რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის პრობლემებზე ბავშვებსა და ორსულებში? - ექიმის რჩევები - მშობლები

რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის პრობლემებზე ბავშვებსა და ორსულებში? - ექიმის რჩევები

2016-06-18 05:21:03+04:00

როგორ უნდა დაიცვათ სწორად ჰიგიენა და წესები, როგორ უნდა დაიბანოს სწორად ბიჭმა და გოგომ რა ჩივილებით გამოიხატება თირკმლის პრობლემები ბავშვებსა და ორსულებში და რას უნდა მიექცეს ამ დროს აუცილებლად ყურადღება, ამ თემებზე გვესაუბრება კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი-უროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი.

- დღესდღეობით ყველაზე ხშირად რა ჩივილებით და პრობლემებით მიმართავენ პაციენტებიუროლოგს?

- რთულია ამაზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა, შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები60-70 წლის ზემოთ ძირითადად შარდვის პრობლემებით მოდიან, რომელთაც პროსტატის გადიდებით განპირობებული მოშარდვის დარღვევას სდევს. ასეთი სიმპტომები უხშირესად პროსტატის კეთილთვისებიანი პროცესითაა გამოწვეული, თუმცა შესაძლოა იყოს პროსტატის კიბოს გამოც. რაც შეეხება ქალებს, ხშირია საშარდე გზების ინფექციები, ასევე კენჭოვანი დაავადებები, ბავშვების შემთხვევაშიც ხშირია საშარდე გზების ინფექციები, რადგან ჩვენ ბევრ რამეს ვცოდავთ და არ ვასწავლით მათ, როგორ უნდა ჩაიბანონ, დაიცვან ჰიგიენა, ბევრმა მამაკაცმა არ იცის, რომ დაბანის დროს ჩუჩა მსუბუქად უნდა გადაწიოს და ასოს თავი დაიბანოს, მეტსაც გეტყვით. დაბანა და დარჩენილი სმეგმის ნაწილების მოშორება (იმ საპოხი მასალის, რაც ხელს უწყობს ჩუჩის გადასვლას), შარდის ნაწილაკებთან ერთად აუცილებელია ყოველ დილა-საღამოს. ასევე გოგონებმა მოშარდვისა და ნაწლავების მოქმედების შემდეგ. აუცილებლად უნდა გაიმშრალონ ზემოდან ქვემოთ და არა ქვემოდან ზემოთ, ანუ წინიდან უკან. როცა გოგონები/ქალები ამას არასწორად აკეთებენ, ეს საშარდე გზების ნაწლავის ფლორით დაბინძურების გამო მორეციდივე ინფექციების მიზეზი ხდება. სითხის მიღებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხოველმყოფელობისთვის საჭიროა ორ ლიტრამდე სითხის, წყლის სახით მიღება, რაც ორგანიზმიდან შლაკების გამოტანას უწყობს ხელს.

- რა იწვევს ორსულებში თირკმელების დაავადებებს და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?

- ძალიან ხშირია ეგრეთწოდებული გესტაციური პილონეფრიტი, რაც დაკავშირებულია ორსულის საშვილოსნოს ზეწოლის შედეგად შარდსაწვეთების და საშარდე სისტემის ბლოკირებასთან, შარდის ჩამოსვლის დაბრკოლებასთან, რის შედეგადაც შარდი შეგუბდება თორკმელებში და იწვევს ტკივილს, ტემპერატურის მატებას. ეს ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს, დიაგნოსტიკა ხდება ექოსკოპიური კვლევით და დგინდება, არის თუ არა ზეწოლა. თუ არის ზეწოლა, ამ შემთხვევაში ეფექტურია რომ ორსული დადგეს მუხლებზე და იდაყვებზე. ამ დროს , ორსულის საშვილოსნო დაეკიდება წინ, აღარ დააწვება საშარდე გზებს, არ გამოიწვევს შეგუბებას. აი ასეთი მარტივი ვარჯიშის სისტემატური კეთებით ძალიან მარტივად შეიძლება პრობლემის მოგვარება, ასე რომ, როცა პაციენტი მოგვმართავს ამ ჩივილებით, ვურჩევთ, რომ ტკივილის ან ჭვალის მოსახსნელად პირველ რიგში ვარჯიშის გზას მიმართოს.

- რა სიხშირით შეიძლება ორსულთათვის ამ ვარჯიშის გაკეთება?

- თუ არსებობს შეგუბების საშიშროება და ხიფათი, ეს ვარჯიში უნდა აკეთოს რეგულარულად, მშობიარობამდე. ცალკეულ შემთხვევაში მედიკამენტური და ზოგჯერ ინსტრუმენტული დახმარებაც ხდება საჭირო. მაგრამ ეს უკვე გართულებულ შემთხვევებს ეხება.

- რა თავისებურება აქვს ტკივილს კენჭოვანი დაავადებების დროს ბავშვებში?

- ბავშვებში ცოტა რთულადაა. მოზდილებისგან განსხვავებით, ბავშვებში უმეტესად ვლინდება მუცლის ტკივილით, ამიტომ ყოველთვის, როცა ბავშვი მწვავე მუცლის ტკივილზე მიუთითებს, ექოსკოპიური კვლევა გვეხმარება დავსვათ სწორი დიაგნოზი და მკურნალობას მივცეთ სწორი მიმართულება. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვახსოვს წარსულში და სამწუხაროდ, დღესაც გვხვდება ასეთი რამე, თუ ექიმი კარგად არ ჩაუღრმავდება და დაწვრილებით არ გამოკითხავს პაციენტს, შესაძლოა არასწორი დიგნოზი დასვას. ყოფილა შემთხვევები, როცა გაუკეთებიათ მწვავე აპენდიციტის ოპერაცია მარჯვენა მხარეს, ოპერაცია არ ყოფილა დამთავრებული, რომ პაციენტს ისევ დაწყებია ტკივილი, ანუ ტკივილის მიზეზი იყო შარდსაწვეთში ჩაჭედილი კენჭი. თუ კარგად გამოკითხავ პაციენტს, კარგად მოუსმენ და შეაფასებ ყველა იმ სიმპტომს, რომელსაც პაციენტი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, თუ მას გადმოცემა შეუძლია, დავსვამთ სწორ დიაგნოზს. თუ ის გვეუბნება, რომ ტკივილი დაეწყო წელის არეში, ამჟამად მას აქვს სათესლე ჯირკვალში ელვისებური გადაცემითი ტკივილი, შარდავს ხშირად , მცირე ულუფებით, ანუ აქვს დაუკმაყოფილებელი შარდვის აქტი ამ სიმპტომებით შეიძლება ივარაუდო, რომ მას აქვს კენჭი შარდის ბუშტთან ძალიან ახლოს, ეს შემდეგ ექოსკოპიური ან რენდგენოლოგიური კვლევით ხშირად დასტურდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სწორად თუ შეაფასებ ანამნეზს, შესაძლოა ზუსტი დიაგნოზი დასვა და სწორად უმკურნალო პაციენტს.

მერი ბლიაძე