაც ტენიანობა, დაახლოებით, 20% იქნება.
პერიოდულად საჭიროა შეჩერდეთ და ავტომობილი გაანიავოთ. ბავშვს ცხვირის ნესტოებზე სველი ხელი მოუსვით. სასურველია, ყოველ 30 წუთში ნესტოები ფიზიოლოგიური ხსნარით დაუსველოთ, მალ-მალე ასვით სითხე. ეს ზომები საჭიროა იმისთვის, რომ ყურსა და ცხვირს შორის არხში არსებული ლორწო არ გამოშრეს. თუ წესებს ყურად არ იღებთ, გამშრალი ლორწო დაგროვდება. შემდეგ ზღვაზე ყოფნისას კვლავ დასველდება, გაიჟღინთება და არხს გაჭედავს. წარმოიქმნება ოტიტი, რასაც კონდიციონერს დააბრალებენ.
ამბობენ, რომ კონდიციონერი ბაქტერიებს ამრავლებს. ასეც იქნება, თუ ფილტრებს არ გამოცვლით. სწორად გამოყენების შემთხვევაში კი კონდიციონერი თქვენ და თქვენს შვილებს ზაფხული პაპანაქებას იოლად და ჯანმრთელობის დაუზიანებლად გადაგატანინებთ.