ბავშვის დაკარგვასთან ერთად შენიშნეს, რომ ეზოში არც მურა ჩანდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ - ელგიზ ქიმაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძის დაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი გაავრცელა. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად ბატონ ელგიზს ტელეფონით დავუკავშირდით, აშკარად ჯერ არ განელებოდა ემოცია: სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელიო!
უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში...
- ბატონო ელგიზ, როგორ აღმოჩნდა 6 წლის ბიჭი ტყეში, რას ამბობდნენ?
ელგიზ ქიმაძე:
- ეს სოფელი მთლიანად ტყეშია და სახლიც, საიდანაც ბავშვი გავიდა, სოფლის განაპირას, ფაქტობრივად, ტყეში დგას. სულ 5 მოსახლეა იქვე. ლუკა თბილისელი ბავშვია და ბებიას სტუმრად, თავის ძმასთან წამოუყვანია, სოფელ უზუნთაში. ბებიას ბავშვი ოთახში ცოტა ხნით დაუტოვებია და რომ მობრუნებულა, იქ აღარ დახვედრია. სასწრაფოდ დაუწყიათ ძებნა, მეზობლებიც მიშველებიან. ოჯახში 4 ძაღლი ჰყავთ, აქედან ერთ-ერთი, სახელად მურა, გამორჩეულად მეგობრობდა ლუკასთან. ერთად ეძინათ, ერთად თამაშობდნენ და ა.შ. ბავშვის დაკარგვასთან ერთად შენიშნეს, რომ ეზოში არც მურა ჩანდა. ეს ძალიან აიმედებდა ოჯახს. კარგა ხნის შემდეგ, ლუკას და მურას ვერსად რომ ვერ მიაკვლიეს, 112-ზე დაურეკავთ და სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოუძახებიათ. შეტყობინება საჩხერეში საღამოს მოვიდა და ყველანი -სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, გამგეობის თანამშრომლები ბავშვის საძებნელად წავედით. ამ პერიოდს დაემთხვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. ამასობაში დაღამდა კიდეც და სამძებრო სამუშაოებიც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთ იმედად კვლავ მურა გვრჩებოდა, მხოლოდ მას შეეძლო ბავშვამდე მივეყვანეთ, მაგრამ ჯერჯერობით არც ის ჩანდა.
მეორე დილითაც იქ ვიყავით, როდესაც ვიღაცამ დაიძახა, ლუკას ძაღლი გამოჩნდაო და მართლაც დავინახეთ, როგორ მორბოდა ტყიდან "გახარებული" მურა კუდის ქიცინითა და ყეფით. ალბათ ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი სამშვიდობოს, უკვე საიმედო ხელში იყო. მალევე გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში აყვანილი, უვნებელი ბავშვი მოჰყავდა. ამხელა კაცი ვარ და... ცრემლები ვერ შევიკავე. ყველანი ამ დღეში ჩავვარდით.
- ეს კაცი შემთხვევით წააწყდა ბავშვს?
- კაცი მათი თანასოფლელი ყოფილა, ძაღლის ყეფას გაჰყოლია და ასე უპოვია ერთმანეთს ჩახუტებული ლუკა და მურა. გაგრძელება